Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოვაჭრეებისა და დევნილების ერთობლივი აქცია


დევნილებისა და გარემოვაჭრეების აქცია თბილისის საკრებულოს წინ.
დევნილებისა და გარემოვაჭრეების აქცია თბილისის საკრებულოს წინ.
26 აგვისტოს თბილისის საკრებულოს შენობასთან შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დევნილების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილება და გარევაჭრობის მოწესრიგებული სახით აღდგენა მოითხოვა. აქციის ორგანიზატორებმა დედაქალაქის საკრებულოს საკანონმდებლო ინიციატივითაც მიმართეს.

თბილისის საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია 12 საათზე დაიწყო. კონსერვატიული და ხალხის პარტიების წარმომადგენლები, რამდენიმე ათეული გარემოვაჭრისა და იძულებით გადაადგილებული პირის თანხლებით, შენობის მთავარ შესასვლელთან დადგნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხმის გამაძლიერებლით მიმართეს. ლაშა ჩხარტიშვილმა - კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა -განაცხადა, რომ თბილისში სურსათის გაძვირება გარევაჭრობის აკრძალვამ და ხელისუფლების მიერ მონოპოლიების წახალისებამ გამოიწვია:

„ძირს სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და ბენდუქიძის მონოპოლიები! ჩვენ გვინდა თავისუფალი ვაჭრობა! ჩვენ მოვითხოვთ გარევაჭრობის უფლებას, ვიდრე სახელმწიფო არ შექმნის სამუშაო ადგილებს! გარევაჭრობა ან სამუშაო ადგილები! - ესაა ჩვენი მოთხოვნა.“

ლაშა ჩხარტიშვილის ამ გამოსვლას სხვებთან ერთად ისმენდნენ მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მოვაჭრე ქალები, რომლებსაც, მათივე თქმით, თავი საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვით გაჰქონდათ და, შესაბამისად, არ აბინძურებდნენ გარემოს, განსხვავებით სურსათით მოვაჭრეებისაგან.

„არანაირი ხილი და მალეფუჭებადი პროდუქცია! ვყიდდი კბილის პასტას, საპონს, აეროზოლს... სამსახურიდან დაღლილი ადამიანი რომ ბრუნდებოდა შინ, ხელს გააყოლებდა ხოლმე. ბაზარში რომ შევიდე, ერთსა და ორს თუ გავყიდი.“

გარევაჭრობით დაკავებული ეს ქალი და აქცის სხვა მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისაგან გარევაჭრობის დაკანონებასა და მისი რეგულირებისათვის საჭირო წესების შემოღებას მოითხოვენ. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, „ხალხის პარტიის“ წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, ამბობს, რომ თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაადგინოს სად, რა სახის საქონლითა და როგორ პირობებში შეიძლება გარევაჭრობის წარმოება:

„სპეციალური ადგილები გამოიყოს. მაგალითად, „სიტი პარკმა“ ტროტუარებზე რომ დახაზა მანქანების სადგომები, ეგ გამოიყოს. არქიტექტურულად ლამაზად მოეწყოს ფარდულებითა და შესაბამისი ფორმებით. და მთავარი მომენტი: მალეფუჭებადი საქონელი სპეციალური რეჟიმით განისაზღვროს - მაცივრებით და ასე შემდეგ. საჭიროა შენარჩუნდეს წიგნით ვაჭრობა, რომელიც ალამაზებს ქალაქს. ხილითა და ბოსტნეულით მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვაჭრობენ და ამით კოლორიტს სძენენ მას. ასეთია ჩვენი მოთხოვნა.“

მოთხოვნა, რომელსაც კანონპროექტის სახე აქვს, აქციის მონაწილეებმა თბილისის საკრებულოს მიაწოდეს, თუმცა არც საკრებულოს უმრავლესობიდან და არც მერიიდან მას არავინ გამოხმაურებია. აქციის მიმდინარეობის მიუხედავად, საკრებულოს შენობა და მიმდებარე ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს საკრებულოს წევრებმა ნაციონალური მოძრაობიდან - ვახტანგ ნაცვლიშვილმა და კოკი იონათამიშვილმა. რაც შეეხება საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის თქმით, პასიურობის მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობას მაინც მოუწევს გარევაჭრობის კანონით მოწესრიგება.

ვიქტორ დოლიძის თქმით, დევნილებისა და გარემოვაჭრეების პრობლემების განხილვას თბილისის საკრებულო 27 აგვისტოს სხდომაზე აპირებს. სხდომას დაესწრებიან აქციაში მონაწილე დევნილებიც. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დევნილებს, რომლებმაც წლების განმავლობაში წვალებითა და არაადამიანური ძალისხმევით გაიჩინეს არსებობის წყარო, არ შეუძლიათ თბილისიდან რეგიონებში გადასახლება და შემოსავლის გარეშე დარჩენა, რაც დედაქალაქის მერიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG