Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 24 აგვისტო 2010


“ეშმაკი დეტალებშია” - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”24 საათი” ბეჭდავს, საუბარია იმ განწყობის შესახებ, რომელიც სოხუმში რუსეთის საგარეო უწყების მიერ შემუშავებულ „რუსეთის მოქალაქეებისათვის ქონებრივი უფლებების აღდგენის კონცეფციას” მოჰყვა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვკითხულობთ ”24 საათში”, აფხაზეთი უარს აცხადებს რუსეთის მოქალაქეებისათვის ქონების დაბრუნებაზე იმ მიზეზით, თითქოს ”კონცეფცია” გაუგებარი დოკუმენტია, რადგან მას არც რუსეთის პრეზიდენტის რეზოლუცია ადევს და არც საგარეო უწყების სარეგისტრაციო ნომერი. თუმცა რაც შეეხება რეალურ მიზეზებს, როგორც „24 საათი“ ვარაუდობს, ამ მიზეზებიდან მთავარია აფხაზეთში შექმნილი დემოგრაფიული მდგომარეობა და, ამ კონცეფციის ძალით, რეგიონში ქართველი დევნილების დაბრუნების შესაძლებლობა. ამ უკანასკნელ მიზეზთან დაკავშირებით „24 საათში“ სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას აზრსაც შეგიძლიათ გაეცნოთ: ” წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დავუბრუნეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საკუთრება. ამით ჩვენ უსერიოზულესი პრობლემები შეგვექმნება რუსეთის მოქალაქე ქართველ დევნილებთან - მათთან, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდნენ.”

გაზეთ ”ალიას” თანახმად კი, სკანდალითა და ხმაურით გრძელდება ”ომეგას” ხელმძღვანელისა და ყოფილი დეპუტატის ნიკა კვეზერელის წინააღმდეგ დაწყებული საქმის გამოძიება. ”ალია“ ვარაუდობს, რომ პროკურატურას სავალალოდ გაუხდება ამხანაგობა ”ბარნოვი-2”-ის თავმჯდომარის დაკავების ფაქტი. ”ალიას” ინფორმაციით, ნანა ესაკიამ თბილისის მერის გიგი უგულავასა და ვიცე-მერის მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ”ალიას” ცნობით, ნანა ესაკიამ გიგი უგულავა და მამუკა ახვლედიანი თანამონაწილეებად დაასახელა და ოფიციალურად განაცხადა, რომ მათთან თანხა მიჰქონდა მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ.

”ვინ მივა ბურჯანაძის მიერ შეკრებილ სახალხო კრებაზე” - ამ შეკითხვას გაზეთი ”რეზონანსი” სვამს. გაზეთის თანახმად, დაგეგმილი კრებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციები გრძელდება, თუმცა კონკრეტულად ვისთან, არ სახელდება ხელისუფლების მხრიდან ”დაშინებისა” თუ ”გადაბირების” მოლოდინის გამო. გაცხადებულ მხარდამჭერებს შორის კი ”რეზონანსი” ჩამოთვლის ლევან გაჩეჩილაძის ”დაიცავი საქართველოს”, ეკა ბესელიას მოძრაობას ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, ორგანიზაციას ”კანონი ხალხისთვის” და ”კონსერვატიულ პარტიას.”

პოლიტიკური კონსულტაციებისა და ოპოზიციის ფლანგზე ძალთა გადაჯგუფების თემას ეხება ინტერვიუ ირინა სარიშვილთან. ”მე ვფიქრობ, რომ ეს სახალხო კრებაც ერთგვარად ტალღაზე დარჩენის საშუალებაა. ძალები, რომლებსაც დღეს დაკავებული აქვთ ოპოზიციის ფლანგი და აქტიურად ჩანან, იმავე ძალისგან იმართებიან, რომელმაც ეს ხელისუფლება დაგვისვა ქვეყნის სათავეში”, უთხრა ირინა სარიშვილმა გაზეთ ”ახალ თაობას.”
XS
SM
MD
LG