Accessibility links

logo-print
ოფიციალურმა სტატისტიკამ საკმაოდ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოში 658 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოსულა, რაც 2008 წლის მონაცემებზე თითქმის 60%-ით ნაკლებია. „საქსტატის“ ინფორმაციით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა არაბეთის გაერთიანებული საემიროები იყო 162,8 მილიონი დოლარის ინვესტიციით. მეორე ადგილზე თურქეთია 97,9 მილიონი დოლარის დაბანდებით, ლიდერთა სამეულს კი, არც მეტი, არც ნაკლები, თურმე პანამა ასრულებს 74,7 მილიონი დოლარის ინვესტიციით.

ამ ინფორმაციის გავრცელებით, ”საქსტატმა” თავდაყირა დააყენა ის წინასწარი მონაცემები, რომელიც ორიოდე თვის წინ გაავრცელა. მაშინდელი ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს საბოლოო მონაცემთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით მეტი - 759,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ლიდერი წინასწარი მონაცემებითაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე იყო (169,8 მილიონი), მეორე ადგილი დღეს დასახელებული თურქეთის ნაცვლად ეგვიპტეს ეკავა (167,5 მილიონი დოლარი), მესამე ადგილი კი, პანამის ნაცვლად - ნიდერლანდებს (105.7 მილიონი დოლარი).

დღეს მეორე ადგილზე განსაზღვრულ თურქეთს წინასწარ მონაცემებში მხოლოდ მეოთხე ადგილი ეკავა (89,5 მილიონი დოლარი), დღევანდელი მესამეადგილოსანი პანამა კი სულაც მეხუთე იყო (73,4 მილიონი დოლარი). რაც შეეხება წინასწარ მონაცემებში მესამე ადგილზე მყოფ ნიდერლანდებს, საბოლოო მონაცემებში ის ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველად და საბოლოო მონაცემებს შორის მთელი 100 მილიონი დოლარით. ან რა იპოვეს საქართველოში და კონკრეტულად რომელ სფეროებში პანამელმა ინვესტორებმა, რომ უეცრად ასეთი ”საინვესტიციო აფეთქება” მოაწყეს.
XS
SM
MD
LG