Accessibility links

logo-print

გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები


დღეს გაზეთ "კვირის პალიტრასა" და ეროვნული გამოცდების ვებგვერდზე გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები. გარდა ამისა, "მაგთისა" და "ჯეოსელის" აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, ნომერზე: 62-36 გააგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინება თავიანთი სარეგისტრაციო ნომრით და შედეგის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.წელს სტუდენტი 23 ათასამდე აბიტურიენტი გახდა, 10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა კი ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში დარჩა 11 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილი, სადაც პირველადი განაცხადის შედეგად ვერც ერთი აბიტურიენტი ვერ მოხვდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა იმ უმაღლესი სასწავლებლების სია, სადაც ვაკანტური ადგილები დარჩა. ის აბიტურიენტები, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზვარი გადალახეს, დღეიდან შეძლებენ დაიწყონ მეორადი განაცხადების გაკეთება. ვაკანტურ ადგილებზე მეორადი განაცხადების მიღება 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს. იმ 10 ათასზე მეტ აბიტურიენტს კი, რომელმაც 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე განაცხადის გაკეთების უფლებაც არ ექნება.ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა აგრეთვე სამაგისტრო გამოცდების შედეგები.
XS
SM
MD
LG