Accessibility links

logo-print

უარი კანონს „ოჯახის შესახებ“ „ოჯახის გადასარჩენად“


ოჯახის მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ესმით. ირანში, მაგალითად, ამ ქვეყნის კანონმდებლები ამ საკითხზე ახალი პროექტის განხილვისთვის ემზადებიან. თუკი ეს კანონი დამტკიცდა, ირანელ მამაკაცებს ნება მიეცემათ, პირველი ცოლის უკითხავად მეორედ დაქორწინდნენ და, ამასთან, მოტანილი მზითევი დაიბეგრება. პროექტი სამი წლის წინ შეიტანა პარლამენტში მაჰმუდ აჰმადინეჟადის მთავრობამ. თავის დროზე ბევრი უფლებადამცავი აღუდგა წინ კანონპროექტს. ახლა, შარშანდელი მოვლენების შემდეგ, მათი უმეტესობა ან საპატიმროშია, ან სხვა სასჯელს იხდის, ბევრმა კი ქვეყანა დატოვა.

კანონპროექტს, რომელსაც“ოჯახის მხარდაჭერის კანონპროექტი“ ჰქვია, ირანში ბევრი ოჯახის საწინააღმდეგო დოკუმენტად მიიჩნევს. მის მიმართ კრიტიკულად განწყობილები ფიქრობენ, რომ ამგვარ კანონს შეუძლია მრავალცოლიანობას შეუწყოს ხელი. საქმე ისაა, რომ ირანში, მართალია, ეს ქვეყანა ისლამური კანონით ცხოვრობს, მრავალცოლიანობა არაა ფართოდ გავრცელებული და მოსახლეობაში მას მაინცდამაინც ბევრი მომხრე არ ჰყავს. თუმცა ამ მცირერიცხოვან მომხრებს თავიანთი არგუმენტები აქვთ. ერთ-ერთია ის, რომ კანონი ისლამურ პრინციპებს განამტკიცებს, სხვა მოსაზრებით კი, ის იმ ქალთა და გოგონების უფლებებს დაიცავს, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით არ შეუძლიათ ქორწინებაში ყოფნა ერთ მამაკაცთან, ანუ არ შეუძლიათ იყვნენ პირველი თუ ერთადერთი ცოლი.

ეს კანონპროექტი 2007 წელს მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდა უფლებადამცავების მხრიდან. მაშინ კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, ის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის გადაეცათ განსახილველად, რაც ირანელ ქალთა უფლებებისთვის მებრძოლებმა დიდ გამარჯვებად მიიჩნიეს. მაგრამ გამარჯვება შეიძლება ხანმოკლე გამოდგეს, რადგან ახლა, ირანის საკანონმდებლო ორგანოში კონსერვატორები დომინირებენ და კანონს შეიძლება ბევრი მოწინააღმდეგე არ ჰყავდეს. ის, ვინც სამი წლის წინ იბრძოდა უფლებებისთვის, ახლა, როგორც ითქვა, იზოლირებულია, ან ირანშივე, ან ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და მათმა სიტყვამ პარლამენტის გადაწყვეტილებაზე შეიძლება ისეთი გავლენა ვეღარ იქონიოს. კანონპროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე უკვე არსებულ მუხლში ცვლილებები შევიდა და ისინი კიდევ უფრო დისკრიმინაციული ხასიათისაა.

ოპოზიციონერმა ზაბრა რაჰნავარდმა პარლამენტს მოუწოდა უარი თქვას კანონპროექტის განხილვაზე, მისი თქმით, „ოჯახის გადასარჩენად“. რაჰნავარდი პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მირ ჰოსეინ მუსავის, ცოლია. მისი თქმით, კანონპროექტს არასწორად გადმოაქვს ყურანის ის პასაჟი, სადაც მრავალცოლიანობაზეა ლაპარაკი.

ყველაზე სადავო მუხლი ამ კანონში აწესებს, რომ კიდევ ერთი, ეგრეთ წოდებული „მუდმივი ცოლის“ შერთვა შეიძლება, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ კაცს, მისი ფინანსური შესაძლებლობა ამის შესაძლებლობას აძლევს.

ირანელმა უფლებადამცავმა, ნორვეგიაში მცხოვრებმა ასიე ამინიმ, ჩვენი რადიოს ირანულ სამსახურს უთხრა, რომ მუხლში დამატებულია სხვა არაერთი პირობა, რაც კანონის დისკრიმინაციულ ბუნებას აძლიერებს. მათ შორის არის, მაგალითად, პირობა, რომ თუკი ქალს რაიმე ისეთი ჩვევა ან მიდრეკილება აქვს, რომელიც ოჯახს ვნებს, ან სასიკვდილოდ დაავადდება, ან სახლს ტოვებს 6 თვეზე მეტ ხანს, ან უნაყოფოა, კაცს აქვს უფლება შეირთოს სხვა ცოლი. ამინის თანახმად, ეს ქალისა და კაცის უთანასწორობას კიდევ უფრო აძლიერებს: „საკითხავი ისაა, თუკი კაცს აქვს ასეთი ჩვევები, ეს რას ნიშნავს ოჯახისთვის? ამაზე კანონი დუმს. რა ვქნათ, თუკი კაცია უნაყოფო, სქესობრივად უუნარო, ან არა აქვს სურვილი სექსისა? ან თუ ოჯახს მიატოვებს, რა ქნან ცოლმა და შვილებმა? კანონპროექტის ყველა მუხლი ოჯახში კაცს ანიჭებს უპირატესობას სქესობრივადაც და მორალურადაც.“

ნობელის პრემიის ირანელი ლაურეატი, ადვოკატი შირინ ებადი, რომელიც სხვებთან ერთად იბრძოდა ამ კანონის წინააღმდეგ 2008 წელს, ამბობს, რომ კანონი გააძლიერებს ქალსა და კაცს შორის უთანასწორობას და ხელს შეუწყობს მრავალცოლიანობას: „კანონი აიძულებს ქალს გაინაწილოს ქორწინება და გრძნობები სხვა ქალთან და, ამასთან, მას იმის უფლებაც კი არა აქვს, გაშორდეს ქმარს. ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რომლის წინააღმდეგაც ირანელი ქალები ერთად იბრძოდნენ.“

კანონპროექტში არის სხვა მუხლებიც, რომლებსაც ასევე დაუშვებლად მიიჩნევენ აქტივისტები. მათ შორისაა მზითევის დაბეგვრა და „დროებითი ქორწინების“ რეგისტრირების აუცილებლობის გაუქმება, იმის ნაცვლად, რომ ის საერთოდ აიკრძალოს.

პარლამენტში განსახილველად კანოპროექტი მაშინ წარადგინეს, როცა იქ აქტივისტების დიდი ნაწილი, რომლებიც მას ადრე აღუდგნენ წინ, ან საპატიმროში არიან, ან თავდებით არიან გამოშვებული, ან კიდევ ემიგრაციაში ცხოვრობენ, როგორც ებადი და ამინი. თეირანში მუშაობს ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ფატემე გოვარაი, რომელიც თვლის, რომ სწორედ ამის გამო შეიტანეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგში. გოვარაი სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებს შარშანდელ მოვლენებს, როცა პრეზიდენტად, სადავო არჩევნების შემდეგ, კვლავ მაჰმუდ აჰმადინეჟადი იქნა გამოცხადებული: „ერთი წელი გავიდა სახელმწიფო გადატრიალებიდან, როცა სისხლი დაიღვარა და შემდეგ ეს დაივიწყეს. ირანის საზოგადოებას ძალიან მძაფრი რეპრესიებით მართავენ. პარლამენტი და მმართველი ძალა ახლა მოელის, რომ კანონპროექტს ისეთივე წინააღმდეგობა აღარ შეხვდება, როგორც 2008 წელს. ამიტომ ფიქრობენ, რომ, მცირე ცვლილებებით, პროექტი გავა.“

უფლებადამცავი ადვოკატი ნასრინ სოთუდეც თეირანში მუშაობს. მისი თქმით, ირანელი ქალები, ქვეყნის შიგნით და გარეთ, არ გაჩუმდებიან: „შარშანდელ - განსაკუთრებით არჩევნების შემდეგდროინდელ - საპროტესტო გამოსვლებში უფრო მეტი ქალი მონაწილეობდა, ვიდრე კაცი. ირანელი ქალების ბრაზს, რომელიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ, თუკი ირანის მმართველებს ჭკუა აქვთ, მეტს არ დაამატებენ.“

სოციოლოგ წალა ეზაზის, ასევე თეირანელის, აზრით, ირანის ხელისუფალთ ამ კანონის მიღება იმისათვის უნდათ, რომ უფრო მეტად გააკონტროლონ ირანელი ქალები. ის დარწმუნებულია, რომ კანონის ცხოვრებაში გატარებას არა მხოლოდ ქალები, მამაკაცებიც კი არ მიემხრობიან: „ჩემი წინასწარმეტყველებით, ცხოვრებაში კანონის გატარება შეუძლებელია მასში არსებული პირობების გამო. საფრთხეც ვერ აიძულებს ქალებს სახლში ისხდნენ და შეურიგდნენ ამ უკეთურ მოთხოვნებს.“
XS
SM
MD
LG