Accessibility links

logo-print

ოჰანესიანი: აზერბაიჯანის S-300 პრობლემას არ წარმოადგენს

  • ნიკო ნერგაძე

საჰაერო თავდაცვითი სისტემები S-300

საჰაერო თავდაცვითი სისტემები S-300

ერთი კვირის წინ რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნა 2044 წლამდე ხანგრძლივდება. რუსეთმა ასევე ვალდებულება იკისრა, დაიცვას სომხეთის უსაფრთხოება.

ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ქვეყნის სამხედრო დოქტრინა, რომელშიც მთიანი ყარაბახი მოხსენებულია როგორც „ოკუპირებული მიწა“, რომლის დასაბრუნებლადაც აზერბაიჯანს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, მათ შორის - სამხედრო ძალა.

რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბარში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეიმურ ოჰანესიანმა თქვა, რომ რუსეთთან დადებული შეთანხმების შემდეგ, თუ აზერბაიჯანი რეგიონში ძალის გამოყენებას გადაწყვეტს და კონფლიქტში სომხეთიც ჩაერთვება, რუსეთი ღიად დაუჭერს მხარს სომხეთს.

თავად ოჰანესიანი მთიან ყარაბახშია დაბადებული. 1991-94 წლებში, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და შემდეგ სომხურ-ყარაბახულ არმიას ხელმძღვანელობდა. მისი აზრი ემთხვევა ბევრი სომეხი ანალიტიკოსის პოზიციას, რომ რუსეთთან დადებული ხელშეკრულება გადააფიქრებინებს აზერბაიჯანს ყარაბახის ძალით დაბრუნებას.

თუმცა, რუსეთსა და სომხეთს შორის შეთანხმების გაფორმების პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ მოსკოვი აპირებდა S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემები აზერბაიჯანისთვის მიეყიდა. ამ ცნობამ სომხეთში შეშფოთება გამოიწვია. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჰაერო თავდაცვის ეს დახვეწილი სისტემა შეზღუდავს სომხეთის სამხედრო პოტენციალს შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში. მათი თქმით, ქვეყნის სამხედრო ძალა ვეღარ შეძლებს აზერბაიჯანის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტების განადგურებას და, შესაბამისად, წაახალისებს ბაქოს, ძალით დაიბრუნოს ყარაბახი.

ოჰანესიანი ამ შეშფოთებას არ იზიარებს. მისი თქმით, სომხები “ძალიან კარგად იცნობენ“ S-300 ტიპის სისტემას და შეუძლიათ ამ სისტემის ეფექტიანობის შემცირება. რაც შეეხება აზერბაიჯანელებს, - ამატებს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, - მათ სისტემის ასაწყობად დიდი დრო დასჭირდებათ.

ოჰანესიანმა დასძინა, რომ სომხეთის ხელისუფლება ყარაბახის კონფლიქტის ზონაში ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს.
XS
SM
MD
LG