Accessibility links

logo-print
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის წინ 16 დევნილი კვირაზე მეტია შიმშილობს. მათგან ოთხმა გასულ კვირაში პირი ამოიკერა. ერთი მათგანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოშიმშილე დევნილები ისნის სამხედრო ჰოსპიტალში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, იქიდან გამოსახლების შემდეგ მათ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართზე უარი თქვეს. რას ითხოვენ დევნილები, რა მოთხოვნებს უყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებას და რა პასუხი აქვს ლტოლვილთა სამინისტროს?

მაშინ როცა კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი ლაშა ჩხარტიშვილი მოშიმშილე და მათ მხარდასაჭერად შეკრებილ სხვა დევნილებს დევნილთა მოძარობის ჩამოყალიბებისაკენ მოუწოდებდა, ისინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის ფანჯრიდან მომზირალ თანამშლომლებს სხვადასხვა შეძახილებით მიმართავდნენ:

ლაჩა ჩხარტიშვილი - ”ოთხშაბათს, 12 საათზე, ყველანი ვიკრიბებით წერეთლის მეტროსთან დევნილთა მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად!”

დევნილები - ”თქვე უგულოებო! რა შორიდან იყურებით, ჩამოდით და დაგველაპარაკეთ, ხალხი არა ხართ?”

დევნილები ამბობენ, რომ შიმშილობის დაწყებიდან დღემდე მათთან სიტუაციაში გასარკვევად სამინისტროდან არავინ მისულა. მოშიმშილე დევნილებმა სამინისტროს შემოთავაზებაზე უარი თქვს - ფოცხოეწერში წასვლის ნაცვლად ისინი ფულად კომპენსაციას მოითხოვენ:

”თუ ჩვენს მთავრობას არ გააჩნია ჩვენთვის არსად თავშესაფარი, მაშინ გამოგვიყონ ღირსეული კომპენსაცია და ჩვენ ჩვენს თავს მივხედავთ, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ სად რა ვიყიდოთ და სად დავსახლდეთ”,- ამბობს აფხაზეთიდან დევნილი მანანა სალია.

დევნილები ამბობენ, რომ ფოცხოეწერი ერთადერი შეთავაზება იყო, რაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან მიიღეს. ისინი ფიქრობენ, რომ ამით მათი საცხოვრებელი პირობები უკიდურესად უარესდება. ამიტომ შიმშილობა ურჩევნიათ.

დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესების თემა საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღების არეალშიც მოექცა. გასულ კვირას გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის განცხადებაში აღნიშნული იყო, ”დევნილთა გამოსახლება აუცილებელი გამჭვირვალობის გარეშე ხორციელდებაო”. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში სიუზან მიურეი ჯონსმა აღნიშნა, რომ ლტოლვილთა სამინისტროსთან მათი მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და გამოსახლების სტანდარტული პროცედურის შემუშავებაზე მუშაობენ.

”ჩვენ მუდმივი დიალოგის რეჟიმში ვმუშაობთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კონკრეტულად კი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და პირადად მინისტრ კობა სუბელიანთან. ამ ეტაპისათვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ სტანდარტული გამოსახლების პროცედურის შემუშავებაზე. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მათთან თანამშრომლობა პოზიტიურად მიმდინარეობს. დევნილების გამოსახლების პროცესი ორგანიზებულად და გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს. ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ გამოსახლების პროცესში გავესაუბროთ დევნილებს. ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ როდესაც დევნილებს კონკრეტული შენობებიდან გამოასახლებენ, მათ ხელისუფლება მსგავსი ან უკეთესი პირობებით უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პროცესში აუცილებელია უფრო მეტი გამჭვირვალობა და მეტი კონსულტაციები თავად დევნილებთან”, - განაცხადა სიუზან მიურეი ჯონსმა.

დევნილებისათვის არჩევანის მიცემის თავისუფლებაზე საუბრობს Amnesty International-ის პრეოფიცერიც. ლიდია აროიოს განმარტებით, მთავარი, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, ეს არის დევნილებისთვის არჩევანის მიცემის შესაძლებლობა:

”ადამიანებისთვის მთავარია არჩევანი, რომ მათ შეეძლოთ იმის თქმა, სად და როგორ სურთ იცხოვრონ. ახალი დასახლებები ძალიან კარგია, მაგრამ ისინი მდებარეობს სხვა დიდი ცენტრებიდან მოშორებით. ასე რომ, ადამიანებს უჭირთ სამსახურის შოვნა ან სამსახურში სიარული. ხანდახან ძნელია - როცა ეს საჭიროა - საავადმყოფოში მოხვედრა, ხოლო კიდევ უფრო რთულია მკურნალობა და აშ.”

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია ცნობილია: ისინი დევნილებს სთავაზობენ იმას, რაც ამჯერად სამინისტროს შესაძლებლობებშია, არჩევანის უფლებას კი თავად დევნილებს უტოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ საცხოვრებელ ფართში, სადაც დევნილები გადაჰყავთ, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც კი არაა, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ვალერი კოპალეიშვილის აზრით, რადგან გამოყოფილი ფართი დევნილებისათვის კერძო საკუთრება გახდება, ეს მდგომარეობის გაუარესებას არ ნიშნავს:

”როგორ შეიძლება ადამიანს საკუთრება შესთავაზო და უარეს მდგომარეობაში იყოს, იმ დროს როდესაც, რაც საჭიროებებია, იმის მოგვარებაც და რეაბილიტაციაც ხდება.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG