Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედა ტერეზა – 100


26 აგვისტოს ასი წელი გავიდა ნობელის პრემიის ლაურეატის, კათოლიკე მისიონერის აგნეს გონჯა ბოიაჯიუს, იმავე დედა ტერეზას დაბადებიდან. იგი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თუმცა დედა ტერეზას მისიონერული მოღვაწეობის მიმართ ქედს იხრიან არამარტო კათოლიკეები... მის მიერ დაარსებული კათოლიკე მონაზვნების კონგრეგაცია „მისიონერული სიყვარულის დები“ მთელ მსოფლიოში ცნობილია. 90-იანი წლების დასაწყისში დედა ტერეზას ორდენის მონაზვნები საქართველოშიც მოღვაწეობდნენ.

დიახ, დედა ტერეზას ხსოვნას არაერთი ფილმი მიუძღვნეს, სიმღერები დაწერეს და მიუზიკლიც კი დადგეს. აბა, ვინ წარმოიდგენდა 1910 წელს მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, რომ აქაურ ალბანელთა ოჯახში დაბადებული აგნეს ბოიაჯიუ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ქალი გახდებოდა. „გავლენიანი“ – ამ სიტყვას განსაკუთრებით გამოვყოფდი... დედა ტერეზას ცხოვრებაში არაერთი ისეთი განცხადება გაუკეთებია, რაც, წესით, მკრეხელობად უნდა მონათლულიყო. მაგალითად, ერთხელ წმინდა იოანეს სიტყვების თავისუფალ ინტერპრეტაციას მიმართა: რა უფრო მნიშვნელოვანია, გიყვარდეს ის, ვისაც ვერ ხედავ, თუ გიყვარდეს ის, ვინც შენს გვერდითაა და იტანჯება... რა უფრო მნიშვნელოვანია, ქრისტეს სიყვარული თუ მოყვასის სიყვარული? - და თვითონვე უპასუხა ამ კითხვას: რა თქმა უნდა, მოყვასის, ცოცხალი და ტანჯული ადამიანის სიყვარულიო. ეს თქვა, მაგრამ მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, იმდენად უყვარდა იგი ყველას, ვისაც მასთან შეხება ჰქონია, რომ არათუ პროტესტი გამოთქვა ვინმემ, პირიქით... კათოლიკური ეკლესია ყოველთვის ამაყობდა დედა ტერეზას მოღვაწეობით და ყოველმხრივ უწყობდა ხელს – მიუხედავადა იმისა, რომ მისი ორდენი არამარტო კათოლიკეებს ეხმარებოდა.. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დედა ტერეზას კონგრეგაცია „სიყვარულის დები“ კალკუტაში გადავიდა ღარიბებისა და ავადმყოფებისთვის სკოლების, საავადმყოფოების გასახსნელად.

1965 წელს დედა ტერეზას ორდენი გასცდა ინდოეთის საზღვრებს და 111 ქვეყანა მოიცვა. ყველგან, სადაც უჭირდათ, სადაც სტიქიამ, ომებმა ადამიანები უსახლკაროდ დატოვა, ჩნდებოდნენ დედა ტერეზას მონაზვნები და თავად დედა ტერეზაც, რომელიც ადამიანებს, როგორც ხშირად ამბობდნენ ხოლმე, სიყვარულით მკურნალობდა. სიტყვა „გავლენიანი“ აქაც უნდა ვიხმაროთ – დედა ტერეზას ზემოქმედების ძალაზე, მისი სიტყვების ზემოქმედების ძალაზე მსოფლიოში ლეგენდები დადიოდა.

„დღეს ამ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს უფლებები – ვხედავთ ღარიბებს, დაავადებულ ახალგაზრდებს. ისინი არავის სჭირდება, არავის უყვარს საზოგადოებაში. ჩვენ მათ გვერდით ვართ გულისხმიერებით და თანაგრძნობით და ვიზიარებთ მათ საზარელ ხვედრს, საზარელ მარტოობას“, – აღნიშნა ერთხელ დედა ტერეზამ.

1989 წელს დედა ტერეზა თბილისში ჩამოვიდა და თავისი ორდენი საქართველოშიც გახსნა. დედა ტერეზას თბილისში ჩამოყვანაში დიდი როლი მიუძღვის მოსკოვში მცხოვრებ ქართველ რეჟისორსა და კრიტიკოსს თამარ დულარიძეს. ქალბატონი თამარი ასე იგონებს დედა ტერეზასთან შეხვედრას:

„ძალიან პატარა იყო. ძლივს მწვდებოდა მხრებამდე - დიდი სახე ჰქონდა, მსხვილი თვალები, ცხვირი, ყურები...იყო ძალიან მხიარული - აი, ისეთი, რომ ამბობენ, ბერ-მონაზვნური მხიარულება სულისო."

ასეთი მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო იგი გარდაცვალებამდე – 1997 წლის 13 მარტამდე. სიცოცხლის სიყვარულით და სიხარულით მკურნალობდა... თუმცა თავისი წიგნი - „არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული“ - დედა ტერეზამ საკმაოდ უცნაურად დაიწყო... დაიწყო ფრაზით:

„მე ვფიქრობ, არავის ისე არ სჭირდება ღმერთის დახმარება და წყალობა, როგორც მე. ხშირად თავს ისე უსუსურად და უძლურად ვგრძნობ...“
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG