Accessibility links

logo-print

შავი ძაფით გაკერილი პირი


დევნილებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს.

დევნილებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს.

ათამდე ადამიანი მეორე დღეა დევნილთა სამინისტროს წინ შიმშილობს, აქედან ოთხს პირი აქვს აკერილი. სამინისტროში ხელმძღვანელი თანამდებობის პირები შვებულებაში არიან.

მუყაო აგურებზე დასაჯდომად, ძველი მონჯღრეული ხის სკამი, რამდენიმე ადამიანი, შავი ძაფით ტუჩებშეკრული, ტუჩებზე სიწითლეგაჩენილი, ჩაწითლებული თვალები… მოშორებით დავდექი, მიკროფონი ამოვიღე და ვდგავარ, ჯგუფს გამოეყო და ჩემკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა დაახლოებით 80 წლის ქალბატონი. „რაღაც მინდა, შვილო, გითხრა.“ დიახ, საუბარი დაიწყო. მივხვდი, რომ უნდა ჩამეწერა.

„გადამიწვეს სახლ-კარი, მომიკლეს მეუღლე, მომიკლეს ჩემი აღზრდილი ძმის შვილი. მე ვარ ოთხმოცდაორი წლის მოხუცი, ყოფილი მასწავლებელი, და გთხოვთ, დამეხმაროთ რამეში. მეტი რა ვთქვა, მითხარით.“

ყოფილი გერმანულის მასწავლებელი მადლობას მიხდის და ჯგუფს უბრუნდება. დაახლოებით ათკაციან მოშიმშილეთა ჯგუფში ოთხს პირი აქვს აკერილი. ეზოს, სადაც ეს ადამიანები დგანან, დევნილთა სამინისტროს შენობა გადმოჰყურებს - საბჭოთა, მართკუთხა, ძველი კარ-ფანჯრით, დაცვით - მეორე სართულზე, ცვეთისგან გაშავებული სახელურებით და ქვის კიბეებით, საბუთების მიმღები განყოფილებით, რამდენიმე კარგად ნახმარი ტელეფონით. დაფაზე ვკითხულობ:

„დევნილთა საკითხების დეპარტამენტი“

„უკაცრავად, არავინაა?“ - „შესვენებაა…“

„მე რადიო თავისუფლებიდან ვარ, გასაუბრება მინდა, რამდენ ხანში… ხელმძღვანელი თანამდებობის პირი არავინ არაა? თქვენს დეპარტამენტში თუ, საერთოდ, სამინისტროში?“

მთლიანად სამინისტროში ხელმძღვანელობა - თითქმის ყველა -შვებულებაშია. მიმღები განყოფილება მუშაობს. ხალხი წერილებს წერს, განცხადებას ბატონ კობა სუბელიანის სახელზე…

„გთხოვთ ერთჯერად დახმარებას ქირის გადასახდელად…“

„წერილებს ოთხმოცდაცამეტი წლიდან ვწერ. პასუხია: დაგაკმაყოფილებთ, დაგაკმაყოფილებთ…“
„ჰო, განცხადება შეიტანეთო. სუბელიანი იყო ჩემს ოჯახში. ჰოდა, იმან მითხრა, განცხადება დაწერე და ყურადღებას მოგაქცევთო. დავწერე ერთი-ორჯერ. ყურადღება არაფერია. ახლა ვსინჯავ კიდევ, რა ვიცი…“

დევნილებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს.
ზევით დაცვა არ მიშვებს. დევნილები ამას არც ცდილობენ. უბრალოდ, განცხადებას წერენ და მიდიან. დაფებზე გამოკრულია, ალბათ, ორმოცდაათამდე სხვადასხვა ფორმა, რომელიც უნდა შეავსონ სხვადასხვა სათხოვარისთვის... და, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ტელეფონი, რომელიც შედეგებს არ იძლევა.

„იქ დავრეკე. მითხრეს, ამასთან დარეკეო. მე ვუთხარი, მითხრეს, თქვენთან დამერეკა-მეთქი. მოკლედ, სრული ქაოსია.“

ისევ ეზოში ჩავდივარ. ჩვენ განცხადებების ეტაპი გავიარეთო, მეუბნება რამაზ არონია - ის, ვინც პირი პირველმა აიკერა და ევროკავშირის შენობასთან დადგა.

„იქიდან ევროკავშირის ელჩმა გამოგვყარა და მოგვიყვანა აქ, შევიდა და ელაპარაკა და გამოვიდა და მითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ მოატყუეს თვითონ ელჩიც, იმიტომ რომ ესენი გვთავაზობენ ორას ლარს და გაჩერდითო, რა…“

არ სჯერათ სამინისტროსი, მინისტრის, სხვა თანამშრომლების, სისტემის, სახელმწიფოსი, უარს ამბობენ თანამშრომლობაზე, სხვა დევნილებს მოუწოდებენ სამინისტროს კარებზე აყუდებულ ტრანსპარანტზე წარწერით: „დევნილებო, დროა გამოვფხიზლდეთ, რას გვიშვრება სუბელიანი…“ ეს განყენებული ჯგუფი აფხაზეთიდან დევნილია, ისნის სამხედრო ჰოსპიტლის შენობიდან გამოშვებულები. მათთან ჯერ აფხაზეთის მთავრობიდან მოდიან თეთრი ფურცლებით შეიარაღებულები: უნდა აღგწეროთო.

ნახე, ოპოზიციამ ვერ მოიყვანა „რუსთავი ორი“ და ჩვენ მოვიყვანეთო, მეუბნება რამაზი… კამერა კადრებს არჩევს, ინტერვიუერს ეძებს. გამოჩნდნენ სხვა კამერებიც…შენც საკრებულოს ხალხს ელოდებიო? - მეკითხებიან ჟურნალისტები… არ ვიცოდი…მალე ეზოში შავი მანქანა ჩერდება და თეთრპერანგიანი საკრებულოს წევრი გადმოდის. დევნილები ეგებებიან, კამერები ჩართულია. გინახავთ მსგავსი კადრები, ბევრი…

„ყველა აფხაზეთიდან დევნილი ვართ. სად წავიდეთ? აი, აგვისტოს ომის დევნილები დააკმაყოფილეს. ჩვენ, რახანც შევარდნაძის დევნილები ვართ, ყურადღებას არ გვაქცევენ.“

იქვე, ეზოში, 2 წლის ალექანდრე - დევნილი ჰქვია, მაგრამ ისე თბილისშია დაბადებული. დედა მეუბნება, გულზე ოპერაცია აქვსო გადატანილი - მშვიდი სახით და ნელი, ჯერ კიდევ თავდაუჯერებელი სვლით, ეზოში ხრეშის ქვებს კრეფს და მიწაზე ალაგებს.

„დე, რას აკეთებ? სახლს აშენებს… ვინ უნდა იცხოვროს ამ სახლში?“ – „მე.“

ალექსანდრეს ოჯახს, ისევე როგორც სხვა მოშიმშილეთ, ფოცხოეწერი შესთავაზეს, რასაც დევნილები გადასახლებას ეძახიან… მიზეზი? უკაცრიელია… არა სკოლა, არა საავადმყოფო, არა საბავშვო ბაღი… მოშიმშილეთა უმრავლესობას შვილები თბილისში გაუჩნდათ, სოციალური კავშირები აქვთ აქ, აქ სწავლობენ, მუშაობენ… სამინისტროს კარებზე ინგლისურად ტრანსპარანტია აყუდებული: ”ჩვენ მოვითხოვთ თავშესაფარს თბილისის ნებისმიერ გარეუბანში.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG