Accessibility links

logo-print
მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, - ამბობენ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებნი.

წარჩელმა, გალელმა და ჩხორთოლელმა მამაკაცებმა რადიო თავისუფლებას ზუგდიდში, გალისკენ მიმავალი ავტობუსების გაჩერებაზე უთხრეს, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა აფხაზეთში დღითიდღე უარესდება.

არტურ გაგულია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კი დარწმუნებულია, რომ გასული ორი წლის განმავლობაში აფხაზეთში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

არტურ გაგულია ამბობს, რომ ქართველებთან შეხვედრებში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა და მათთან მეგობრობის სურვილი დღემდე აქვს. არტურ გაგულიას მსგავსად, სოხუმელი ირმა შედანია, რომელიც უკვე 18 წელია დევნილია, აფხაზ თანატოლებთან მეგობრობას ინტერნეტის დახმარებით ცდილობს. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირმა ამბობს, რომ აფხაზეთში მძიმე დემოგრაფიული ფონია შექმილი, რადგან იქ გაცილებით მეტი რუსი ეროვნების ადამიანი დასახლდა, ვიდრე კონფლიქტამდე ცხოვრობდა. ამიტომ, თუ ირმას სიტყვებით ვიტყვით, აფხაზები თანდათან კარგავენ ენას, ცხოვრების წესს და ტრადიციებს.

რადიო თავისუფლება კიდევ ერთ აფხაზეთიდან დევნილს დაუკავშირდა, რომელიც ირმას მსგავსად აფხაზ თანატოლებთან კავშირებს არ წყვეტს. ოჩამჩირელი ნანა აბშილავა ამბობს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც უამრავი აფხაზი და ქართველი შეეწირა, იყო საქართველო-რუსეთის ომი, რადგან აფხაზებმა, მართალია გვიან, მაგრამ კარგად იციან, რომ სულ მალე აფხაზი ერი ოკუპირებულ რეგიონში არ იარსებებს.

ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სოფელი თუ ქალაქი 18 წლის წინ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს, იმედოვნებენ, რომ ძალიან მალე აფხაზი და ქართველი ერი თანაცხოვრებას აფხაზეთში გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG