Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვდარი სეზონი თბილისში და კულტურული გამოცოცხლება მსოფლიოში


გიორგი დანელია
გიორგი დანელია
ზაფხულის ბოლო კვირა სრულიად მკვდარი იყო თბილისელი ხელოვნების მოყვარულთათვის. კულტურული ცხოვრების ეპიცენტრმა უკვე საბოლოოდ გადაინაცვლა ბათუმში. არადა, მსოფლიოში სწორედ ამ დროს – ზაფხულის არდადეგების დასრულებისას – ჩქეფს ხოლმე კულტურული ცხოვრება. დასავლეთის დიდი ქალაქები ჯერ კიდევ სავსეა ტურისტებით და, ამავე დროს, ხალხი არდადეგებიდან ბრუნდება. ეს კი საუკეთესო დროა გასტროლების, თეატრალური თუ კინოპრემიერების მოსაწყობად. გასულ კვირაში ამ ყველაფერს ორი მნიშვნელოვანი იუბილე დაემთხვა: სერ თომას შონ კონერიმ დაბადების 80 წელი იზეიმა – იზეიმა მეტად ორიგინალურად: იუბილემდე ერთი კვირით ადრე ბიბისიმ თავის არქივში აღმოაჩინა „ანა კარენინა“, რომელშიც ვრონსკის როლი შონ კონერიმ შეასრულა. ფილმი მხოლოდ ერთხელ უჩვენეს ტელევიზიით, შემდეგ კი ის ყველას დაავიწყდა.

იმხანად, 1961 წელს, ჯერ არ იყო დაწყებული გადაღება ფილმისა „დოქტორი ნოუ“, რომელშიც კონერიმ ჯეიმს ბონდის როლი შეასრულა და რომლითაც სახელი გაითქვა მსოფლიოში. ასე რომ, თუმცა ყველაზე პოპულარულმა ჯეიმს ბონდმა კინოში გადაღება 2003 წელს დაასრულა, 80 წლის ასაკშიც რაღაც ახალი შესთავაზა თავის თაყვანისმცემელს. როგორც შოტლანდიელი მსახიობის ინტერნეტგვერდზე კონერის თაყვანისმცემლები წერენ, ამ როლით მსახიობი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჯეიმს ბონდი მისი საშემსრულებლო ოსტატობის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა – სინამდვილეში მას შეუძლია ძალიან სერიოზული როლების თამაში და მაშინაც კი, როცა სექსუალური მაჩოს როლს განასახიერებს, ან არბილებს სახეს, ან თვითირონიით ამდიდრებს. შეიძლება ამიტომაც იქილიკა 1989 წელს, როცა „სექს–სიმბოლოს“ ტიტული მიანიჭეს – შონ კონერი მაშინ 59 წლის იყო.. მე რა შუაში ვარო, ამბობდა. კიდევ უფრო გაუკვირდა 1999 წელს, როცა ჟურნალმა „პიპლმა“ იგი მეოცე საუკუნის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა.. 2005 წელს, ევროპის კინოაკადემიის პრემიით დაჯილდოების
შონ კონერის ავტობიოგრაფიის ("რას ნიშნავს, იყო შოტლანდიელი") გარეკანი
ცერემონიაზე, შონ კონერიმ გამოაცხადა, რომ მის თაყვანისმცემლებს ხშირად ის შონ კონერი უყვართ, რომელიც რეალურად არ არსებობს, რომ ის სულ სხვანაირია.

მაყურებლის, თაყვანისმცემლის აკვიატებულ აზრებზე ამ კვირაში საუბრობდა კიდევ ერთი იუბილარი, კინორეჟისორი გია დანელია. „მიმინოს“, „არ იდარდოს“, „შემოდგომის მარათონისა“ და სხვა კომედიების ავტორსაც 80 წელი შეუსრულდა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, იგი დააჯილდოვეს ორდენით "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის". თუმცა იუბილეზე დანელიას კოლეგამ, ელდარ რიაზანოვმა, აღნიშნა, იგი ისევეა რუსი რეჟისორი, როგორც ქართველი – დანელია მთელ მსოფლიოს ეკუთვნისო. დანელიას ფილმებს ჩვენ კომედიები ვუწოდეთ, მაგრამ თავად რეჟისორი ამბობს, რომ ეს სტერეოტიპია, რომელიც საბჭოთა კავშირში დამკვიდრდა რეკლამის მიზნით – საბჭოთა მაყურებელს ყველაზე მეტად კომედიის ჟანრში გადაღებული ფილმები უყვარდა.

„მიმინო“ გია დანელიას ყველაზე პოპულარულ ფილმად ითვლება. სურათი თავის დროზე თვით კრემლის ჩინოვნიკებსაც კი მოეწონათ. მაგრამ გია დანელია ყოველთვის როდი სარგებლობდა ხელისუფლების ნდობით. 1966 წელს კინოთეატრებში საჩვენებლად მომზადებული გია დანელიას ფილმი ”33” მოულოდნელად თაროზე შემოდეს.

ამ ფილმში ევგენი ლეონოვის გმირი, ტრავკინი, პატარა ქალაქ ვერხნიე იამკის უალკოჰოლო სასმელების ქარხნის მორცხვი თანამშრომელია. უყვარს თავისი ოჯახი, უყვარს თევზაობა... ესაა და ეს - არაფრით გამოირჩევა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს იგი სახელს გაითქვამს: ქარხნის პოლიკლინიკაში მას 33-ე კბილს აღმოუჩენენ. ამის შემდეგ იგი ასრულებს ყველაფერს, რასაც უბრძანებენ: მიემგზავრება მოსკოვში, მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემაში, ხვდება ჟურნალისტებს, მიფრინავს მარსზე... კბილი ძალიან სტკივა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებს ვერ ღალატობს და ბრძანებებს ემორჩილება.

დიახ, ტრავკინს, როგორც "სახელგანთქმულ ადამიანს", თანაქალაქელები მარსზე აგზავნიან უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დასამყარებლად, მშობლიურ ქალაქში კი ძეგლს უდგამენ, როგორც "სანიმუშო მეოჯახეს".
ევგენი ლეონოვი გიორგი დანელიას ფილმში "33"

გადაღების დროს ლეონოვს ასეთი ძეგლი მართლაც დაუდგეს. გადაღებების დასრულების შემდეგ როსტოვის ოლქის ხელისუფლებამ უარი თქვა ძეგლის აღებაზე (ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდი პატივი იყო რუსულ პროვინციაში მოსკოველ კინემატოგრაფისტთა სტუმრობა). მოგვიანებით ფილმი აიკრძალა, ძეგლი კი დარჩა. პირველი ძეგლი რუსეთში, რომელიც ფილმის პერსონაჟს აუგეს, ბედის ირონიით, აკრძალული ფილმის გმირის ძეგლი აღმოჩნდა.

დანელიამ შარჟად აქცია იდეა, რომელსაც დეკლარაციის დონეზე ამკვიდრებდნენ კომუნისტები: "ჩვენს ქვეყანაში ყველა პატიოსან მშრომელს შეუძლია იყოს ბედნიერი". სხვათა შორის, ამ იდეას არა მარტო კომუნისტები ამკვიდრებდნენ: ადამიანის უფლებათა დეკლარაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დღესაც რჩება მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის დონეზე. უმცირესობათა ინტერესების დაცვა ან "უმცირესობების მიმართ ტოლერანტობა" არცთუ ისე იშვიათად გამოხატავს ქედმაღლურ დამოკიდებულებას თავად ამ უმცირესობების მიმართ... მერე რა, რომ "ზოოპარკის მაიმუნია", მერე რა, რომ მთლად არაა ნორმალური, 33 კბილი აქვს? შევიცოდოთ, შევიბრალოთ, გამოვიყენოთ ან კიდევ გამოვიკვლიოთ და, თუ ქვეყანას დასჭირდა, მარსზე გავგზავნოთ...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG