Accessibility links

logo-print
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. სახალხო დამცველი სამინისტროს მოუწოდებს, თბილისში, საყვირის ქუჩაზე, და ასევე ფოცხოეწერის დასახლებაში განსახლებულ დევნილებს მალე შეუქმნას ადეკვატური საცხოვრებელი პირობები. ამ დასახლებებში ის დევნილები არიან განაწილებული, რომლებიც უკანასკნელ დროს ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქისა და ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობებიდან გამოასახლეს. რა პირობებში უწევთ ცხოვრება საყვირის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს და რა პასუხი აქვთ სამინისტროში ამ კითხვაზე?

საყვირის ქუჩაზე როცა გადაიყვანეს დევნილები, იქ კარ-ფანჯარაც კი არ იყო ჩასმული და მიმდინარეობდა რემონტი ...
თბილისში, საყვირის ქუჩაზე მდებარე ნახევრად დანგრეულ შენობაში ის 38 ოჯახი შეასახლეს, რომელიც 14 ივნისს ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს შენობიდან გამოასახლეს. სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ”მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა შესახლებიდან 2 თვე გავიდა, საყვირის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები კვლავ მძიმე რჩება”, სარემონტო სამუშაოები კი შეჩერებულია.

ომბუდსმენი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ რეალურად დევნილებისათვის საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა, რაც კანონდარღვევაა.

”საყვირის ქუჩაზე როცა გადაიყვანეს დევნილები, იქ კარ-ფანჯარაც კი არ იყო ჩასმული და მიმდინარეობდა რემონტი, რომელიც მერე შეჩერდა და ახლა ჩვენ ვითხოვთ, რომ რემონტი გაგრძელდეს და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ გადაიყვანეს, შეუქმნან სათანადო საცხოვრებელი პირობები, ანუ ეს ობიექტი არანაირად არ იყო მზად ადამიანების მისაღებად. კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ დევნილს არ უნდა გაუუარესდეს საცხოვრებელი პირობები მისი გადაყვანის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შედეგად. მოვითხოვ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ მდგომარეობის გამოსწორება”, - აცხადებს ომბუდსმენი გიორგი ტუღუში.

შენობაში, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ მას თავად დევნილები აწარმოებენ. შენობის ფასადის კედლები აგურისაა, შიდა კი - თაბაშირ-მუყაოსი, ფანჯრები - ძველი. სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშში კი წერია, რომ შენობაში ასევე დაზიანებულია იატაკი და სახურავიც. საცხოვრებლად გამოყოფილ ოთახებში ღია წესით მოწყობილია საპირფარეშო, რომელიც თავად დევნილებმა ფარდებით და კარადებით გადატიხრეს. დერეფნებში ყრია სამშენებლო ნარჩენები, დგას მტვერი.

ინგა ხაჩიძე, რომელსაც 3 კვირის ტყუპები ჰყავს, 48 კვადრატულ ფართში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობს:

”საშინელი პირობებია... მტვერი, სიბინძურე სულ ოთახში შემოდის. დანარჩენი რა გითხრათ? ხედავთ, რომ უნიტაზი საცხოვრებელ ოთახში დაგვიდგეს. ჩვენ გადავტიხრეთ ფიცრებით. სადაც ვჭამთ, სადაც გვძინავს, ბავშვებს სძინავთ, ყველაფერი ერთ ოთახშია. მართლა როგორც ლტოლვილები, ისე ვცხოვრობთ. ”

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალიკო კოპალეიშვილი ამბობს, რომ დევნილებს ის შესთავაზეს, რაც შეეძლოთ, არჩევანი კი თავისუფალია:

”შეთავაზება არის იმის მიხედვით, რისი შესაძლებლობებიც გვაქვს. თუ ისურვებს დევნილი იქ ცხოვრებას, ეს უკვე მის არჩევანზეა და ამით გამოხატავს თავის ნებას.”

დევნილები კი საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გაუარესდა მათთვის პირობები. ყოფილი ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს ტერიტორიაზე, სადაც ისინი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, გაცილებით უკეთესი პირობები ჰქონდათ.

დევნილები ცხოვრობდნენ კერძო საკუთრებაში, მათი იქ ცხოვრების შესაძლებლობა არ იყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ დევნილებს შესთავაზა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში ...
”მაშინ არ მიგრძვნია დევნილობა, ახლა კიდევ ისეთი დამცირებული ვარ... იქ ბოსტანი მქონდა, ქათმები მყავდა, ვცხოვრობდით როგორღაც. ყველაფერი დაგვატოვებინეს, სექტემბრამდე არ გვადროვეს, უცებ აგვყარეს. არადა, იქ არაფერი არ ხდება. 5 დღეში მოგვსპეს და გაგვანადგურეს”,- ამბობს დევნილი ლია დევდარიანი.

კითხვას, თუ რატომ იჩქარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დევნილების ნახევრად გარემონტებულ შენობაში გადმოყვანა, სამინისტროს წარმომადგენელი ვალერი კოპალეიშვილი უპასუხებს, რომ ის შენობა კერძო საკუთრება იყო და მის მფლობელს მისი გამოყენების საშუალება უნდა მისცემოდა.

”დევნილები ცხოვრობდნენ კერძო საკუთრებაში, მათი იქ ცხოვრების შესაძლებლობა არ იყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ დევნილებს შესთავაზა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში, იქ მოწესრიგდა აუცილებელი კომუნიკაციები. ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომ დევნილები ცხოვრობდნენ ადეკვატურ საცხოვრებელ პირობებში”, ამბობს ვალერი კოპალეიშვილი.

კითხვას, მიაჩნია თუ არა მას, რომ დევნილების ხელახალი განსახლებით დევნილთა მდგომარეობა გაუარესდა, ვალერი კოპალეიშვილი ასე უპასუხებს:

”ანუ დევნილები ცხოვრობდნენ სხვის საკუთრებაში. ეს არ იყო მათი საკუთრება. როგორ შეიძლება ადამიანს საკუთრება შესთავაზო და უარეს მდგომარეობაში იყოს, იმ დროს როდესაც, რაც საჭიროებებია, იმის მოგვარებაც და რეაბილიტაციაც ხდება.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG