Accessibility links

logo-print

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შესახებ


აშშ-ის ჯარისკაცები ავღანეთში

აშშ-ის ჯარისკაცები ავღანეთში

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაურს გენერალ კონუეის პრეზიდენტ ობამას მიერ დადგენილი ვადა, დაიწყოს ჯარის გაყვანა ავღანეთიდან 2011 წლის ივლისში, თალიბანისთვის იმედის მიმცემ ფაქტორად მიაჩნია. ამასთან, გენერალი ფიქრობს, რომ სამხრეთ ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა დარჩენა კიდევ წლების განმავლობაში იქნება საჭირო. კონუეიმ 24 აგვისტოს, ვაშინგტონში ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ, შეშფოთება გამოხატა, რომ თალიბანმა ვადის დათქმა შეიძლება იმის ნიშნად მიიჩნიოს, რომ აშშ აღარ აპირებს ომის აქტიურად წარმართვას: „ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილების გამოცხადება, გარკვეულწილად, ჩვენს მტერს აძლიერებს. მტერი, ალბათ, ასე ფიქრობს: ხელთ ვიგდეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მხოლოდ კიდევ ამდენ და ამდენ ხანს უნდა გავძლოთო.“ ავღანეთის უსაფრთხოების საკითხთა ანალიტიკოსი, ყოფილი სამხედრო ოფიცერი ამრულა ამანი ამ პოზიციას ეთანხმება. მან რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს შემდეგი განუცხადა: „ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან გაკეთებული არაერთი განცხადების მიუხედავად, ვფიქრობ, ავღანეთიდან ისინი ჯარების მხოლოდ მცირე ნაწილს გაიყვანენ. დარწმუნებული ვარ, რომ ვაკუუმს ახალი ძალებით შეავსებენ, მაგრამ მტერი მორალურად განმტკიცდება, გაიზრდება მათ საჯარისო შენაერთებში ჩაწერის მსურველთა რიცხვი.“

კონუეის მოსაზრებები ალბათ განაახლებს კამათს ობამას საომარი სტრატეგიის გარშემო და გაამაგრებს იმ ამერიკელი პოლიტიკოსების არგუმენტებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ავღანეთიდან ჯარის გაყვანის ვადის დაწესებით კონფლიქტი ვერ მოგვარდება. ობამას ნათქვამი აქვს, რომ უშიშროების პირობებმა უნდა განსაზღვროს, შეუძლია თუ არა აშშ-ის ჯარს გავიდეს ავღანეთიდან და როდის. ობამა და მისი მომხრეები ფიქრობენ, რომ ვადის დადგენა ავღანეთის ხელისუფალთ აიძულებს იმოქმედონ სწრაფად და თვითონ იკისრონ პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე. მაგრამ, კონუეის აზრით, ავღანეთის ჯარს იქნებ ჰქონდეს კიდეც უნარი გააკონტროლოს ვითარება სადმე, მაგრამ არა სამხრეთში. გენერალმა, რომელიც შემოდგომაზე აპირებს გადადგომას, ავღანეთში სტუმრობისას განაცხადა, რომ ადგილობრივი არმია და პოლიციის ნაწილები ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობა გადაიბარონ უცხოეთის ჯარისგან, სულ მცირე, რამდენიმე წლის განმავლობაში. მისივე თქმით, ავღანეთში დარჩენა საჭირო იქნება 2011 წლის შემდეგაც და სწორედ ამიტომ ამზადებს ის საზღვაო ქვეითებს. კონვეის მოლოდინით, როცა თალიბანი შეიტყობს, რომ ჯარის დიდი ნაწილის გასვლა ჯერ არ იწყება, მისი საბრძოლო სული დაეცემა.

საერთაშორისო არმია ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს მეთაურობით იბრძვის თალიბანის ჯარის წინააღმდეგ. წელს იქ 460 უცხოელი სამხედრო დაიღუპა, რაც შარშან დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობაზე მეტია. 2009 წელს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის 520 მეომარი დაეცა. კონუეის ცნობით, აგვისტოში ავღანეთში დამატებით 30 ათასი სამხედრო ჩავიდა, რის შედეგადაც აშშ-ის ჯარისკაცთა რიცხვმა იქ 100 ათასს მიაღწია.

კონუეის ეს განცხადებები მოჰყვა გენერალ-ლეიტენანტ უილიამ კოლდუელის, ნატოს საწვრთნელი მისიის მეთაურის, ნათქვამს, რომ ავღანეთს სჭირდება წელიწადზე მეტი, სანამ ის შეძლებდეს საკუთარი ჯარისა და პოლიციის ისე მომზადებას, რომ ქვეყანა დაიცვან.
XS
SM
MD
LG