Accessibility links

logo-print
რუისპირში მივდივარ, მაგრამ ფეხი უკან მრჩება

წინა ღამეს ძალიან ცოტა მეძინა – დილისთვის ვემზადებოდი და თან ვფიქრობდი. ოთხ დღეში იმდენი საჩუქარი მოგვიგროვდა, რომ ორი მანქანის საბარგულში ვერ ჩავტიეთ. ტვირთის ტრანსპორტირებაში „რადიო თავისუფლება“ გვეხმარებოდა. კახა გაბრელაშვილის ოჯახში ცოტა ჭურჭელი, საკმაო რაოდენობის პროდუქტი და უამრავი ტანსაცმელი მიგვქონდა, განსაკუთრებით, ნათიასთვის. ტანსაცმლის გარდა, დარწმუნებული ვიყავი, ბავშვს შესანიშნავი ჩანთებით, სათამაშოებით და წიგნებით გავახარებდით. ვიცოდი, რომ ძალიან მოწყენილია.

მაინც ვღელავდი. ოჯახს მთლიანად დაეწვა მრავალი წლის განმავლობაში ნაოცნებარი სახლი და, სახლთან ერთად, ყველაფერი, რაც მასში იყო შრომით და დაგვით თავმოყრილი. ნათია ექვსი წლის არის, მაგრამ თავისი სახლი არასოდეს ჰქონია. ოჯახს ჭერი მხოლოდ ერთი წლის წინ გაუჩნდა, ისიც, „Every Child”–ის მიერ ნაყიდ სახლში, რომელიც კახასი და მაიასი ორი წლის შემდეგ გახდებოდა, თუკი დაიმსახურებდნენ. ჰოდა, ცდილობდნენ, წელებზე ფეხს იდგამდნენ. ყველაფერი კოხტად ჰქონდათ მოვლილი, ეს საშინელი ხანძარი რომ გაჩნდა.

ოთხი დღე კი არა, ოთხი წელი რომ გვეგროვებინა, იმას მაინც ვერ შევაგროვებდით, რაც ამ ოჯახს დაკარგულს აღუდგენდა. სახლთან ერთად მათი ცხოვრების საუკეთესო წელიწადი დაიწვა. ამიტომ, თან მიხაროდა გათენება, თან ფეხი უკან მრჩებოდა.

გურჯაანში დაგვხვდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი, მისივე ორგანიზაციის მძიმეწონიანი ძღვენით. თელავში კი ორი ნინო შემოგვიერთდა, დიდი პარკით ხელში. ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების თანამშრომლები არიან და ჩვენს ბლოგსაც ხშირად სტუმრობენ. გაბრელაშვილებისთვის დახმარების თხოვნით სწორედ მათ მოგვმართეს ხანძრის შემდეგ. ნინო ვარდიაშვილი ამ ოჯახს მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება და ემეგობრება. კახაბერი და მაია მის ყველა სიტყვას ენდობიან, იციან, რომ რასაც ნინო ურჩევს, კარგიც ის არის. ნინო ელიოზიშვილი კი ჩვენი მეგობარია და უკვე რამდენჯერმე საქმემაც დაგვაკავშირა ერთმანეთთან.

ხელისუფლება

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მხოლოდ ნინოები არ დახმარებიან. იმის შემდეგ, რაც ჩვენ ავღელდით და ავფუსფუსდით, კახეთში კი გელა მთივლიშვილმა იყოჩაღა, თელავის მუნიციპალიტეტმა ოჯახს 2 000 ლარი გადასცა. ამ დღეებში გუბერნია, თავისი მხრივ, 500 ლარს დაამატებს და დაგვპირდნენ, რომ კახაბერს ვაუჩერსაც აჩუქებენ, რომლითაც მას შეუძლია, 300 ლარის ღირებულების შეშა მოჭრას. ამ ყურადღებამ პირადად მე იმედი ჩამისახა, რომ კახაბერს და მის ოჯახს ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ.

რუისპირში სოფლის რწმუნებულიც გავიცანით, ბატონი ალექსი ნონიკაშვილი. ზოგიერთი რამ მან უკვე გაუკეთა ოჯახს და ზოგიერთიც ჩვენთან ერთად აქვს გასაკეთებელი. ამის შესახებ კიდევ გეტყვით. სოფელიც გვერდით უდგას მაიას და კახაბერს. სახარჯო ფულიც შეუგროვეს და საკვებსაც არ აკლებენ.

მგონი, ჩემს შრომით ბიოგრაფიაში პირველად ვხდები ხელისუფლების და საზოგადოების თანამშრომლობის შემსწრე და მონაწილე.

მივედით, ვნახეთ... ჯერი ისევ ჩვენზეა

როგორც იქნა, გაბრელაშვილების ოჯახში ვართ. უცნაური სიტუაციაა: შვიდი ადამიანი – ასე ვთქვათ, სტუმარი – დავადექით თავზე ოჯახს, რომელიც ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. მიგვიღეს, რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, ნათიას მოვეფერეთ, საჩუქრები ამოვალაგეთ, ია გეგეშიძემ ფოტოები გადაიღო და... რაკი სალაპარაკო აღარაფერი გვქონდა, პირდაპირ საქმეზე გადავედით.

წინასწარ ვიცოდით, რომ უბანში ორი სახლი იყიდება. გადავწყვიტეთ, ეს სახლები ერთად გვენახა. ბატონი ალექსიც წამოგვყვა. ნათია თავის ახალგაზრდა, ლამაზ დეიდასთან დავტოვეთ, რომელიც, ჩვენი არ იყოს, ღია ცის ქვეშ დაბინავებულ ოჯახს სტუმრობს.

გასაყიდი სახლებიდან მაიამ პირველი აირჩია. ჩვენ – უკლებლივ ყველას – მეორე უფრო მოგვეწონა. როცა დარწმუნება დავუწყეთ, რომ მეორე ჯობია, გამოტყდა: პირველი ხუთასი დოლარით უფრო იაფია და, იქნებ, მართლა ვიყიდოთო. ყველაფერი ცხადი გახდა.

გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, რა მდგომარეობაშია ამ სახლების დოკუმენტაცია. რადგან ზედმეტია ფასზე საუბარი, სანამ არ დადასტურდება, რომ სახლის მფლობელს საბუთები წესრიგში აქვს. ეს საქმე ისევ გელა მთივლიშვილმა ითავა. სოფლის რწმუნებული, ბატონი ალექსიც დაგვპირდა, რომ სახლის მფლობელებთან მოლაპარაკებაში და საბუთების მოწესრიგებაში დაგვეხმარება. შევთანხმდით, რომ, თუ ყიდვაა, მეორე სახლს ვყიდულობთ, იმის მიუხედავად, რომ პირველზე ხუთასი დოლარით ძვირია. გზაში თემური, ჩვენი ბლოგის კომენტატორი, ამბობს, რომ, როცა დრო მოვა, საბუთების გადაფორმებას აუცილებლად უნდა დავესწროთ – ჩვენც და ხელისუფლების წარმომადგენელიც, რომ საქმე წესრიგიანად დავასრულოთ და წერტილიც დავუსვათ. ცხადია, ვეთანხმები.

კახაბერი

კახა ახალგაზრდა კაცია, სიმპათიური, სიტყვაძუნწი და ძალიან მორიდებული. ისე უსიტყვოდ შეგვხვდა, ფოტოზე რომ არ მყოლოდა ნანახი, მეზობელი მეგონებოდა. სანამ მათი სტუმრები ვიყავით, გადაბმულად ათი წინადადებაც არ უთქვამს. თუმცა, როცა გასაყიდ სახლებს ვათვალიერებდით და ვაფასებდით, ყველა ხარვეზზე ამბობდა – „გაკეთდება“, „აშენდება“, „მოევლება“... ერთი უიმედო სიტყვა არ მსმენია მისგან. ვინც იცნობს, ყველა ამბობს, რომ უაღრესად მშრომელია. დარწმუნებული ვარ, მართლაც მოუვლის და ააშენებს თავის კარმიდამოს, რადგან ეს ერთხელ უკვე შეძლო და ახლა კიდევ მეტად არის მონდომებული. უკან რომ ვბრუნდებოდით, ნინო ვარდიაშვილმა მითხრა: „ბევრი ოჯახია გაჭირვებული, მაგრამ ყველას თავდებად ვერ დავუდგები. კახას თავდებობა გულით მინდა, რადგან ზუსტად ვიცი, ჭერი თუ ექნება, ოჯახს ფეხზე დააყენებს“.

მაია

მაია ახალგაზრდა და ენერგიულია. კახას მორიდებულ ხასიათს მისი სიყოჩაღე სასარგებლოდ ავსებს. როგორც კი ერთმანეთი გავიცანით, გვითხრა, რომ გამგებლის მიერ ხელში გადაცემულ ფულს ორშაბათს ბანკში შეიტანს და სამი თვის განმავლობაში ხელს არ ახლებს. ესმის – ეს იმისთვის არის საჭირო, რომ დანარჩენი ჩვენ მოვუგროვოთ. წარმოვიდგინე, რა ძნელია, ფული ხელში გეჭიროს და ბანკს მიაბარო, როცა ყველაფერი გჭირდება და არაფერი გაქვს. მაგრამ მაიკო წინდახედულია და იცის, რა არის კარგი მისი ოჯახისთვის. ნინოც ასე ურჩევს და ჩვენც ვუქებთ გადაწყვეტილებას. მეზობლები რომ ეხმარებიან და სოფელიც რომ გვერდით უდგას, ესეც მის ხასიათზე მეტყველებს. კიდევ ერთი თვისება მხვდება თვალში – კახასი ბოლომდე ჯერა და ხშირად იმეორებს: „კახა ამას გააკეთებს, ამის მეტი რა იცის...“

სანამ ამ წერილს ვწერდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ 2000 ლარი უკვე კახაბერის პირად ანგარიშზე დევს ბანკში. მაიამ თავისი სიტყვა შეასრულა, თანაც, დილიდანვე. ეჭვიც არ მეპარებოდა.

ნათია

ნათია მთავარი პერსონაჟია.

თეთრ, ლამაზ კაბაში გამოწყობილი დგას, ხმას არ იღებს. მართლა გასაგიჟებელი თვალებით გიყურებს... ეკითხები – არ გპასუხობს; ხელს თუ მოჰკიდებ და სადმე წაიყვან – მოგყვება. ძალიან გონიერი მზერა აქვს. მაგრამ ისეთი შეუვალია თავის სევდაში, უკან იხევ. ია გეგეშიძე, რომელსაც ორი შვილი ჰყავს გაზრდილი, მხოლოდ დედას რომ შეუძლია, ისე ეფერება ნათიას, მაგრამ ბავშვის თვალებს ემოცია არ ეკარება. გელა ცდილობს, თავი მოიმხიარულოს, რომ ნათიაც გუნებაზე მოიყვანოს. მაგრამ ბავშვი სერიოზული, ღრმა მზერით უყურებს. არც ამუნათებს, არც უცინის, არც უბღვერს. უყურებს და მეტი არაფერი.

როდესაც გასაყიდი სახლები მოვინახულეთ და კახას ძველ სახლში დავბრუნდით, ორი რამ შევნიშნეთ: ნათიას თმა ხელახლა საგულდაგულოდ დაევარცხნა და ახლად ნაჩუქარი სათამაშოებიც ერთმანეთის გასწვრივ დაელაგებინა. ვეკითხები: „ნათია, გენაცვალე, პრინცესების წიგნი ნახე?“ მიყურებს, დუმს. ნინო ეხვეწება: „ნათი, ეს ადამიანი ამხელა გზაზე ჩამოვიდა, უპასუხე, ნახე პრინცესების წიგნი?“ უცებ თავს მიქნევს: „დიახ“. „მოგეწონა?“ „დიახ“. მე საშინლად კმაყოფილი ვარ, დიალოგი შედგა.

მოგვიანებით, როცა თელავში დაბრუნებულებს ჩვენმა მეგობარმა სოცმუშაკებმა ნათიას ძველი ფოტოები გვიჩვენეს, თვალებს არ დავუჯერე: ბავშვი გულიანად იღიმებოდა. ეს ფოტოები მაშინ იყო გადაღებული, ნათიას სახლი რომ ჰქონდა.

* * *

ჰოდა, ასე: ნათია უნდა გავაღიმოთ!

მგონი, არასოდეს ვყოფილვარ მიზნის შინაარსში იმგვარად დარწმუნებული, როგორც ახლა ვარ. ამ პატარა გოგონას სევდა თუ ვერ განვაქარვეთ, შემდგომში სულ ყალბი იქნება საუბარი ღირებულებებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სოლიდარობაზე.

რას იტყვით, შევძლებთ?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG