Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პედაგოგთა შემცირება ქუთაისში


ქუთაისის #15 საჯარო სკოლა
ქუთაისის #15 საჯარო სკოლა
ქუთაისელ პედაგოგთა დიდი ნაწილი ერთიანი ეროვნული სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების მოლოდინშია. სავარაუდოდ, გამოცდების შედეგები იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისა, თუ პედაგოგთა რა ნაწილი გააგრძელებს სკოლაში მუშაობას ახალი სასწავლო წლიდან.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ივნისის ბოლოს ყველა სკოლაში პედაგოგებმა შესაძლო გათავისუფლების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს. მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა სამსახურიდან დათხოვნის წერილობითი ცნობაც მიიღო, თუმცა დღემდე საკუთარი უფლებების დასაცავად მხოლოდ სამმა პედაგოგმა მიმართა პროფკავშირების ადგილობრივ ორგანიზაციას.

პროფკავშირების ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ლია რატიანის თქმით, სკოლის დირექტორებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან სიტყვიერი დავალება მიეცათ, დაითხოვონ მცირე დატვირთვის მქონე პედაგოგები. როგორც პროფკავშირების საქალაქო ორგანიზაციაში განმარტავენ, პედაგოგთა შემცირების კრიტერიუმები არ არსებობს.

ლია რატიანი: „პროფკავშირებმა მინისტრის წინაშე სწორედ ეს საკითხი დააყენეს, თუ რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს პედაგოგთა შემცირება. პენსიონერი ვერ შემცირდება, იმიტომ რომ საპენსიო კანონი არ არსებობს და კანონდარღვევაა. 5-10 საათი რომ აქვს მასწავლებელს, განა იმიტომ აქვს, რომ 18 საათს ვერ ატარებს? მეტი დატვირთვა იმიტომ არა აქვს, რომ რეალურად საათები არ არის, საათები შემცირდა ყველა საგანში - როგორც საბუნებისმეტყველოში, ასევე საზოგადოებრივ მეცნიერებებში და თვით ქართულშიც კი. და როცა საათები შემცირდა, მასწავლებელმა რა დააშავა? მან რატომ უნდა ზღოს?“
პედაგოგები პრობლემებზე საუბრისაგან თავს იკავებენ, თუმცა აღიარებენ, რომ სკოლა შეიძლება დატოვონ სუბიექტური მიზეზებით. ჩვენ ვცადეთ გავსაუბრებოდით რამდენიმე სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს წევრებს. ყველა მათგანმა კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ შემცირება გარდაუვალია.

პედაგოგების შემცირების აუცილებლობას კატეგორიულად უარყოფს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ პატარიძე. მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგთა შემცირება არ იგეგმება.
ვლადიმერ პატარიძე: „ მასწავლებელს, რომელსაც საათები ექნება, რომელიც მუშაობდა, ის იმუშავებს სექტემბრიდან ჩვეულებრივად. რას ჰქვია მცირე დატვირთვა და დიდი დატვირთვა? დატვირთვას წყვეტს სკოლაში არსებული საგნობრივი კათედრები, ამაში არც რესურს-ცენტრი ერევა და, მით უმეტეს, არც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ეს არის სკოლის, კათედრის, ადმინისტრაციისა და სამეურვეო საბჭოს გადასაწყვეტი.“

ქუთაისში პედაგოგთა შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მცირეკონტინგენტიანი სკოლების შეერთებაც სახელდება. ასეთი ქალაქში რამდენიმეა. სკოლების შეერთების პროცესს განსხვავებული არგუმენტებით ხსნის ვლადიმერ პატარიძე. იგი ამბობს, რომ მოხდება აღნიშნული სკოლების ოპტიმიზაცია.

ვლადიმერ პატარიძე: „50-ე სკოლას წელს 46 მოსწავლე ჰყავს და გაისად რამდენი ეყოლება, არავინ იცის. რომ გადავარჩინოთ, უერთდება მე-15-ს. არც ერთი მასწავლებელი უმუშევარი არ რჩება არც ერთ სკოლაში. ისინი თავიანთი საათებით გადავლენ შესაბამის სკოლაში.“

ლია რატიანი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნევს და თვლის, რომ სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასვლის უფლება ეზღუდებათ.
ლია რატიანი: „ ჩვენ გვეუბნენიან, რომ 2014 წლამდე მასწავლებელს აქვს უფლება ნებაყოფლობით გავიდეს სასერტიფიკაციო გამოცდაზე. და თუ მე კანონში ჩამიდევი ჩემმა მთავრობამ, რომ მაქვს უფლება 2014 წლამდე გავიდე გამოცდაზე, მივიღო სერტიფიკატი და გავხდე სერტიფიცირებული მასწავლებელი, რატომ მეუბნები, რომ დღეს უნდა დავტოვო სკოლა?“
ქუთაისში სულ 45 საჯარო და 10-მდე კერძო სკოლა ფუნქციონირებს. როგორც თავისუფალი პროფკავშირების ადგილობრივ წარმომადგენლობაში ამბობენ, შემცირებები მხოლოდ საჯარო სკოლების პედაგოგებს შეეხებათ.
XS
SM
MD
LG