Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახალგაზრდა გვარდია“ და გაყალბებული ვიდეოფილმი


"ახალგაზრდა გვარდიის" წევრები მიესალმებიან 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ედინაია როსიის" გამარჯვებას
"ახალგაზრდა გვარდიის" წევრები მიესალმებიან 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ედინაია როსიის" გამარჯვებას
რუსეთის მმართველ პარტიას, „ედინაია როსიას“, როგორც არაერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, აქვს თავისი ახალგაზრდული გაერთიანება. მას „ახალგაზრდა გვარდია“ ჰქვია და, ბუნებრივია, ახალგაზრდული შემართებაც ახასიათებს. ამიტომ იყო, რომ „გვარდიის“ წევრებმა, თავიანთ ლიდერებთან ერთად, როცა რუსეთის ტყეებში ხანძარი მძვინვარებდა და ქვეყანას სტიქიასთან გასამკლავებლად აშკარად არ ჰყოფნიდა რესურსი, ტყეს მიაშურეს და თავიანთი სამაშველო აქცია ფირზეც აღბეჭდეს. თუმცა, სულ მალე რუსეთში გავრცელდა ხმები, რომ ვიდეომასალა გაყალბებულია.

ხანძარი ბოლოს და ბოლოს ჩააქრეს, მაგრამ რა ჩააქრობს სკანდალს, რომელიც გვარდიელების მიმართ გამოთქმული ბრალდების გარშემო წარმოიშვა, ძნელი სათქმელია. მასმედიის ცნობით, მთავრობის ხაზის ერთგულ ახალგაზრდებს არაერთი ფოტო- და ვიდეოკადრი გადაუღიათ იმის დასადასტურებლდ, რომ მართლაც ჩართული იყვნენ ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ მასალის მხილველებს მისი ნამდვილობისა არ სჯერათ. ერთ-ერთ ვიდეოფირზე „ახალგაზრდა გვარდიის“ ლიდერი, რუსლან გატაროვი ამტკიცებს, რომ ჯგუფმა რიაზანის რეგიონში უზარმაზარი ტერიტორია გადაარჩინა დაწვას: „ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ხანძარი აქ ბევრად სერიოზული იქნებოდა, თუმცა მუდმივად მოძრაობენ წყლით სავსე სახანძრო მანქანები. ჩვენ რომ რამდენიმე წამით დაგვეგვიანა, ცეცხლს, რომელიც უკვე ადამიანზე ორჯერ მაღალი იყო, რამდენიმე წუთში, რამდენიმე ათეულ წუთში, მეხანძრეთა ბევრი ბრიგადაც ვეღარ ჩააქრობდა.“

არადა, რამდენიმე ბლოგერმა ყურადღება მიაქცია, რომ ხანძართან ბრძოლისას გვარდიელების გადაღებულ ფირზე ახალგაზრდა აქტივისტების სახეები, თმა, ტანსაცმელი, უჩვეულოდ სუფთაა, ანუ ისინი არ ჰგვანან სულ ახლახან ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეებს. ასევე უცნაურად გამოიყურება ფირზე აღბეჭდილი მშრალი ბალახი და ფოთლები. ხანძრის კვალს იქ ვერ ნახავთ. ამიტომ გავრცელდა მოსაზრება, რომ ახალგაზრდა გვარდიას ეს ყველაფერი პიარისთვის სჭირდებოდა.

კრემლის მომხრეთა გაერთიანება „ნაშის“კოორდინატორი რიაზანის ოლქში, ალექსანდრ ხოდოროვსკი ვერ იხსენებს, ხანძრის რაიონში „ახალგაზრდა გვარდიის“ წარმომადგენლები ენახოს. ეს მან „მოსკოუ ტაიმსს“ განუცხადა. „გვარდიის“ მიმართ კრიტიკით გამოსულები ამბობენ, რომ გაერთიანებას სურდა, როგორმე აღედგინა თავისი სახელი და საზოგადობისთვის ეჩვენებინა, რომ მანაც იბრძოლა ხანძრის წინააღმდეგ, როგორც ამას უამრავი მოხალისე აკეთებდა. აი, რას ამბობს ერთ-ერთი მათგანი, ოპოზიციური გაერთიანება „სოლიდარობის“ ლიდერი ილია იაშინი: „ახალგაზრდა გვარდია ბაძავს რუსეთის უმაღლესი მმართველობის სტილს. ამ სტილს, მარტივად, იმიტაცია ჰქვია. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ტყის ხანძრებისთვის და მათთან საბრძოლველად მოამზადოს, პუტინი ვერტმფრენებით დაფრინავს ტელეგადამღები ჯგუფის თანხლებით. გაერთიანება „ნაშიც“ და „ახალგაზრდა გვარდიელებიც“ ამას აკეთებენ, ოღონდ უფრო პრიმიტიულ და ვულგარულ დონეზე.“

გაზეთი „ვედომოსტი“ოთხშაბათის ნომერში იუწყება, რომ „ახალგაზრდა გვარდიის“ გარშემო წარმოშობილ სკანდალს კრიტიკულად გამეხმაურა მეტად გავლენიანი პირი, კრემლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ სურკოვი, რომელიც კრემლის მომხრე ახალგაზრდულ ჯგუფებს ზედამხედველობს. „ედინაია როსიას“ წევრმა ალექსეი ჩადაევმაც უარყოფით კონტექსტში მოიხსენია თავის ბლოგზე „ახალგაზრდა გვარდია“, განაცხადა რა, ხანძართან მათს ბრძოლაში სატრაბახო არაფერიაო.

თუმცა, „გვარდია“ განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ვიდეოფილმი რეალობას ასახავს. „ოპოზიციურ სტრუქტურებსა და ოპოზიციურ ბლოგებს თვითონ არაფერი უკეთებიათ, როცა რუსეთში მძიმე ვითარება იყო“, ამბობს „გვარდიის“ ლიდერი რუსლან გატაროვი. „და მათ, ვინც მოქმედებდა - ‘ედინაის როსიას’, მთავრობას, ჩვენ, ‘ახალგაზრდა გვარდიას’ - ტალახის სროლა დაგვიწყეს. მართლა ძალიან უსიამოვნოა, როცა რაღაც გააკეთე, ხალხი კი შენზე სიცრუეს ლაპარაკობს. ძალიან უსიამოვნოა.“

რუსლან გატაროვმა თანამდებობიდან გადადგომაც გადაწყვიტა, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი არ უკავშირდება ყალბი ვიდეოფილმის გარშემო აგორებულ სკანდალს. მანვე თქვა, რომ ჟურნალიტები არ გამოეხმაურნენ „გვარდიის“ წინადადებას, მათთვის ეჩვნებინათ ფირი, რომელზეც ხანძართან მათი ბრძოლაა აღბეჭდილი. 33 წლის გატაროვმა, რომელიც, ამავე დროს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატიცაა, განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის ასაკზე შეზღუდვის დაწესებაა. ასეა თუ ისე, ნოემბერში „გვარდია“ გამართავს ყრილობას, რომელზეც ორგანიზაციის ახალ ლიდერს აირჩევენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG