Accessibility links

logo-print

ცხინვალელები ბინების განაწილებით უკმაყოფილო არიან


„მოსკოვსკის“ დასახლება, ცხინვალი

„მოსკოვსკის“ დასახლება, ცხინვალი

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ბინების განაწილების ახალი სქემა შემოიღო. აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული არაერთი ოჯახი ბინის მიღების რიგში იდგა, კოკოითიმ კი რიგი გააუქმა და პრიორიტეტი მის მთავრობაში დასაქმებულ მოხელეებს მიანიჭა.

სამინისტროებისა და სხვადასხვა სამსახურების მიხედვით შედგენილია სპეციალური კვოტები, რომლის მიხედვითაც განაწილდება ბინები „მოსკოვსკის“ დასახლებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა უწყებების ხელმძღვანელებს კვოტებით გათვალისწინებული სიების წარმოდგენა 15 სექტემბრამდე მოსთხოვა. კოკოითი ტრაგედიას ვერ ხედავს იმაში, რომ მისი სქემით განაწილებისას ვიღაცა ბინას ვერ მიიღებს.

ცხინვალის ჩრდილოეთით, სოფელ თამარაშენთან აშენებული გარეუბანი „მოსკოვსკი“, ერთი წლის წინ საზეიმოდ გაიხსნა, მაგრამ ბინებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას კიდევ ერთი წელი დასჭირდა. ეს გარეუბანი ომის შემდეგ ცხინვალელებისთვის მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის საჩუქარია, მაგრამ ლუჟკოვის საჩუქარს რიგითი ცხინვალელები ვერ მიიღებენ და იქ მხოლოდ კოკოითის ერთგულ მოხელეებს შეასახლებენ. გარდა ამისა, კოკოითი ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილი სამხედროების გულის მოგებასაც ცდილობს, რომლებისთვისაც ცალკე კვოტაა გამოყოფილი.

ყველაზე მეტი, 70 ბინა თავდაცვის სამინისტროზე მოდის. დაღუპულთა ოჯახებს 40 ბინა შეხვდათ. 3 ბინას სახელმწიფო ტელევიზიაში დასაქმებულებიც მიიღებენ. სულ 287 ბინა განაწილდება. კოკოითის თქმით, პრიორიტეტი იმ ადამიანებს მიენიჭებათ, ვისაც აგვისტოს ომის დროს ხელში იარაღი ეჭირათ.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ინფორმაციით, კოკოითის მიერ წარმოდგენილმა ბინების განაწილების ახალმა სქემამ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ორი წლის განმავლობაში რიგითი ადამიანები ბინის მიღების რიგში იდგნენ და ეს რიგი კოკოითის მიერ ერთი ხელის მოსმით გაუქმდა. წყაროს ინფორმაციით, კოკოითი მხოლოდ საკუთარი გარემოცვის კეთილდღეობაზე ზრუნავს და არ აინტერესებს, რომ რიგითი ცხინვალელები მესამე ზამთარს ისევ კარვებში გაატარებენ.
XS
SM
MD
LG