Accessibility links

თბილისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ განკარგვაში ადანაშაულებენ


თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულოს სხდომა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერია ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს. ოპოზიციური პარტიის "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი, თბილისელების კეთილდღეობის ნაცვლად, ბუნდოვან, გაუგებარ პროექტებზეა გახარჯული.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დედაქალაქის მერიას 2010 წლის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების არაპროპორციულად დაგეგმვის გამოც აკრიტიკებს. ზურაბ აბაშიძის თქმით, სწორედ ამის შედეგია ის, რომ ექვს თვეში მთელი ბიუჯეტის 70% დაიხარჯა. ამასთან, ჯანდაცვას მოხმარდა 13 მილიონი ლარი, ანუ მთელი ხარჯის მხოლოდ 3%, სოციალურ დაცვას - 73 მილიონი, ანუ 16%, ხოლო განათლებას 21 მილიონი ლარი, ანუ 5% პროცენტი. ზურაბ აბაშიძის თქმით, არაპრიორიტეტული ხარჯვის ნიმუშია საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში არაკლასიფიცირებული, ანუ გაუშიფრავ მუხლებში დახარჯული 50 მილიონი ლარი.

„დახმარებების მთელი რიგია. ჩამოთვლილია მოქალაქეების ვინაობა და ვის რა თანხმა გადაეცა, მაგრამ რეალურად არ ჩანს, როგორ და რაში დაიხარჯა ეს თანხები; არ ჩანს, ვინ მისცა - პირადად უგულავამ თუ რაღაც ჯგუფია მერიაში შექმნილი და ის ეხმარება ხალხს. პრაქტიკულად ყველა ეს თანხა გაუმჭვირვალედ არის დახარჯული. ეს ბიუჯეტი არ არის მოქალაქეების დასაქმებაზე, კეთილდღეობაზე და მათ სოციალურ დახმარებაზე ორიენტირებული. ეს ბიუჯეტი იყო პირადად უგულავას საარჩევნო კამპანიაზე მორგებული“, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საარჩევნო კამპანია, რომლის შესახებაც ზურაბ აბაშიძე ლაპარაკობდა, მმართველ პარტიას, ოფიციალური მონაცემებით, 14 მილიონი ლარი დაუჯდა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის საფუძველზე დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის შეუზღუდავ გამოყენებასა და საბიუჯეტო პრიორიტეტების საარჩევნო კამპანიაზე მიბმას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი განმარტავს:

„ძალიან ბევრი პროექტი, რომლებიც მარტო საარჩევნო წლებშია ხოლმე, ამის თქმის საფუძველს იძლევა. 2009 წელს, როცა ბიუჯეტი იგეგმებოდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი ახალი სოციალური პროგრამა დაიწყო. სერიოზულად გაიზარდა სოციალური პროექტების დასაფინანსებლად ტრანსფერების რაოდენობა. მაგალითად, ისეთი პროგრამა დაფინანსდა, როგორიცაა „ერთად დავგეგმოთ ქალაქ თბილისის ბიუჯეტი“. კარგა დიდი თანხა გამოიყო ამაზე და რეალურად კი აღმოჩნდა, რომ სრულიად უსარგებლო პროექტი იყო, იმიტომ რომ ვერც კი მოგვაწოდეს ამ გამოკითხვის შედეგები, ანუ ხალხმა რა ურჩია მერიას. კიდევ იყო უფასო მედიკამენტებითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა, ანუ ასეთი ტიპის წმინდა სოციალურ ფენებზე გათვლილი პროექტები.“

დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ თბილისელებსაც:

„რომ შენდება, ეს კარგია, მგარამ მთავარი ისაა, თუ ვისთვის შენდება! ხალხი დაუსაქმებელია! და, საერთოდ, საქმე იცით რაშია? ვიდრე ჩვენ ვერ ვისწავლით იმას, რომ ხალხის არჩეული უნდა იყოს ხელისუფლება და არა ფულის, მანამდე არც ბიუჯეტი განიკარგება სწორად და, საერთოდ, ეს ქვეყანა ვერ დადგება სწორ რელსებზე.“

„მთავარია დაგვასაქმონ, სამსახური მოგვცენ და ნორმალური ხელფასი გადაგვიხადონ... სხვა რა, ჭერის პრობლემა გვქონდა და მერიამ შეგვიკეთა.“

„ყველაფერი რომ გაძვირდა, ხალხს პენსიები უნდა გაუზარდონ. ამაში უნდა დახარჯონ ბიუჯეტი და, კიდევ, დაასაქმონ ხალხი.“

თბილისელები ხელისუფლებას მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების სიძვირის გამოც უსაყვედურებენ, თუმცა, ამომრჩევლებისა და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის პასუხად, თბილისის მერია რატომღაც დუმილს ამჯობინებს.რადიო თავისუფლების ყველა მცდელობა, განმარტება მიეღო მერიის პრესსამსახურისგან, უშედეგოდ დასრულდა.

„ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. თუ საჭიროდ ჩავთვალეთ, დაგიკავშირდებით“, გვიპასუხეს მერიის პრესსამსახურიდან.

არადა, ოპოზიციის წარმომადგენლები მერსა და მის გუნდს იმის გამოც უსაყვედურებენ, რომ დღემდე ვერ წარმოადგინეს თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გეგმა. და კიდევ:

„გიგი უგულავას დაპირებების მიუხედავად, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი იქნებოდა გამჭვირვალე, ნამდვილად ასე არ არის. ბიუჯეტი არის ბუნდოვანი და რეალურად იხარჯება გაუგებარ პროექტებზე, რომელთა არსი საზოგადოებამ არ იცის.“
რაც შეეხება გიგი უგულავას ეგრეთ წოდებულ „120 დღიან პროგრამას“, ზურაბ აბაშიძის თქმით, ეს პროგრამა, რომელიც თბილისის მერმა საკრებულოს პირველ სხდომაზე წარმოადგინა, მხოლოდ ფორმალურად არსებობს. პროგრამის მიხედვით, 120 დღის განმავლობაში უპირატესობა უნდა მინიჭებოდა თბილისელების დასაქმებას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობასა და ინვესტიციების მოზიდვას. გარდა ამისა, ხელისუფლებას, უმწეოთა დახმარების პარალელურად, უნდა შეექმნა ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მაგრამ, ზურაბ აბაშიძის თქმით, უკანასკნელმა ერთმა თვემ აჩვენა, რომ თბილისის მერია სულ სხვა გეგმის მიხედვით მოქმედებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG