Accessibility links

logo-print

ჰუმანიტარული მისია პოლიტიკური ქვეტექსტით


ჯიმი კარტერს ფხენიანის აეროპორტში დახვდა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კიმ კი გუანი

ჯიმი კარტერს ფხენიანის აეროპორტში დახვდა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კიმ კი გუანი

ჯიმი კარტერს პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანისთვის დიდი წარდგენა არ სჭირდება. 1977-81 წლებში ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, მანამდე ჯორჯიის შტატის გუბერნატორად მსახურობდა, ხოლო 2002 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა. დღეს კარტერი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, როგორც უწოდებენ, ჰუმანიტარული მისიით, უზრუნველყოს საპატიმროდან თავისი თანამოქალაქის, სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტის, აჯალონ მალი გომესის გამოშვება. გომესი ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის საზღვარზე დააკავეს და რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ-ის ოფიციალური პირები თავს იკავებენ ჩრდილოეთ კორეაში კარტერის მოგზაურობის კომენტირებისგან. მაგრამ, თუ მისია წარმატებით დასრულდა, ცხადია, ეს კარგი იქნება არა მარტო გომესისთვის, არამედ ჩრდილოეთ კორეის კომუნისტურ მთავრობასა და აშშ-ს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გაუმჯობესებისთვისაც.

კარტერის ვიზიტზე ბევრი არაფერია ცნობილი. ვაშინგტონის ოფიციალური პირები მხოლოდ ნაკლებად მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრობენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კარტერი მოქმედებს არა როგორც მთავრობის დესპანი, არამედ როგორც მსოფლიოში ცნობილი პირი, რომელიც გომესის განთავისუფლებას ცდილობს.

„ჩვენ კვლავაც თავს შევიკავებთ განცხადებებისგან. არ გვინდა, საფრთხე შევუქმნათ ბატონი გომესის შინ დაბრუნებას იმ დეტალების განხილვით, რომლებიც უკავშირდება მისი გათავისუფლებისა და შეერთებულ შტატებში ჩამოყვანის მიზნით წარმოებულ კერძო ჰუმანიტარულ ძალისხმევას“, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ასეთი სიტყვაძუნწი იყო ამ უწყების წარმომადგენელი ფილიპ კროული.

როგორც მან აღნიშნა, კარტერის ვიზიტი კერძო ძალისხმევაა. მაგრამ თუ გომესი გაათავისუფლეს, ამას შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური ატმოსფეროს გაუმჯობესება ვაშინგტონ-ფხენიანის ურთიერთობაში. ეს ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას მერე, რაც ვერა და ვერ მოხერხდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული აქტიურობის მოთოკვა. ამას დაემატა სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვის ინციდენტი მიმდინარე წლის მარტში.

ფხენიანმა მზადყოფნა გამოთქვა, მოლაპარაკება გამართოს გომესის გამოშვების შესახებ - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტმა თავის მოკვლა სცადა უიმედობის გამო. უიმედობა უკავშირდებოდა აშშ-ის პასიურობასა და არსურვილს, ზომები მიეღო თავისი მოქალაქის გასათავისუფლებლად. სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტი, როგორც ითქვა, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს და რვა წლით იძულებით შრომა მიუსაჯეს. კომუნისტურ სახელმწფოში მისი ჩასვლა, საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, კერძო სამშვიდობო მისიას უკავშირდებოდა. როგორც ფილიპ კროულიმ თქვა ფხენიანთან არსებობს ოფიციალური კონტაქტი გომესის საკითხზე: „ამ საქმეზე არაერთხელ ვესაუბრეთ ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლებს და ყოველ ღონეს ვხმარობთ, რათა ბატონი გომესი შეერთებულ შტატებში დავაბრუნოთ. ამას შეერთებული შტატების მთავრობა აკეთებს ყველგან და ყოველთვის, ყველა ჩვენი მოქალაქის სახელით.“

ასეთი მისიით კარტერი ფხენიანში პირველად არ ჩადის. 85 წლის სახელმწიფო მოღვაწე ჩრდილოეთ კორეას 1994 წელსაც სტუმრობდა. მაშინ ვითარება დაიძაბა და ლამის ღია კონფლიქტამდეც მივიდა კომუნისტური რეჟიმის ბირთვული ამბიციების გამო. მაშინდელ ხელისუფლებასთან კარტერის მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და ვითარებაც განიმუხტა.

ახლახან კი ჩრდილოეთ კორეაში მსგავსი ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. მან შეძლო, საპატიმროდან დაეხსნა იმავე ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეაში უკანონოდ შესული ორი ამერიკელი ჟურნალისტი. ამ წარმატებულ ვიზიტს მოჰყვა მცირე ხნით ვითარების განმუხტვა, მაგრამ მარტში სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვამ ვაშინგტონისა და ფხენიანის ურთიერთობა ისევ დაძაბა.
XS
SM
MD
LG