Accessibility links

logo-print

რის გამო შეიძლება დაიწყოს ომი რუსეთმა საქართველოსთან?


მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთმა საქართველოსთან შესაძლოა ახალი ომი გააჩაღოს. ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 26 აგვისტოს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და იქვე საფრთხის შემცირების ერთგვარ წინაპირობად დაასახელა საქართველოს ინიციატივა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. რამდენად იმუშავებს ამჯერად მოსკოვის მიერ მრავალჯერ უარყოფილი ინიციატივა და რამდენად მოსალოდნელია რუსეთ-საქართველოს ხელახალი ომი? სამხედრო სფეროს მოსკოველი ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ამბობს, რომ ამგვარი საფრთხე არსებობს, მაგრამ არა რუსეთში მოახლოებული არჩევნების მიზეზით.

ახალი ომის მოსალოდნელობას პრეზიდენტი სააკაშვილი კრემლის მიერ აპრობირებული პრაქტიკის ფონზე განიხილავს და ”ეხო მოსკვის” ეთერში საუბრისას უახლოესი წარსულის მაგალითებს იხსენებს:

”ორჯერვე, როდესაც პრეზიდენტად პუტინს ირჩევდნენ, მან არსებითად ორჯერვე ომი გააჩაღა. სწორედ არჩევნები ეძღვნებოდა ომს... ამაში ეჭვი არავის ეპარება და ამას ყველა აღიარებს. მედვედევის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი საჭირო გახდა იმის ჩვენება, თუ ვინ იყო ”უფროსი ოჯახში” და არჩევნების შემდეგ მალევე იყო ომი, რადგანაც ეს სხვა სიტუაცია იყო... და ახლაც არჩევნები ახლოვდება... რამდენადაც ვხვდები, ბატონი პუტინი ისევ აპირებს პრეზიდენტობას. არ ვიცი, შეიძლება მან ან რაიმე ახალი გამოიგონა თავის მენიუში, ანდა... ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი მე ძალიან მაღელვებს... ”

საჭიროა სახმელეთო კავშირი იქ არსებულ ჯარებთან. ამისათვის კი საჭიროა, რომ თბილისში იყოს მეგობრული ხელისუფლება და ამ საკითხის გადადება არ შეიძლება უსასრულოდ ...
ავტორიტარული სტილით მართული რუსეთისგან კონფლიქტების გამწვავების სცენარით მოქმედებას არ გამორიცხავს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ბესო ალადაშვილი. მისი აზრით, საფრთხის წინაშე, საქართველოსთან ერთად, ბელორუსია და მოლდავეთიც დგანან, რადგანაც რუსეთს რეგიონში დაძაბულობის მუდმივად შენარჩუნების სურვილი ამოძრავებს. თუმცა, აი, რაც შეეხება ფართომასშტაბიან ომს, ბესო ალადაშვილი ცალკეული პროვოკაციების ომში გადაზრდის საფრთხეს მაინც ვერ ხედავს, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მიიღო და შეინარჩუნა კიდეც ყველაფერი ის, რაც მას სურდა.

სამხედრო სფეროს რუსი ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის გათვლით კი, ომის საფრთხე კვლავაც არსებობს, მაგრამ ეს საფრთხე სულაც არ უკავშირდება რუსეთში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. მოსკოველი ექსპერტი რუსეთ-საქართველოს შორის ახლო მომავალში მოსალოდნელი სამხედრო კონფრონტაციის ძირითად მიზეზად სომხეთში არსებულ სამხედრო ბაზას ხედავს. გავიხსენოთ, რომ, რამდენიმე დღის წინ ერევანში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, გიუმრის ბაზის ფუნქციონირება 2044 წლამდე გახანგრძლივდა, ხოლო რუსეთმა თავის თავზე აიღო სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც.

პაველ ფელგენგაუერი განმარტავს, რომ ამ ყველაფერის განსახორციელებლად, სულ ცოტა, მოძველებული სამხედრო ტექნიკის განახლებაა საჭირო, თუმცა მხოლოდ საჰაერო კავშირით ეს ვერ მოხერხდება... და რადგანაც საქართველო ამჟამად რუსეთს სომხეთის მიმართულებით, სახმელეთო გზით, ერთი ტყვიის გადატანის საშუალებასაც კი არ აძლევს, კრემლი სამხედრო ლოგიკით ამოქმედდება:

”რაიმენაირად უნდა გადაწყდეს, უპირველეს ყოვლისა, სომხეთთან დაკავშირებული საკითხი... საჭიროა სახმელეთო კავშირი იქ არსებულ ჯარებთან. ამისათვის კი საჭიროა, რომ თბილისში იყოს მეგობრული ხელისუფლება და ამ საკითხის გადადება არ შეიძლება უსასრულოდ. ახლა ამბობენ, რომ, აი, სააკაშვილი 2013 წელს წავა, მაგრამ, შეცვლილი კონსტიტუციით, სავსებით მოსალოდნელია, რომ დარჩეს, როგორც პუტინი, ანუ პრემიერ-მინისტრად. ამ შემთხვევაში მოსკოვს მოუწევს სააკაშვილთან მოლაპარაკება, ეს კი მეტად მტკივნეული აღსაქმელი იქნება კრემლისთვის... ამიტომ ომის საფრთხე რჩება და ომის საფრთხე მომავალ წელს ისევ იქნება.”

გადაწყვეტილი გვაქვს ახალი ნაბიჯების გადადგმა იმ პოზიციის რაღაცნაირად უფრო ოფიციალურად გასაფორმებლად, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ იმ ხაზზე, სადაც ისინი განლაგდნენ, შეიარაღებული ძალის გამოყენებას ...
ფელგენგაუერი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი იწინასწარმეტყველა, მაგრამ რომელსაც შარშან ზაფხულში მსგავსი პროგნოზი არ გაუმართლდა, ამჯერად ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოლაშქრებას, სავარაუდოდ, მთიან ყარაბახსა და ირანთან დაკავშირებული გლობალური კონფლიქტების გამწვავების ფონზე დაგეგმავს, რადგან იმ არეულ სიტუაციაში დასავლეთს საქართველოს საკითხისთვის აღარ ეცლება და კრემლსაც უფრო მეტი რამ შერჩება. ფელგენგაუერი ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი ერთი-ორი წლის შუალედშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება გამოსავალს, მოსკოველი ექსპერტი მხოლოდ ორ კონკრეტულ გზას ხედავს: საქართველო ან ახალი ომისთვის უნდა მოემზადოს, ანდა გარკვეულ საკითხებზე საერთო ენა უნდა გამონახოს რუსეთთან.

მოსკოვთან პირდაპირი და უპირობო დიალოგის დაწყების მზადყოფნა ძალაში რომ რჩება, ეს 24 აგვისტოს ”ეხო მოსკვის” ეთერში კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და იქვე ილაპარაკა ინიციატივაზეც, რომელმაც მოსკოვს საქართველოს წინააღმდეგ ”მანევრირების” შანსები უნდა შეუმციროს.

”უახლოეს კვირებში გადაწყვეტილი გვაქვს ახალი ნაბიჯების გადადგმა იმ პოზიციის რაღაცნაირად უფრო ოფიციალურად გასაფორმებლად, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ იმ ხაზზე, სადაც ისინი განლაგდნენ, შეიარაღებული ძალის გამოყენებას... ეს ყველაფერი მინიმუმ დაამშვიდებს მათ, ვინც რუსეთში სერიოზულად ლაპარაკობს რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო წარმომადგენლობაზე საქართველოს თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა თბილისის გეგმა არ დაუკონკრეტებია.

პაველ ფელგენგაუერისთვის კი ნათელია, რომ თბილისის ახალი ინიციატივა მოსკოვისთვის საკმაოდ ძველი გამოდგება და ის სამხედრო ქმედებების შეჩერებას ვერ შეძლებს. მისი აზრით, მოსკოვი თბილისთან ერთად ძალის გამოუყენებლობის არანაირ დოკუმენტზე არ მოაწერს ხელს და ცივ უარს განაცხადებს, ისევე როგორც მან ეს უკვე არაერთხელ გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. ყველასათვის ცნობილია, რომ მოსკოვი მსგავსი შეთანხმების გაფორმებას საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის ითხოვს. ეს კი კატეგორიულად მიუღებელია თბილისისთვის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG