Accessibility links

რატომ ემორჩილებიან და ემორჩილებოდნენ ადამიანები ტოტალიტარულ რეჟიმებს? რატომ არიან ისინი ჩუმად, როცა სხვა ადამიანს დაუმსახურებლად უსწორდება სისტემა? რატომ უჭირს ადამიანს საკუთარი აზრის დაფიქსირება ან, საერთოდ, იმის მიხვედრა, თუ რა არის მისი აზრი? რატომ არის, რომ რელიგიის ან ნებისმიერი იდეოლოგიის დამცველნი სხვა ადამიანებზე ძალას ხმარობენ და, სიყვარულის სახელით, სისასტიკის ჩადენა შეუძლიათ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას დასავლურ
უნივერსიტეტებში სამოციან წლებში შეეცადნენ.

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების მეშვეობით მეცნიერებმა ადამიანთა ფუნდამენტურ მიდრეკილებებზე დაკვირვება შეძლეს. მაშინ ეს ექსპერიმენტები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რადგან ექსპერიმენტატორებმა შედეგების მისაღებად ადამიანი გამოიყენეს. შედეგები კი იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად წლების გასვლისა, დასკვნები, რომლებიც ამ ექსპერიმენტების დროს გაკეთდა, მეცნიერებს - და არამარტო მათ - საფიქრალს დღემდე უტოვებს.

50-იან წლებში პროფესორმა სომონონ აშმა სტუდენტები დასხა და მარტივი დავალება მისცა: წარმოიდგინეთ, რომ ოთხი ადამიანი ზის. აქედან სამი შეკრულია პროფესორთან. მიცემულია მარტივი დავალება: დაფაზე ოთხი ხაზია. აქედან ორი აშკარად ერთმანეთის ტოლია. სტუდენტებმა უნდა თქვან, რომელი…ბოლო სტუდენტმა არ იცის, რომ დანარჩენი სამი შეგნებულად არასწორ პასუხს იძლევა…

-სამი, სამი, სამი, ერთი.

-ერთი, ერთი, ერთი, ორი?!

მეოთხე სტუდენტს სიჯიუტე დიდხანს არ ჰყოფნის. ტესტის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს, ჯგუფის წევრები აშკარად შეცდომით პასუხობენ, ამ შეცდომას იმეორებს და ისიც სამს ამბობს.

- სამი, სამი სამი, ჰმ… სამი.

ამ ექსპერიმენტს „აშის კონფორმიზმის ექსპერიმენტი“ დაერქვა. ადამიანები საკუთარ აღქმას ეჭვის ქვეშ აყენებენ და ენდობიან სოციუმის მიერ შეთავაზებულ ახსნა-განმარტებას. მიზეზი სხვადასხვაა: ერთ-ერთი საკუთარ აღქმაში გულწრფელად ეჭვის შეტანაა. რადგან ყველა ამბობს, შესაძლოა მე ვცდები - ისინი ბევრნი არიან, ჰოდა, მათი აზრი შესაძლოა სწორია; რომც არ იყოს, მარტო მე არ ვიქნები, ვინც შეცდომას უშვებს. ამას მეცნიერებმა ინფორმაციული კონფორმიზმი დაარქვეს. არის სხვა შემთხვევაც: ადამიანი დარწმუნებულია, რომ ჯგუფი ცდება, მაგრამ კონფორმიზმი აქ უფრო ჯგუფისგან გარიყვის შიშითაა განპირობებული: ისევ ჯობია შეცდომა დავუშვა, ვიდრე მარტო დავრჩე. მე რომ შემეშალოს? - ზღვარი აქ ძნელი დასადგენია, თუმცა ამ მეორე შემთხვევას საკუთარი აკადემიური სახელი, ნორმატიული კონფორმიზმი, დაერქვა. ადამიანები შემთხვევების მხოლოდ ერთ მესამედში ამბობენ ჯიუტად უარს ჯგუფის გადაწყვეტილებას დამორჩილდნენ, თუკი მათი საკუთარი აზრი განსხვავებულია.

ეს ექსპერიმენტი მას შემდეგ ბევრი დასკვნის საფუძველი გახდა. უმთავრესად, ამით იხსნებოდა ტოტალიტარულ რეჟიმებში ადამიანთა სიჩუმე, ზოგადად დადგენილი თამაშის წესებისადმი მორჩილება. ადამიანთა ბუნებაში ეს კონფორმიზმისკენ მიდრეკილება თანამედროვე სამყაროში მეცნიერებმა მას მედიასთან კავშირშიც განიხილეს. მას მედია, როგორც მასების მედიუმი, ზოგადად, მიჩნეულია უმრავლესობის დისკურსად, გადაწყვეტილებად, შეთანხმებად იდეოლოგიურ თუ სხვა ფაქტორებზე… ამის გამო მეცნიერები საფრთხეს ხედავდნენ, განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში, მასობრივი მედიის ძალაუფლებაში - მედიისა, რომელსაც შეეძლო ეთქვა მარტივად „ორი“ და ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკუთარი პასუხი იყო „სამი“, თავის პირად აღქმასა და დაკვირვებას ეჭვის ქვეშ აყენებდა და მორჩილდებოდა აზრს, რომელსაც მას მედია ავითარებდა.

მოდით, წინ წავიწიოთ და სხვა ექსპერიმენტზე მოვყვეთ…ფრაგმენტი BBC-ის მიერ მომზადებული ფილმიდან:

”იმის გასაგებად, თუ როგორ შეძლეს ადამიანების დარწმუნება, რომ დამორჩილებოდნენ უსამართლო რეჟიმებს და მონაწილეობა მიეღოთ ისეთ სისასტიკეში, როგორიც ჰოლოკოსტი იყო, ჩატარდა ექსპერიმენტი…”

ეს ექსპერიმენტი 1961 წელს იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა სტენდლი მილგრამმა ჩაატარა. ექსპერიმენტი მარტივად ასე გამოიყურება: მოდის ორი ადამიანი. თითქოსდა შემთხვევითი შერჩევით, ერთ-ერთი მასწავლებლის, მეორე კი მოსწავლის როლს ირგებს. მასწავლებელს ეუბნებიან, რომ ხდება სამეცნიერო დონეზე მეხსიერების გაუმჯობესების მეთოდების კვლევა.

მონაწილეებს ცალ-ცალკე ოთახებში ათავსებენ. მასწავლებელი ჯდება მაგიდასთან, რომელზეც ღილაკებია განთავსებული,მინაწერით 30-დან 450 ვოლტამდე. მოსწავლეს კი მეორე ოთახში სკამზე სვამენ, ხელებს უბამენ, სკამს კი დენის წყაროს უერთებენ. მასწავლებლის როლში მყოფ მონაწილეს ღილაკზე თითის დაჭერით მოსწავლისთვის ელექტრონული შოკის მიყენება შეუძლია. მასწავლებელს გადაეცემა კითხვარი და ინსტრუქცია, რომ ყოველი არასწორი პასუხის შემთხვევაში მომდევნო ღილაკს დააჭიროს თითი, რაც ძაბვის ზრდას იწვევს: შემდეგი შეკითხვა, შემდეგი არასწორი პასუხი და შემდეგი გაზრდილი დენის ულუფა.

მასწავლებელი: სწორი პასუხია „ცხენი“.

მოსწავლე: მორჩა, გამომიშვით აქედან.

მასწავლებელი: რა გავაკეთო? მე მგონი, სტკივა.

პროფესორი: ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ განაგრძოთ…

მასწავლებელი: ნუთუ?

პროფესორი: უბრალოდ, განაგრძეთ…

ამ ექსპერიმენტში მონაწილე მასწავლებელთა ორი მესამედი, მილგრამის დასკვნით, 450 ვოლტამდე უპრობლემოდ ადის. ერთი რამ, რაც მათ არ იციან, არის ის, რომ ყვირილი, რომელიც მათ ესმით, უბრალოდ, აუდიოჩანაწერია და მოსწავლე, სინამდვილეში, დენის სკამზე არ ზის. ამის მიუხედავად, მასწავლებლები უპრობლემოდ აჭერენ მომაკვდინებელ 450 ვოლტიან ღილაკს მაშინ, როცა მათ უკან ავტორიტეტული თეთრხალათიანი ადამიანი ზის და ეუბნება:

„ექსპერიმენტს სჭირდება, რომ განაგრძოთ.“

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მასწავლებლებს ექსპერიმენტის რეალურ მიზეზს უხსნიან - ეუბნებიან, რომ დაკვირვება მორჩილებაზე ხდება. ექსპერიმენტს სწორედ ასე ჰქვია - „მილგრამის მორჩილების ექსპერიმენტი“. მისი მიზანი იმის დადგენაა, თუ როგორ ემორჩილება ადამიანი ავტორიტეტებს და რა მოსდის მის პასუხისმგებლობას ამ დროს. მონაწილეთა უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი, უბრალოდ, პროფესორის ბრძანებას ემორჩილებოდნენ და პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არა ისინი, არამედ სწორედ პროფესორი იყო, რომელიც კვლევას ატარებდა. თუმცა რამდენად ასეა ეს? რამდენად არიან ადამიანები საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელნი? პასუხი, ბუნებრივია, ინდივიდუალურად გასაცემია, თუმცა მილგრამის ექსპერიმენტმა ამაზე საფიქრალად რეალურ კვლევაზე დაფუძნებული მიზეზი გააჩინა.

კიდევ უფრო წინ წავიდეთ. 1971 წელი, სტენფორდის უნივერსიტეტი. ფსიქოლოგიის დოქტორი ფილიპ ზიმბარდო ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შენობის სარდაფში ნამდვილ ციხეს ქმნის - რეალური ფორმებით, კამერებით, ხელკეტებით, ბორკილებით, რკინის საწოლებით, პატიმართა უფლებებითა და მოვალეობებით.

დოქტორი ზიმბარდო: მე მაინტერესებდა, რა მოხდება, თუ ჩვენ კარგ ადამიანებს ბოროტ გარემოში განვათავსებთ - აკონტროლებს თუ არა სიტუაცია შენს გარეთ, ინსტიტუციაში, როგორიც არის ციხე, შენს ქმედებას.

ზიმბარდომ სტენფორდის უნივერსიტეტის 24 სტუდენტი შეარჩია. ისინი ორ
ჯგუფად გაყო. ერთნი პატიმრები უნდა ყოფილიყვნენ, მეორენი კი ციხის მცველები და ადმინისტრაცია. ციხის მცველებს სამხედრო ფორმები, ვერცხლისფერი გაუმჭვირვალე სათვალები, ხელბორკილები და ხელკეტები დაურიგდათ; პატიმრებს პატიმრის ტანსაცმელი ჩააცვეს, ნომრები დააწერეს და აუკრძალეს ერთმანეთისთვის სახელებით მიემართათ - ისინი, უბრალოდ, მათ მკერდზე მიწებებული ნომრები გახდნენ.

დოქტორი ზიმბარდო: ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ძალაუფლების შეგრძნება, ანუ მცველები, როგორც კატეგორია, რომელთაც აქვთ ძალაუფლება სხვებზე, ამ შემთხვევაში - პატიმრებზე.

ყველაფერი დაიწყო, ჩვეულებრივ, როგორც ექსპერიმენტი, სადაც ყველა
მონაწილემ, ბუნებრივია, იცოდა, რომ ისინი იყვნენ სტუდენტები, რომლებიც
ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, - მათ პროფესორი დღეში
თხუთმეტ დოლარს უხდიდა, - თუმცა უკვე მეორე დღეს სიტუაცია ორ ჯგუფს
შორის სერიოზულად დაიძაბა.

ციხის მცველების როლში მყოფმა სტუდენტებმა დაუმორჩილებლობის მიმართ სისასტიკის გამომჟღავნება დაიწყეს - პატიმრებს ატიტვლებდნენ, დასცინოდნენ…კეტავდნენ მცირე ზომის ბნელ ოთახში… თავზე ყუთებს ადგამდნენ და სთხოვდნენ ევლოთ. ექვს დღეში ორმა პატიმარმა ასეთ მოპყრობას ვერ გაუძლო და ისინი ექსპერიმენტიდან გამოთიშეს. მათ, ვინც გაუძლო, დაკარგეს წინააღმდეგობის გაწევის უნარი, - როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დოქტორმა ზიმბარდომ ახლახან თქვა, ისინი გახდნენ ზომბირებულები: საკუთარი დასჯის შიშით, ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ.

მცველი: მოკლედ, საკითხი ასე დგას: ან 416 კარცერში კიდევ ერთ დღეს გაატარებს, ან თქვენ ყველას ჩამოგერთმევათ საბნები და მოგიწევთ ისე წოლა, 416-ს კი გამოვუშვებთ…

პატიმრები: მე საბანს დავიტოვებ, ბატონო ოფიცერო. მეც დავიტოვებ…

ზოგიერთი მცველი სულ უფრო მკაცრ და სადისტურ მეთოდებს ცდიდა პატიმრებზე, რათა მათი მორჩილება მაქსიმუმამდე მიეყვანა. სხვანი, უბრალოდ, ან ჩუმად იყვნენ, ან ბრძანებებს ასრულებდნენ.

მცველი: როგორც კი შენ უნიფორმას გაცმევენ და სამსახურს გაძლევენ, ხდები ის ადამიანი, რასაც შენი სამსახური გავალებს.

ზიმბარდოს მეექვსე დღეს, სიტუაციის უკონტროლობის გამო, ექსპერიმენტის შეწყვეტა მოუხდა. სტუდენტებს ექსპერიმენტის დასრულების შემდეგაც გაუჭირდათ რეალურ მდგომარეობას დაბრუნებოდნენ.

პატიმარი: ეს ჩემთვის ციხე იყო, ეს ჩემთვის ახლაც ციხეა. მე არ ვუყურებ ამას როგორც ექსპერიმენტს ან რამეს. ეს იყო ციხე, რომელიც ფსიქოლოგების მიერ იყო მართული.
მცველი: რამაც დამაბნია, იყო ის, რომ არავის გავუჩერებივარ, არავის დაუსვამს შეკითხვები ჩემს ძალაუფლებასთან დაკავშირებით. როცა მე ადამიანების დამცირება-დათრგუნვაზე გადავედი, არავის არაფერი უთქვამს.

საბოლოოოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე - მით უმეტეს, სტენფორდის პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი, მაღალი განათლების ხარისხით - სიტუაციის გავლენას თავს ვერ აღწევს და როლში შედის… როლში, რომელმაც ის შესაძლოა სასტიკ ტირანად აქციოს ან თავის გადარჩენის მიზნით სხვათა დახმარებაზე უარი ათქმევინოს. რამდენად არის ეს, უბრალოდ, როლი და რა მოსდის ამ დროს პირად პასუხისმგებლობას? დოქტორ ზიმბარდოს, რომელმაც ამ თემაზე ახლახან წიგნიც გამოსცა, მიაჩნია, რომ ადამიანი გავლენის ქვეშაა და ნებისმიერი, თუნდაც საუკეთესო საზოგადოების თითით საჩვენებელი წევრი შესაძლოა გარემოს გავლენით საზოგადოების წინაშე სხვა სახით წარდგეს… პროფესორი ზიმბარდო მოგვიანებით ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

დოქტორი ზიმბარდო: ჩვენ გვირჩევნია ვიფიქროთ, რომ თავისი ფუნდამენტური ბუნებით კარგ ადამიანს არ შეუძლია ცუდი რამეების კეთება და რომ კარგი ადამიანები ცუდ სიტუაციებზე დომინირებენ. მაგრამ, აი, ჩვენ კარგი ადამიანები ცუდ გარემოში ჩავაყენეთ და ვნახეთ ვინ მოიგო. სამწუხარო ის არის, რომ ბოროტმა გარემომ კარგი ადამიანები დაამარცხა.

თუმცა იმედს ყველა ამ ექსპერიმენტის ავტორი ინდივიდებში ხედავს - მათში, ვინც გავლენებისგან თავის დაღწევას ცდილობს, ამისთვის კი ოფიციალურ რიტორიკას, იდეოლოგიას, ავტორიტეტებს კითხვებს უსვამს, ეჭვის ქვეშ აყენებს და საკუთარი დაკვირვების, გამოცდილების, გრძნობის შენარჩუნებას და განვითარებას ახერხებს. ასეთნი სამივე ექსპერიმენტში იყვნენ, თუმცა არა უმრავლესობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG