Accessibility links

”რუსეთი თავისი მოქალაქეებისათვის აფხაზური ქონების დაბრუნებას ითხოვს”, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. სოხუმი კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონების დაბრუნების შესახებ რუსული კონცეფციის განხილვაზე უარს აცხადებს. როგორც აფხაზური პრესა წერს, ამ კონცეფციის მიღების შემთხვევაში, არა მარტო ეთნიკურად რუსებს, არამედ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველებს, რომლებმაც ავტონომია 90-იან წლებში ომის შემდეგ დატოვეს, აფხაზეთში ქონებაზე უფლების აღდგენის საშუალება მიეცემოდათ. აღნიშნულ კონცეფციას დე ფაქტო პრემიერ- მინისტრი სერგეი შამბა არ იზიარებს, მას უარის მიზეზად ქართველების დაბრუნების საფრთხე მოჰყავს და განმარტავს, რომ მსგავსი კონცეფცია ეროვნებით ქართველებსაც მისცემს საშუალებას, აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი უფლებები აღიდგინონ. როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, ”ეს უარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აფხაზებს თავისი პრინციპები გააჩნიათ და თუ თავად სჭირდებათ, შეუძლიათ დაუპირისპირდნენ კიდეც რუსეთს”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

”სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნები შეიძლება შემოდგომამდე დანიშნოს”, - ასე უთხრა ”ახალ თაობას” ინტერვიუში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. მისი მოსაზრება კი, აი, რა არგუმენტებს ემყარება: ”სააკაშვილმა შესანიშნავად იცის, რომ 2013 წლამდე ვერ გაძლებს. ამიტომ რა შეუძლია მას გააკეთოს? სექტემბერში პარლამენტი ამტკიცებს ახალ კონსტიტუციას, მერე ჩააგდებს ბიუჯეტს და უფლება აქვს, პარლამენტი დაითხოვოს და ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, სადაც სიის სათავეში პირველ ნომრად იქნება თვითონ და, ახალი კონსტიტუციით, სააკაშვილი დეკემბერში უკვე პრემიერ-მინისტრი გახდება სრული უფლებებით. აგვისტოში მიმდინარეობს კონსტიტუციის განხილვა ფანტასტიკური ვადებით და სექტემბერში პარლამენტი მას დაამტკიცებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს უნდა, რომ კონსტიტუცია ახლავე შევიდეს ძალაში. 2013 წელი კი ეს არის სატყუარა მძინარე ოპოზიციისათვის. ხალხო, გაიღვიძეთ!”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე ”ახალ თაობასთან” საუბარში.

”ახალი თაობის” კიდევ ერთი რესპონდენტი კი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, ამბობს, რომ შემოდგომიდან ახალი პროცესები აუცილებლად დაიწყება, ოღონდ რამდენად სწრაფად მივა ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე, ამის თქმა ძნელია, ვინაიდან ქართველებს მოუთმენლობა სჭირთ და მაინცდამაინც უნდათ, რამდენიმე დღეში დაასრულონ პროცესი. ხელისუფლებისათვის არასახარბიელო მდგომარეობა იმითაც იქმნება, რომ ამ ზნეობრივ და ყველანაირ კრიზისს საქართველოში ეკონომიკური კრიზისიც ემატება”, - ამბობს ადვოკატი და განაგრძობს: ”ერთი მხრივ, გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება უფრო ადვილია ხელისუფლებისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ეს მასა ძალიან იზრდება, უკვე საშიში ხდება ხელისუფლებისათვის და ისინი ალბათ ვეღარ შეძლებენ ასიათასობით გაჭირვებული ადამიანის მოსყიდვას”, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

დღევანდელი ”საქართველოს რესპუბლიკა” ინტერვიუს აქვეყნებს ყოფილ ფინანსთა მინისტრ დავით ონოფრიშვილთან, რომელიც ქვეყანაში სამომავლო სიტუაციის ასეთ პროგნოზს აკეთებს: ”ეკონომიკური კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება და მძიმე შედეგებამდე მივალთ: ”ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, თუ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და არ დაიდება კონკრეტული ხედვები - როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა და როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა არა პიარის დონეზე, არამედ რეალურად. რაც მთავარია, უნდა გაუმჯობესდეს ადგილობრივი ბიზნესგარემო. საინტერესოა, რატომ არ შემოდის ინვესტიციები, როცა მთავრობა ამბობს, რომ ბიზნესგარემოს მხრივ პირველ ადგილზე ვართ და ფირმის გახსნა ერთ დღეშიც კი შეიძლებაო? - კი, ფირმის გახსნა ერთ დღეში შეიძლება, მაგრამ ფირმას რომ გახსნი, აი, მერე რა მოხდება, ეს არის საკითხავი. რამდენად შეგიძლია იმუშაო? დაგარეკეტებს თუ არა ხელისუფლება? რამდენად თავისუფალი იქნები ბიზნესგადაწყვეტილებებში და რამდენად კარგი იქნება საგადასახადო სისტემა? - აი, ეს ყველაფერი განსაზღვრავს ბიზნესგარემოს სანდოობას”, - ამბობს დავით ონოფრიშვილი.
XS
SM
MD
LG