Accessibility links

15 აგვისტო, კვირა
შაბათის ღამის 12 საათს რომ გადასცდა, სამუშაოს ჯერ კიდევ ვაგრძელებდი. ბუბუ აპროტესტებს: ბურთს წინ მიდებს და თვალებში მიყურებს, სათამაშოდ უნდა გასვლა. ბუბუ ორი წლის ინგლისური კოკერსპანიელია, რომელსაც, სხვა სპანიელების მსგავსად, ჰუმანური მოსაზრებებით კუდი არ მოვაჭერით. ბუბუ მართალია - რა დროს მუშაობაა ამ შუა ზაფხულში?! სამწუხაროდ, მე და ნინოს დასვენების დაგეგმვაც არ გვიფიქრია.

სიტყვა „წავედით“ ბუბუმ კარგად იცის, მის გაგონებაზე მთელი რიტუალი აქვს: უცნაურ ხმებს გამოსცემს, ხტუნაობს, თავისი საყელო და ჩემი ფეხსაცმელი მოაქვს. გუშინ „წითელ ზონაში“ ფილმი იყო ცხოველების უფლებების დაცვაზე და Facebook-ში აქამდე არ წყდება მისი გარჩევა. ამ თემაზე დისკუსიის დროს ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რა დროს ცხოველების და გარემოს დაცვაა, ადამიანები მშივრები არიანო?! ნუთუ არ შეიძლება, ადამიანზეც შეგტკიოდეს გული და ოთხფეხზეც? არ მჯერა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ამის მთქმელმა მოყვასის მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა შეძლოს.

ბუბუმ ვერის ბაღში საათნახევრიანი წარმოდგენა მოაწყო ჩოგბურთის ბურთით. სამი იყო დაწყებული, სახლში რომ დავბრუნდით. სამაგიეროდ, დილას გვიან ავდექით. მეტი ძილი შვებულების არქონის ერთგვარი კომპენსაციაა. დილა ისევ ვერის ბაღით იწყება. ბაღი ნაგავს მიაქვს. ქართველებს ბუნებაში ქეიფი გვიყვარს, ჰოდა გაზონებიც მოფენილია პლასტმასის ბოთლებით, ჭიქებითა და პარკებით. მიუხედავად იმისა, რომ ბაღში დასუფთავების რამდენიმე აქცია მოეწყო და მას ყოველდღე ალაგებს ხელფასიანი მებაღე, მაინც სიბინძურეა. განსაკუთრებით, ღობის გადაღმა, კორტებისკენ. ვერის ბაღში დაცვა მორიგეობს, მაგრამ ამბობენ, რომ არ აქვთ ჭამა-სმისა და ნაგვის დაყრის აკრძალვის უფლება, შესაბამისად ვერც აჯარიმებენ.

თბილისში პრობლემაა არა მხოლოდ მწვანე ზონების სიმცირე, არამედ მათი ხარისხიც. რუკაზე „მწვანე ზონა“ კი ჰქვია, მაგრამ, ძირითადად, გადამხმარი ბალახი, გაქუცული ბუჩქები და გამხმარი ხეებია. ბოლო დროს მერიამ ქალაქსა და გამწვანებაზე ზრუნვის სადემონსტრაციოდ ვერაზე სკვერები განაახლა. გარეგნულ მხარეს არ შევეხები (გემოვნებაზე არ დავობენო), მაგრამ გამწვანებაში ამდენი ბეტონის გამოყენება მწვანე საფარს ამცირებს და ქუჩებს უფრო აცხელებს.

დღის მეორე ნახევარი საოჯახო საყიდლებს მიეძღვნა. მერე მე და ნინომ ერთმანეთს საჩუქრები ვუყიდეთ. „ლივერპული“ – „არსენალის“ დაწყებას ვერ მივუსწარი. საღამოს ლევან ბუთხუზი და ირაკლი შავგულიძე გამოჩნდნენ – იმ დღეს ჩამოვიდნენ კანარის კუნძულებიდან. საღამოც ასე შედგა: მეგობრები, შარდენი, სასაცილო ამბები.

16 აგვისტო, ორშაბათი
სამსახურში დილა ახალი გაზეთებით იწყება. ეკონომიკის სამინისტრო ხე-ტყის დამზადების ახალ აუქციონს აცხადებს. რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ სალიცენზიო პირობების დახვეწასაც მივაღწიეთ და 2009-10 წლებში ლიცენზიების გაცემაც კანონის დაცვით მიმდინარეობდა. მაგრამ ამ ზაფხულიდან ისევ დაიწყო უკანონობა: მთავრობამ გარემოს დაცვის სამინისტროს ტყის ინვენტარიზაციისთვის ფული არ გამოუყო; შედეგად, ტყის რესურსებს ისევ შეუფასებლად ჰყიდიან, გადაწყვეტილება ისევ გაუმჭვირვალედ მიიღება. წინა წლების დარღვევების გამო, მორიგი სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს გვაქვს ჩანიშნული. ახალ აუქციონებზე საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვო. როგორც ჩანს, ახალი საქმის აღძვრა მოგვიწევს; პარალელურად დავიწყებ საჩივრის წერას კონტროლის პალატისთვის. რა გამოვაო, გვეუბნებიან ხოლმე, მაგრამ ვთვლი, რომ თუ არ სცადე, ვერასოდეს გაიგებ, გამოვა თუ არა. თანაც, არცთუ ცოტა რამ შევცვალეთ ამ ბოლო დროს...

დილას ჟურნალისტი მოდის, მესტიაში სათხილამურო კურორტის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები აინტერესებს. სვანეთში თვის დასაწყისში ვიყავი, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. მოსახლეობა თვლის, რომ მათთვის ცარისტული რუსეთისა და საბჭოთა ოკუპაცია არ დასრულებულა, ვინაიდან მამაპაპისეული მიწები ჯერაც სახელმწიფოს ხელშია. მათ უკითხავად, იქ რუსები ტურბაზებს აშენებდნენ, ახლა კი საბჭოთა დროს შეწყვეტილი სათხილამურო კურორტის მშენებლობა განაახლეს. მესტიელები ამბობენ, რომ ბოლო ორი წელია, სათიბ-საძოვრების დარეგისტრირების მსურველებს უარით ისტუმრებენ. რეგისტრაციის გარეშე კი ის მიწა, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ, მათი არაა. სვანებს უსამართლოდ მიაჩნიათ შეთავაზებული კომპენსაციაც, - ერთჯერადად, სამი ლარი ერთი კვადრატული მეტრის სანაცვლოდ - მაგრამ ეშინიათ, რომ ამასაც დაკარგავენ და თანხმდებიან. ეს დეტალები თბილისში არავინ იცის. სამაგიეროდ, თბილისელებმა იციან, რომ იქით კვირაში მუსიკალური ფესტივალია მესტიაში. არ იციან, რას ფიქრობენ ამაზე მესტიელები და არც აინტერესებთ. იციან, რომ მესტიაში ჰოკეის მოედანი და სათხილამურო ტრასა იქნება. არ იციან, რომ მესტიაში ნაგავსაყრელი არ არის და თითოეული ტურისტი მხოლოდ იქ ყოფნის ფაქტით ზიანს აყენებს სვანეთის ბუნებას. იციან, რომ მალე მესტიას ახალი ფასადები ექნება. არ იციან, რომ ცუდი პირობების გამო ათასობით უნიკალური ხატი და ხელნაწერი დღითიდღე ნადგურდება მუზეუმებსა და ეკლესიებში...

საღამოს ახალი ამბები ჩავრთე. სვანეთის ტურისტული აღმშენებლობა მთავარი თემაა: გამგებელი, მინისტრი, პრეზიდენტი. არც ერთი ჟურნალისტი არ დაინტერესდა, რას ფიქრობს ამაზე ხალხი.

17 აგვისტო, სამშაბათი
დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. ახლა ის სოფელშია, ერთი თვის წის ჩემი დისშვილები წაიყვანა დასასვენებლად. ძალიან ვწუხვარ, რომ ჯერჯერობით ვერ ჩავდივარ და მხოლოდ ტელეფონით ვულოცავ. ბოლო წლებია სოფელში, კორბოულში ჩასვლას ერთი კვირითაც ვეღარ ვახერხებ. არადა, ბავშვობაში და სტუდენტობისას, თვეობით იქ ვიყავი ხოლმე, მთელი ნათესაობა ვიკრიბებოდით. ყველაზე უკეთ იქ ვისვენებ. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული სილამაზის მთები და უღრანი ტყეებია, წესიერი მდინარეც კი არ არის, მაგრამ მაინც... არაიქაურისთვის აუხსნელია...

ამ სემესტრში წასაკითხი ლექციების სილაბუსები მომყავს წესრიგში. ილიაუნის ახალდაარსებული „გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის“ პროგრამებზე ვმუშაობ.

თბილისში ცხელა. ჟანგბადი არ არის. ყველგან ცხელა საქართველოში. ამ დროს ჯავახეთში უნდა იყოს კაცი, მადატაფაზე. ჩრდილოეთის მხარეს ტბასა და მთას შორის, ნახევარკუნძულზე ვდგამდით ხოლმე კარავს. მე მგონი, ამ ტბის გარშემო სოფლები უშგულზე მაღლა უნდა იყოს. უამრავი ფრინველი იქნება ამ დროს. ჯავახეთი უნიკალური ადგილია – ევრაზიის გადამფრენი ფრინველების მეხუთედი ჯავახეთის ტბებით სარგებლობს მიგრაციის დროს. ფრინველების ასეთი სიუხვე მხოლოდ ზღვის სანაპიროებისთვის არის დამახასიათებელი. სამცხე-ჯავახეთი არის ბიომრავალფეროვნების ორი ცხელი წერტილის შესაყარი: კავკასიისა და ირან-ანატოლიის. მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების სულ 34 ცხელი წერტილია და, როგორც წესი, ტროპიკებში.

რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ერთად ჩავიდა ჯავახეთში, ლაპარაკობდა სათხილამურო კურორტის აშენებაზე. მერე გარემოს დაცვის სამინისტროში იყო მისული და დაავალა ტყეების გაშენება ფარავნის სანაპიროზე. სამწუხაროდ, პრეზიდენტს ვერავინ უთხრა, რაში მდგომარეობს ჯავახეთის ტბების უნიკალურობა და რა პოტენციალი აქვს მათ ეკოტურიზმის თვალსაზრისით.

რამდენიმე თვის წინათ, გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტი ჯავახეთის ტბების საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიების სიაში შეტანის თაობაზე, მთავრობის სხდომაზე დაიბლოკა იმ საბაბით, რომ იგეგმება საღამოსა და ფარავნის ჰესების აშენება. არადა, ფარავნის ჰესი დაგეგმილია მდინარე ფარავანზე, ტბა ფარავნიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, ხოლო საღამოს ჰესი – ტბიდან ასევე საკმაოდ მოშორებით, სოფელ არაკალთან. უცნაურია, რომ სამინისტროები საკუთარი თანამშრომლების მომზადებულ დოკუმენტებსაც არ იცნობენ და სხვებსაც ვერ აგებინებენ. ტურიზმის განვითარება კი კარგია, მაგრამ მეჩვენება, რომ სწორი გზით არ მივდივართ. სვანეთში და ჯავახეთში ვაშენებთ სათხილამურო კურორტებს, ანაკლიაში - საზღვაოს და ა.შ. ფინანსების ეკონომიისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, ალბათ, აჯობებდა ბუნებისაგან ბოძებული უნიკალური შესაძლებლობების გამოყენება და ეკოტურიზმის განვითარება.

საღამოს მე და ნინო ტბაზე ავედით. ცოტა ხანში წვიმა და ჭექა-ქუხილი დაიწყო. თვეზე მეტია, არ უწვიმია. კაფეს შევაფარეთ თავი. მეგობრები, ნანა და სოფო, შემოგვიერთდნენ. ბუბუმ იქაც ტრიუკები ჩაატარა ჩოგბურთის ბურთით – კაფეს ყველა სტუმარს თუ თანამშრომელს უგორებდა და სათამაშოდ იწვევდა. მერე ისევ მეგობრებთან - ლაშასთან და ნინოსთან წავედით, საქართველო-პოლონეთის საკალათბურთო მატჩის საყურებლად. წავაგეთ, მაგრამ ღირსეულად. წაგების სიმწარე კონიაკმა შეგვიმსუბუქა. როგორც ძველ მეგობრებს სჩვევიათ, უამრავ თემას გადავწვდით: შარშანწინდელი ომი, „იმედის“ იმიტირებული ომი, კინოს ახალი რეპერტუარი, სკოულზის პასით გიგზის გატანილი გოლი „ნიუკასლთან“ გუშინდელ თამაშში.

18 აგვისტო, ოთხშაბათი
დილიდან ვცდილობ დავადგინო, უშველა თუ არა წუხანდელმა წვიმამ აწყურის ტყის ხანძრებს. შემდეგი კვირისთვის ვგეგმავ საველე სამუშაოსაც. დასაზუსტებელია, რამდენადაა დაკავშირებული ტყის ხანძრები ტყის ჭრასთან. 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის სახლების ასაშენებლად უფრო მეტი ხე-ტყე მოიჭრა, ვიდრე ამ ომის დროს ხანძარმა გაანადგურა. თანაც ისე მოიჭრა, რომ უაღრესად ხანძარსაშიში ვითარება შეიქმნა. რამდენიმე დღით ადრე, სანამ ამ ტყეებს დევნილთა სახლების აშენებისთვის გამოუყოფდნენ მშენებელ კომპანიას, კერძო პირს მიჰყიდეს 20-წლიანი ლიცენზიით. ასანთიც არ უნდა, შეიძლება სირცხვილისგან დაიწვას ტყე... გაზეთში ახალი განცხადებაა: ერთ-ერთი ტყის აუქციონი ჩაიშალა განაცხადების არარსებობის გამო.

დღეს შეხვედრები მქონდა რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის ოფისში. ამ ორგანიზაციის სათემო ტყეების პროექტის კოორდინატორი ვარ. ჯერ ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან მქონდა შეხვედრა, მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ. შემდეგ მეტყევეებთან ერთად ვგეგმავდით მომავალ სამუშაოს. კომპიუტერი სახლში მომაქვს და მუშაობას ვაგრძელებ. ნინო ჩემი უყურადღებობით უკმაყოფილოა, ბუბუც. ჩემპიონთა ლიგა მაქვს ჩართული, მაგრამ ვერ ვუყურებ. პირველი ხდება, უნდა გავისეირნოთ ვერის ბაღში.

19 აგვისტო, ხუთშაბათი
ფერისცვალებაა. ამ დროს სოფელში მაყვლით დავითხვრიდით ხოლმე თავ-პირს. დიდრონი მაყვალი იცოდა ჩვენს ეზოში.
მთელი დღე სამსახურში ახალი პუბლიკაციების ტექსტს ვარედაქტირებ. ვმუშაობ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების კომპენსაციის საკითხებზე. ბევრი რამაა გაუგებარი: რისთვის შედგა ბუნებისთვის მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია, თუ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში არ გამოვიყენებდით? 2008 წლის შემოდგომაზე შედგა ბუნების დაცვის მსოფლიო კონგრესი, რომელზეც საქართველოდან ჩავიდა დელეგაცია გარემოს დაცვის მინისტრის მეთაურობით. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო რეზოლუციის მიღება რუსეთის მიერ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის მიყენებული ზიანის შესახებ. რა უცნაურიც უნდა იყოს, სამინისტროდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციიდან ვხედავ, რომ, სამთავრობო დელეგაციას კონგრესზე არც რაიმე დოკუმენტები ჩაუტანია და არც სიტყვით გამოსულა ვინმე. სამწუხაროდ, ისევ მიწევს სახლში კომპიუტერის წაღება და გვიანობამდე მუშაობა.

20 აგვისტო, პარასკევი
დღის პირველ ნახევარში ვმუშაობ ვარაზისხევი-თამარაშვილის შემაერთებელი ავტომაგისტრალის საკითხზე. ჩავდივარ ფოტოების გადასაღებად. მერე ჟურნალისტს ინტერვიუს ვაძლევ. ეს საკითხი მერის არჩევნების დროს ზედმეტად პოლიტიზებული იყო. მმართველ პარტიას არჩევნების სავიზიტო ბარათად ჰქონდა, შესაბამისად, ოპოზიცია კრიტიკის ქარ-ცეცხლს არ აკლებდა, კლდის დანგრევისა და მდინარის გვირაბში მოქცევის გამო ეკოლოგიურ კატასტროფას წინასწარმეტყველებდა. რას ამბობთ, უამრავ ხეს დავრგავთო! - უპასუხებდა მერია. ძალიან დიდი დაკვირვება არ უნდა, რომ შეამჩნიო: ის კლდე გასულ საუკუნეში ვაკე-საბურთალოს გზის მშენებლობისას გაანგრიეს, ხოლო მდინარე ვერე კიდევ უფრო ადრე მოაქციეს გვირაბში ზოოპარკსა და მტკვარს შორის მონაკვეთზე, დანარჩენ პერიმეტრზე კი ის ბეტონის ღარში გადიოდა. არჩევნების მერე ეს „ეკოლოგიური კატასტროფა“ არავის გახსენებია. არც ხეების დარგვა. არადა, ძირითადი ეკოლოგიური პრობლემა - მდინარის დაბინძურება კანალიზაციითა და სამრეწველო წყლებით - ისევ დარჩა. ჩვენი ქვეყნის უბედურება ისაა, რომ რაღაცის (ამ შემთხვევაში თბილისის) სიყვარულით კი არ კეთდება საქმე, არამედ - ვიღაცის ჯიბრზე. ოპოზიციის ჯიბრზე 26 მაისისთვის სასწრაფოდ დაასრულეს გზის მშენებლობა, ამ დღეებში კი მოძრაობის გამყოფი ბორდიურები აიღეს, ლამპიონები მოთხარეს და იმ კლდის ნგრევა დაიწყეს, რომელიც გზის გახსნის მომენტისთვის არასაკმარისად იყო ჩამოჭრილი, და ეს ქვის ცვენის საშიშროებას ქმნიდა. ყიფშიძისა და ხილიანის მოსახლეობას გამთენიიდან დაღამებამდე ხმაურისა და მტვრის ატანა უწევს, თითქოს ის არ ეყოფოდათ, რომ თვეობით არ აძინებდნენ გზის მშენებლები, რომლებიც ოთხ ცვლაში მუშაობდნენ, რომ გზა არჩევნებამდე გაეყვანათ. ქალაქის სიყვარულით რომ გაკეთებულიყო და არა საარჩევნოდ, პოლიტიკური მოწინააღმდეგის ჯიბრზე, ჯერ კლდეს ჩამოჭრიდნენ, დღის საათებში იმუშავებდნენ (რომ მოსახლეობა ნაკლებად შეწუხებულიყო), კანალიზაციასაც მოუვლიდნენ და ფულიც ნაკლები დაიხარჯებოდა.

დღის მეორე ნახევარში შევხვდი რექტორს, გიგი თევზაძეს. უნივერსიტეტში გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის შექმნაზე და პროგრამების მოდიფიცირებაზე ვიმსჯელეთ. ვეცადე, შვიდისთვის სახლში ვყოფილიყავი - საქართველო-ბელგიის საკალათბურთო მატჩისთვის. დამაგვიანდა... წავაგეთ სასტიკად! არა უშავს, კაი ბიჭები არიან...

21 აგვისტო, შაბათი
დილას ბუბუსთან ერთად ვერის ბაღი მოვიარე. „თავისუფლებაში“ ჩაწერამდე დრო მაქვს და მინდა გავარკვიო ერთი ფრაზის მნიშვნელობა, დილასაც რომ მოვკარი ყური. ბოლო დროს ამ ფრაზამ უკვე ტვინი წაიღო, უთო რომ ჩართო, გაიგონებ. „რუსეთის მიმართ ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკა საქართველოზე გავლენას არ იქონიებს“.
აშშ-რუსეთის ურთიერთობათა გადატვირთვის სიმბოლური ღილაკი

„მოვგუგლე“. საქმე ასე ყოფილა: 2009 წლის 6 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ჟენევაში შეხვედრიან ერთმანეთს. კლინტონს, ორ ქვეყანას შორის უფრო მეგობრული ურთიერთობის შეთავაზების ნიშნად, რუსისთვის გადაუცია პატარა ყუთი, რომელზეც სიმბოლური ღილაკი იყო წარწერებით „RESET“ და „PEREGRUZKA“. ლავროვს თითი კი დაუჭერია, მაგრამ მერე უთქვამს, „reset“ რუსულად „перезагрузка“ არისო, ეს თქვენი „PEREGRUZKA“ კი „overcharged“-ს ნიშნავსო. მოკლედ, ის, რაც ამერიკისთვის დაძაბულობის განმუხტვას ნიშნავდა, რუსეთისთვის „ზღვრული დაძაბვა“ გამოვიდა. ამ თემაზე პოლიტიკოსებს მთელი თეორიებიც აუგიათ: სპეციალურად გაუკეთესო, ფარული აზრიო... ჩემი ცნობისმოყვარეობისთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს: მართალაც, „გადატვირთვა საქართველოზე გავლენას არ იქონიებს“, ვინაიდან overcharge, перегрузка, reset, перезагрузка ქართულად ერთნაირად ითარგმნება – „გადატვირთვა“.

ესეც ასე, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს. წავედი ჩაწერაზე.
XS
SM
MD
LG