Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარევაჭრობა ზუგდიდშიც აიკრძალა


თბილისის შემდეგ, გარემოვაჭრეებისგან ზუგდიდის ქუჩებიც გაათავისუფლეს.

დილის 6 საათზე, პოლიციისა და მეხანძრეების დახმარებით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებს დახლების გაშლამდე განუცხადეს, რომ კანონის შესაბამისად დღეიდან გარევაჭრობა აეკრძალათ.

გარემოვაჭრეებს, რომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახს მხოლოდ ვაჭრობით არჩენს, ადგილობრივმა მთავრობამ ალტერნატიული ფართი შესთავაზა, მაგრამ მათი უმრავლესობა იქ შესვლაზე უარს აცხადებს. მიზეზი - ანტისანიტარია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ დღეიდან ქალაქის ქუჩებში გარევაჭრობა აღარ იქნება.

უწყების ხელმძღვანელმა ლევან მესხიამ რადიო თავისუფლებას სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ თუ გარემოვაჭრეები შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე უარს განაცხადებენ, უმუშევრები დარჩებიან.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება მათ სასიკეთოდ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და დღემდე დაკავებულ ადგილებზე ლეგალურად მუშაობის საშუალებას არ მისცემს, სახალხო დამცველს მიმართავენ. უკიდურეს შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებს გამართავენ.
XS
SM
MD
LG