Accessibility links

logo-print

როგორ მოხერხდა ხიმკის ტყის გავლით ავტომაგისტრალის მშენებლობის შეჩერება?


"სდექ! მიმდინარეობს ტყის ჭრა" - ეს გამაფრთხილებელი ნიშანი მალე, შესაძლოა, საჭირო აღარ იყოს

"სდექ! მიმდინარეობს ტყის ჭრა" - ეს გამაფრთხილებელი ნიშანი მალე, შესაძლოა, საჭირო აღარ იყოს

მოსკოვის მახლობლად, ხიმკის ტყის გავლით, მოსკოვისა და პეტერბურგის დამაკავშირებელი ფასიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა შეჩერდა. შეჩერდა ის რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც დმიტრი მედვედევმა თავისი ვიდეობლოგის გზით გამოხატა. ნუთუ რუსეთის ხელისუფლება ხალხის ნებას დაემორჩილა?

ბუნების დამცველებისთვის ეს მართლაც გამარჯვებაა, არა საბოლოო, მაგრამ მაინც, მით უმეტეს, რომ გადაწყვეტილება ტყის ამ მონაკვეთის „სატრანსპორტო დანიშნულებისთვის გადაცემის“ შესახებ უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული და 2010 წლის მარტში რუსეთის უზენაესმა სასამართლომაც დაამტკიცა, რომ მშენებლობა კანონიერია. 2009 წლის 5 ნოემბრით თარიღდება პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება, რომელიც სწორედ ხსენებულ „გადაცემას“ ეხება. იქ ლაპარაკია 145 ათას ჰექტარ ტყის მონაკვეთზე, რომელიც, პუტინის მიერ ხელმოწერილი ამ დოკუმენტის თანახმად, სამრეწველო, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიწებისა და სხვა დანიშნულების კატეგორიას გადაეცემა.

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამბობდა, ხიმკის ტყის გარშემო ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და იქ ყველაფერი კანონმდებლობის მკაცრი შესაბამისობით ხორციელდებაო. ამას გარდა, პრესის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ხიმკის ტყეში ავტომაგისტრალის გაყვანას, ასე ვთქვათ, ხმარდებოდა სერიოზული ადმინისტრაციული რესურსი: გაზეთ „ვედომოსტის“ თანახმად, იმ კომპანიის დირექტორთა საბჭოში, რომელიც აწარმოებს მშენებლობას, შედის არკადი როტენბერგის, პრემიერ პუტინის ძველი მეგობრის, წარმომადგენელი. ასეთია კრემლის სურვილი, იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ ტყის დამცველები არ დანებდნენ და ბრძოლა არ შეწყვიტეს. იმედი, რომ მთავრობა მათ მოთხოვნებს ყურადღებას მიაქცევდა, გაუჩნდათ, როცა შეიტყვეს, მაგალითად, რომ მმართველმა პარტიამ, „ედინაია როსიამ“, რომელიც, ჩვეულებრივ, იმას აკეთებს, რაც ხელისუფლებას აძლევს ხელს, ხიმკის ტყის შესახებ მიმართა პრეზიდენტს. ცოტა უცნაური იყო, რომ არა თავის თავმჯდომარეს, არამედ პრეზიდენტს მიმართა. მაგრამ, ალბათ, პუტინს იმდენად კატეგორიულად ჰქონდა გამოთქმული თავისი პოზიცია, რომ მისთვის რამის თხოვნა უხერხულიც იყო. მოკლედ, მიმართეს მედვედევს, რომელსაც მანამდე პოზიცია გამოხატული არ ჰქონდა და მან თავისი სიტყვა თქვა: „ჩვენი ხალხი - დაწყებული მმართველი “ედინაია როსიით“ და დამთავრებული ოპოზიციური პარტიებით, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ექსპერტთა წრეების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას დამატებითი ანალიზი სჭირდება.“

ამას მოჰყვა პრემიერის განცხადება, რომელიც თითქოს სიჯიუტესაც კი გამოხატავს: „წინააღმდეგობა, ბუნებრივი წინააღმდეგობა, განვითარებასა და ბუნების შენარჩუნებას შორის, ყოველთვის არსებობს. მაგრამ, ცხადია, გზა უნდა აშენდეს.“

მედვედევის განცხადება პირდაპირ მოითხოვს პუტინის ხელმოწერილი განკარგულების შეჩერებას და მის დამატებით შესწავლას, რასაც ის მთავრობას ავალებს:

„ასეთი რაოდენობის მომართვების გათვალისწინებით, მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: ვავალებ მთავრობას, შეაჩეროს შესაბამისი საავტომობილო გზის მშენებლობის გადაწყვეტილების მოქმედება და ჩატარდეს დამატებითი საზოგადოებრივი და საექსპერტო განხილვა.“

პუტინმა თავის განცხადებაში თქვა, ორი უდიდესი ქალაქის შემაკავშირებელი გზა საჭიროა ეკონომიკისა და ხალხისთვისაცო, მაგრამ ის აღარ უთქვამს, კონკრეტულად სად გაივლის ავტომაგისტრალი. სად გაივლის გზა, ეს სერიოზული საკითხიაო, აღნიშნა მხოლოდ პრემიერმა. აქვე გეტყვით, რომ მოსკოვის მერი, იური ლუჟკოვი, ალტერნატიული ტრასის მომხრეა. პუტინმა თქვა ასევე, ჩვენ ყოველთვის დიდი ყურადღებით ვეკიდებოდით და ვეკიდებით ბუნების დაცვის პრობლემებს, დმიტრი ანატოლიევიჩთან (ანუ პრეზიდენტთან) ერთად განვიხილეთ ეს საკითხი და გზის მშენებლობა სრულიად შეესაბამება ჩვენი მოქმედების ლოგიკას და ბოლო წლების პრაქტიკასო. მაშ, რატომ შეჩერდა მის მიერ ხელმოწერილი განკარგულება? და არა მხოლოდ ეს საკითხია საინტერესო. რუსეთში ამასწინანდელი ხანძრების დროს გამოვლინდა რეალობა, რამაც მძაფრი კრიტიკა გამოიწვია სატყეო კოდექსის მიმართ, რომელთანაც, ისევე როგორც ხიმკის ტყეში მაგისტრალის მშენებლობის გადაწყვეტილებასთან, უშუალოდ იყო დაკავშირებული პუტინი. მიმომხილველები ახლა ვარაუდობენ, რომ პუტინ-მედვედევის ტანდემში განხეთქილებაა.

პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი ფიქრობს, რომ ასეთი საკითხები ტანდემს ვერ დაშლიან და პირადი კონფლიქტი ამის გამო ვერ იქნება: „უბრალოდ, მედვედევს მეტად, ვიდრე პუტინს, აქვს მიდრეკილება, მიმართოს პოლიტიკურ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს", - ამბობს ბელკოვსკი. - "პუტინი, მოქმედებდა რა ტრადიციული ბიზნესმენის ლოგიკით, არასოდეს წამოჰგებია საზოგადოებრივი აზრის ანკესს და ზეწოლას არ დაჰყოლია. ახლა, ეტყობა, იფიქრა, რომ ხელისუფლების რეპუტაციის შესანარჩუნებლად შეიძლება დაჰყვეს ამ აზრს. მაგრამ გადაწყვეტილება ადასტურებს უფლებამოსილებების განაწილებას, რომ მედვედევს აქვს სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება და როცა სურს, მაშინ შეუძლია გამოიყენოს ის. ვფიქრობ, პირადი კონფლიქტი მას არ ექნება წინამორბედთან, რადგან არა მგონია, რომ ხიმკის ტყეზე გამავალი გზა ვლადიმირ პუტინისთვის ზემნიშვნელობისა იყოს.“

დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვლადიმირ რიჟკოვი სულაც არ ფიქრობს, რომ მედვედევის გადაწყვეტილება პრინციპულად ეწინააღმდეგება მის წინამორბედ პუტინს: „არა მგონია, საფუძველი გვქონდეს, პუტინსა და მედვედევს შორის განხეთქილებაზე ვილაპარაკოთ. მათი საკმარისად ერთდროულად გაკეთებული განცხადებები იმაზე, რომ მაგისტრალის მშენებლობა შეჩერდება და ის ფაქტი, რომ „როსლესხოზი“ - სატყეო მეურნეობის უწყება - პუტინს დაუქვემდებარეს, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმებული იყო. წმინდა იურიდიულად სატყეო მეურნეობის დაქვემდებარების საკითხი პრეზიდენტის მიერ უნდა გადაწყვეტილიყო. ასევეა ხიმკის ტყის საკითხზე ხელისუფლებისადმი „ედინაია როსიას“ მიმართვის ინიციატივა. როგორც ვიცით, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეკუთვნის. ასე რომ, ეს შეთანხმებული საკითხებია.“

საკუთრივ პარტია „ედინაია როსიას“ წევრი, დუმის დეპუტატი ვალერი რიაზანსკი ამბობს, რომ არ არის საჭირო ამ გადაწყვეტილებებში პოლიტიკური სარჩული ვეძებოთ - ეს, უბრალოდ, გამოსწორებაა დაშვებული შეცდომებისა, რაც სამეურნეო საკითხების გადაწყვეტისას ხდება ხოლმე.

პეტერბურგელი პოლიტოლოგი ვლადიმირ გელმანი გვირჩევს, არ გადავაჭარბოთ და დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭოთ პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს: „ეს ყველაფერი აშკარად არასაკმარისია იმისათვის, რომ სერიოზულ გაუგებრობაზე ვილაპარაკოთ. სერიოზული გაუგებრობა მაშინ იქნებოდა, პოლიტიკა რომ მთლიანად შეცვლილიყო, ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება დიდ მშენებლობებს, დიდ პროექტებს,საზოგადოებასთან შეთანხმების რეალური პროცესი რომ გაევლო - არა ისეთი, ყალბი მოსმენები რომ იმართება, არამედ რეალური პროცესები, სადაც მართლაც ითვალისწინებენ ხალხის, საზოგადოების აზრს.“

დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვლადიმირ რიჟკოვი ხედავს, რომ მთავრობა შეაშინა საზოგადოების უკმაყოფილებამ და საპროტესტო განწყობილების ზრდამ. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება შეშინდა, როცა დაინახა, რომ თითქოს უმნიშვნელო საკითხს საზოგადოებაში ასეთი რეზონანსი მოჰყვა.
საბოლოო ჯამში, ექსპერტთა უმეტესობა რუსეთში იმ აზრისაა, რომ ტანდემში განხეთქილებაზე ლაპარაკი ნაადრევია. რაც შეეხება პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილებას, მისი სერიოზულობის შეფასებაც ჯერ ძალიან ადრეა.
XS
SM
MD
LG