Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იშიკ კოშანერმა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა


სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალმა ხელმძღვანელმა იშიკ კოშანერმა. თურქული პრესის ცნობით, მან აგვისტოს ომი გაიხსენა და განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ნატოსა და აშშ-ის პოლიტიკით შეშფოთებულია, რასაც ახალი კონფლიქტების წარმოქმნა შეუძლია. თურქი გენერლის შეფასებით, აგვისტოს ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სრუტეთა გამოყენების განმსაზღვრელი მონტრეს შეთანხმება. თურქული პრესა იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოში, ანკარამ ამერიკული სამხედრო ხომალდებისთვის ბოსფორის და დარდანელის სრუტეები დაკეტა. ამავე გამოსვლისას გენერალმა კოშანერმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია ყარაბაღის პრობლემის მოგვარება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. თურქეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის მოგვარების მცდელობას შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია, თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG