Accessibility links

logo-print

გენერალი პეტრეუსი: ნატო თალიბანთან ბრძოლაში უპირატესობას დაიბრუნებს


აშშ-ისა და ნატოს ჯარების მეთაური გენერალი დევიდ პეტრეუსი

აშშ-ისა და ნატოს ჯარების მეთაური გენერალი დევიდ პეტრეუსი

BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ თალიბანის საბრძოლო აქტიურობა ავღანეთში შექცევადი ხდება და რომ დასავლეთის ჯარები გააგრძელებენ წარმატებით სვლას.

თალიბანის ჯარის მიერ მიღწეული აქტიურობა, გენერალ პეტრეუსის თანახმად, ავღანეთის არაერთ არეალში უკვე შეჩერებულია. გენერლის თქმით, დასავლეთის ჯარი იმაზე მუშაობს, დაიკავოს არაერთი რეგიონი, სადაც თალიბანი წარმატებული იყო წლების განმავლობაში. BBC-ისთან საუბარში გამოთქმული პეტრეუსის პროგნოზით, საერთაშორისო არმია გააგრძელებს მოწინააღმდეგის წარმატების შეჩერებას, მაგრამ ეს ცხარე ბრძოლის გზით გახდება შესაძლებელი. ქაბულში მუშაობს ავღანელი მიმომხილველი ვაჰიდ მოზდაჰი, რომელიც თალიბანის რეჟიმის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მისი შეფასებით, პეტრეუსის გამონათქვამები განკუთვნილია აშშ-ის პუბლიკისთვის და არ ასახავს რეალურ ვითარებას ავღანეთში: „ჩემი აზრით, ამერიკელები ახლა ცდილობენ თავიანთი ხალხი დაარწმუნონ, რომ ავღანეთში ვითარების გამოსწორებას აღწევენ. ასეთი შეფასებების მთავარი მსმენელი აშშ-ის მოსახლეობაა, მაგრამ ავღანეთში ხალხი ვერ ხედავს, რომ თალიბანი მარცხდება.“

მოზდაჰი, თალიბანის რეჟიმის შესახებ წიგნის ავტორი, ამბობს, რომ დასავლეთის არმიის იერიშის გაძლიერება ზოგიერთი ავღანელის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ამას სამოქალაქო მოსახლეობისთვის მეტი ზარალი მოაქვს, ვიდრე მეამბოხეთათვის.

გენერალმა პეტრეუსმა თავისი წინამორბედის, გენერალ მაკკრისტალის მიერ წამოწყებული ღონისძიებები, სამოქალაქო მოსახლეობაში დასავლეთის საავიაციო თავდასხმებისა და არტილერიის მსხვერპლის შემცირების მიზნით, უფრო გაამკაცრა. მშვიდობიან მოსახლეობაში დახოცილთა რიცხვის შემცირების მიუხედავად, ამის სრულად აღმოფხვრა ვერ ხერხდება, რაც ავღანელთა ემოციებზე ძლიერ გავლენას ახდენს. მოზდაჰის თქმით, მაკკრისტალის დროს დაწყებული ეს მცდელობა, რითაც ავღანელთა გულის მოგება სურდათ, მთლიანად ვერ განხორციელდა და დასავლეთის ჯარი განაგრძობს ინტენსიური ცეცხლის გამოყენებას მოწინააღმდეგის მიმართ: „ამერიკა ავღანეთში ბნელში დააბოტებს. დღეს ერთს ამბობენ და ხვალ მეორეს. ყველა, ვინც აქ ჩამოდის, ამბობს, რომ თალიბანს დაამარცხებენ. მაგრამ თალიბანი ქაბულის კარს მოადგა. სად არის თალიბანის ის მარცხი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვგრძნობთ?“

პეტრეუსმა ამ ინტერვიუში გაიმეორა თავისი აზრი ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადების თაობაზე. მან თქვა,რომ 2011 წლის ივლისი ის თარიღია, როცა მხოლოდ დაიწყება პროცესი და არა თარიღი, როცა აშშ-ის ჯარი ავღანეთიდან ერთბაშად წავა და საბოლოოდ დატოვებს ქვეყანას.
XS
SM
MD
LG