Accessibility links

logo-print

„როკენროლის ჯიჰადი“ ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ


სალმან აჰმადი

სალმან აჰმადი

პაკისტანის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მუსიკოსმა, სალმან აჰმადმა, "წმინდა ომი" გამოუცხადა პაკისტანში რელიგიურ ექსტრემისტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მუსიკა არაისლამურია. აჰმადის აზრით, ეს დისპუტი მის ქვეყანაში საერთოდ კულტურის ბედის განმსაზღვრელია. ამავე დროს, როგორც სუფი მუსულმანი, ის საკუთარი პიროვნული იდენტობის დასაცავადაც იბრძვის.

1982 წელს სალმან აჰმადი 19 წლის სტუდენტი იყო, როცა პირველად შეასრულა სცენაზე მუსიკა თავის მშობლიურ პაკისტანში. მანამდე ის ექვსი წლის მანძილზე ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში, სადაც დამლაგებლად და გაზეთების დამტარებლად მუშაობით იმისთვის საკმარისი ფული მოაგროვა, რომ ელექტროგიტარა ეყიდა. და აი, ლაჰორში მან ჯგუფ „ვან ჰალენის“ სიმღერით დაიწყო კონცერტი.

უცებ აჰმადმა ყური მოკრა განრისხებულ ხმებს. ხმები ეკუთვნოდა წვეროსან ახალგაზრდებს, რომლებიც სცენისკენ მოიჩქაროდნენ. ეს ახალგაზრდები ადრეული თალიბები იყვნენ: ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიასთან დაახლოებული მუსულმანი ექსტრემისტი სტუდენტები, რომლებიც ერთგვარი მუსიკალური პოლიციის როლს ასრულებდნენ.

ზოგმა ექსტრემისტმა დამსწრე ქალებს ბურკები და ჩადრები ჩამოაცვა, ერთი მათგანი კი სცენაზე ავარდა და აჰმადის გიტარას სწვდა. როგორც აჰმადი იხსენებს, ახალგაზრდის თვალებიდან ისეთი სიშმაგე გამოსჭვიოდა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ღმერთთან. ექსტრემისტმა ძვირფასი ინსტრუმენტი ნამსხვრევებად აქცია.

როგორც ჩვენს რადიოს უთხრა აჰმადმა, ეს გარდაქმნის მომენტი იყო მის ცხოვრებაში. მომენტი, როცა მან „როკენროლის ჯიჰადი“, „როკენროლის წმინდა ომი“ გამოუცხადა „სიძულვილის იდეოლოგიას“:

„თალიბანი და მათი მიმართულების ისლამი საერთოდ არ არის ისლამი. ისლამი არ ქადაგებს უდანაშაულო ქალების, ბავშვების და მამაკაცების მოკვლას. ისლამი არ ქადაგებს თვითმკვლელობას. ეს აკრძალულია... სიძულვილის, ტერორიზმის იდეოლოგიის ადგილი არ არის ისლამში ან სადმე სხვაგან დედამიწის ზურგზე. და მე არ შევწყვეტ ამის მტკიცებას.“

თალიბანის წინამორბედების მიერ მისი ძვირფასი გიტარის დამსხვრევის მომდევნო წლებში აჰმადმა პაკისტანში ჩამოაყალიბა რამდენიმე როკჯგუფი, რომელთა შემოქმედებაში დასავლური როკი სუფიების მისტიკურ პოეზიასთან იყო შერწყმული. ეს გახლდათ „სუფიური როკი“.

აჰმადი პაკისტანის ორ ყველაზე წარმატებულ ჯგუფში უკრავდა. ჯერ ჯგუფ „ვაიტლ საინზის“ გიტარისტი იყო. მოგვიანებით საკუთარი ჯგუფი „ჯანუნი“ შექმნა და მილიონობით კომპაქტ დისკი გაყიდა.

აჰმადი მსოფლიოს უდიდეს არენებზე გამოდიოდა. 2007 წელს, როცა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ელ გორმა ნობელის პრემია მოიპოვა, აჰმადი პირველი პაკისტანელი ხელოვანი იყო, ვინც ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე დაუკრა.

„ჩემი მუსიკის უწყება არის ერთობა, მშვიდობა, ასევე სიტყვა „ჯანუნი“, ჩემი ჯგუფის სახელი „ჯანუნი“, ნიშნავს ვნებას - მიჰყვე ვნებას შენს გულში. ჩემი ვნება იყო, მივყოლოდი მუსიკას. მართალია, სამედიცინოზე ვსწავლობდი, ყურს ვუგდებდი ჩემი გულის კარნახს. და გულმა მიკარნახა - მუსიკის გზას გაჰყევიო. ამიტომ ასეთია ჩემი უწყება ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ აღმაფრენა, გახდნენ მწერლები, მხატვრები, მასწავლებლები ან მეცნიერები - მისდიეთ თქვენი გულის ვნებას.“

სალმან აჰმადის თქმით, მასში მუსიკის სიყვარული ადრეული ბავშვობის მოგონებებთანაა დაკავშირებული, როცა სუფი მომღერლების სიმღერებს უსმენდა მშობლიურ ლაჰორში.

თავის ავტობიოგრაფიაში „როკენროლის ჯიჰადი“, რომელიც წელს გამოვიდა შეერთებულ შტატებში, აჰმადი წერს, რომ მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სუფიურმა ისლამმა და ლაჰორის 4000-წლიანმა კულტურულმა ისტორიამ. ჩვენს რადიოს მან უთხრა:

„როგორც ამას წიგნშიც ვამბობ, მწამს, რომ ხელოვნება და კულტურა, ხელოვანის პასუხისმგებლობა, მხოლოდ ის კი არ არის, რომ ადამიანებს ბედნიერება მოუტანოს ან გაართოს ისინი, არამედ ის, რომ აამაღლოს მათი შეგნება. ჯონ ლენონი, ბობ დილანი, ბობ მარლი, ბობ გელდოფი, ანდა მუსულმანურ სამყაროში ისეთი ხალხი, როგორებიც არიან ბაბა ბულჰაი შაჰი - მე-17 საუკუნის სუფია პოეტი, მოვლანა რუმი - დიდი სპარსელი პოეტი რუმი, ანდა ამირ ხოსრო. ისინი უბრალოდ პოეტები ან სულიერი ადამიანები არ იყვნენ. ისინი საზოგადოების შეგნებასაც ამაღლებდნენ. ისინი ხელს უწყობდნენ პლურალიზმს და თანაარსებობას და ისინი ყოველთვის ექსტრემიზმის წინააღმდეგი იყვნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხელოვანთა ამოცანაა საზოგადოების გარდაქმნა.“

1975-დან 1981 წლამდე მამამისი შეერთებულ შტატებში მუშაობდა და მთელი ოჯახი ნიუ იორკში გადავიდა საცხოვრებლად. აჰმადი გაიტაცა ისეთმა როკჯგუფებმა, როგორიცაა „ლედ ზეპელინი“, „AC/DC“ და „ვან ჰალენი“.

მისი თქმით, როცა პაკისტანში დაბრუნდა, სურდა ამ მუსიკით თავისი გატაცება და ვნება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. მაგრამ მის არყოფნაში ქვეყანა სიბნელეში და რელიგიურ ექსტრემიზმში ჩავარდნილიყო. აჰმადი ამაში ბრალს სდებს გენერალ მუჰამად ზია-ულ-ჰაკის რეჟიმს, რომელიც ქვეყანას მართავდა 1977-1988 წლებში და რომელმაც ხელი შეუწყო თალიბების გაძლიერებას და შემდეგ მეზობელ ავღანეთში ხელისუფლებაში მათ მოსვლას.

აჰმადის მიერ სუფიური ისლამისა და დასავლური როკის შერწყმა არ ახარებთ პაკისტანის რელიგიურ კონსერვატორებს. არ მოსწონთ არც მისი გულახდილი და მოურიდებელი ინტერვიუები. უკანასკნელ ხანებში პაკისტანელი მოლები სულ უფრო მეტად გამოდიან საერთოდ მუსიკის წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ ის „არაისლამურია.“ ამიტომაცაა, რომ სალმან აჰმადის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

„რამდენჯერ დამმუქრებიან სიკვდილით. ორი წლის წინათ ‘ჯანუნმა’ პირველი როკკონცერტი გამართა სრინაგარში, ქაშმირში. ექსტრემისტებმა მითხრეს, თუ სრინაგარში ჩახვალ, ადგილზევე მოგკლავთო. მაგრამ გავაცნობიერე, რომ თუკი დავყვებოდი მათ მუქარებს და მათ დაშინებას, ისინი გაიმარჯვებდნენ. ამიტომ არასოდეს დამითმია მათთვის. ცხადია, სადაც კი მივდივარ, უსაფრთხოების ზომებს ვიცავ, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე დიდი უსაფრთხოება - უფალია.“
XS
SM
MD
LG