Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 23 აგვისტო 2010


შემოდგომის მოახლოებასთან ერთად ქართულ პრესაში აქტიურდება თემა ოპოზიციის საშემოდგომო გეგმების შესახებ. დღევანდელ ”მთელ კვირას” კი ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ეუბნება, ”ოპოზიციონერობა სეზონური ხილი არ არის, რომ ლეღვივით შემოდგომით მოვიდეს და მერე დალპესო”. ყოველ ზაფხულს იმის მოლოდინია, რომ შემოდგომაზე ჩატარდება ფართომასშტაბიანი აქციები ხელისუფლების შესაცვლელად, ოპოზიციაში მოხდება გადაადგილებები და ა.შ., ახლა კი ჯერჯერობით მხოლოდ ცალკეული განცხადებები და მინიშნებები კეთდება იმაზე, თუ რის ხარჯზე შეიძლება გაძლიერდეს ბურჯანაძის გუნდი, წერს პუბლიკაციის ავტორი, რომელიც საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს გია ცაგარეიშვილთან: ”ჯობს, რომ ეს ერთი წელი მოვითმინოთ და არჩევნებისათვის კარგად მოვემზადოთ, ვიდრე დათქმული ტრადიციის შესასრულებლად ყოველ შემოდგომაზე ერთი თვით გამოვიდეთ ქუჩაში და მერე სახლებში წავიდეთ”, - ამბობს ”მთელ კვირასთან” საუბარში ცაგარეიშვილი და იქვე განაგრძობს: ”როგორც წესი, ხელისუფლების ავადმყოფური ზრახვები აგვისტოში ყვავის ხოლმე და გამონაკლისი არც ეს აგვისტო ყოფილა. ზონდერები და სადამსჯელო ექსპედიციები მიესევიან ხოლმე ხან ლტოლვილებს, ხან გარემოვაჭრეებს, ხან მესაკუთრეებს და ა.შ. კალენდარში აგვისტო რომ არ იყოს, სააკაშვილს რა ეშველებოდა?” - კითხულობს ცაგარეიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან რეპრესიების ახალ ტალღას ელის დღევანდელი ”ახალი თაობის” რესპონდენტი რესპუბლიკელი ირაკლი ბათიაშვილი: ”ხელისუფლებისაგან წინააღმდეგობა დღითი დღე იზრდება. ჩვენ ვხედავთ უკვე ამის ნიშნებს. ის, რაც მოხდა ამ ორიოდე დღის წინ (საუბარია გარემოვაჭრეთა და დევნილთა აქციის დარბევაზე), პირდაპირ მიუთითებს ამაზე. მე მინდა თანადგომა გამოვუცხადო ყველა იმ პიროვნებას, რომელმაც თავის ზურგზე გადაიტანა კიდევ ერთხელ ამ ხელისუფლების ძალადობრივი ქმედება. ეს არის პირველი ნიშნები. რაც უფრო გაიზრდება ჩვენი აქტიურობა, შესაბამისად გაიზრდება ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობაც”, - ამბობს ბათიაშვილი ინტერვიუში.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში ლუკა კურტანიძეს ესაუბრება დღეს გაზეთი ”ასავალ-დასავალი”: ”ჩემი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, იმის გამო, რომ დავრჩი ბატონ ბადრი პატარკაციშვილის ერთგული და მადლიერი, ბევრჯერ დავისაჯე და ეს დასჯა ჩემზე აისახა როგორც მორალურად, ისე ეკონომიკურადაც. როგორც სპორტსმენს, რა ხელფასებიც მერგებოდა, ყველაფერი მომიხსნეს და იმის უფლებაც კი არ მომცეს, რომ კვირაში ორჯერ, თუნდაც ხელფასის გარეშე, მწვრთნელად მემუშავა და ჩემი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მომავალი თაობებისათვის გადამეცა”, - ამბობს ლუკა კურტანიძე ინტერვიუში. ინტერვიუდან ირკვევა, რომ ლუკა კურტანიძე მონტე-ნეგროს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას ვერ ახერხებს, რადგან, როგორც მას შემოუთვალეს, ვიზისა და მგზავრობის ხარჯების დაფარვა თავად მოუწევდა, რისი საშუალებაც მას არ აქვს: ”ის განწყობა, რომელიც მქონდა, რომ უნდა წავსულიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე და ფინალში შარშანდელი მარცხისათვის რევანში ამეღო, მთლიანად წამიხდინეს, მაგრამ ღმერთის და ერის წინაშე ვამბობ, სანამ პირში სული მიდგას, სანამ ჯან-ღონე შემწევს, ყველანაირად დავიხარჯები იმისათვის, რომ საქართველოში ასეთი უღირსობა არასოდეს მოხდეს” , - ამბობს კურტანიძე ინტერვიუში.

დღევანდელი ”ქრონიკა” ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ერთ-ერთ ლიდერ, თეო ტლაშაძეზე დაყრდნობით, ლადო ვარძელაშვილის წინააღმდეგ, როგორც სათაურშია აღნიშნული, სკანდალურ ფაქტებს აქვეყნებს. თეო ტლაშაძე ლადო ვარძელაშვილის გასამართლებას სისხლის სამართლის კოდექსის ზუსტად იმ მუხლებით ითხოვს, რომლითაც თავის დროზე მიხეილ ქარელი დააკავეს, წერს პუბლიკაციის ავტორი. ამ მოთხოვნის საფუძველსა და მტკიცებულებებს ტლაშაძეს თავად ვარძელაშვილი აძლევს. საქმე ისაა, რომ არსებობს აწ უკვე ყოფილი გუბერნატორის ომის პერიოდში და მის შემდგომ გამოცემული განკარგულებები, რომლითაც ვარძელაშვილი პირად კომფორტს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იქმნის. ”ქრონიკა” პუბლიკაციის საილუსტრაციოდ რამდენიმე მსგავსი განკარგულების ასლსაც აქვეყნებს: ”თუ მიხეილ ქარელი დღეს ამ ქვეყნის დევნილია, ლადო ვარძელაშვილი გახდა მინისტრი, იმიტომ რომ მან იმ ხმაში განაგრძო სიმღერა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა მღერის”, - ამბობს ტლაშაძე ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG