Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერის ანგარიში - ხალხს თუ საკრებულოს?


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრები მერის საათის შემოღებას მოითხოვენ. მათი თქმით, დედაქალაქის მერმა საკრებულოს ანგარიში წელიწადში სამჯერ უნდა ჩააბაროს. ამასთან, საკრებულოში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტია დედაქალაქის მერის 120 დღიანი პროგრამის შესრულებასაც აკრიტიკებს.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თბილისის მერმა საკრებულოს წევრებსა და თბილისელ ამომრჩევლებს დასაქმებისა და განვითარების 120 დღიანი პროგრამა წარუდგინა.

პროგრამის დაწყებიდან 120 დღის შესრულებას გიგი უგულავასთან ერთად მისი ოპონენტებიც ელიან. საკრებულოს წევრი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ზაზა გაბუნია ამბობს, რომ მერმა პროგრამის შესრულების თაობაზე ანგარიში საკრებულოს წევრებს უნდა ჩააბაროს და არა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ აქტივისტებს, რომლებიც ამომრჩევლების სახელით იქნებიან პრეზენტაციაზე წარმოდგენილნი.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიმდინარეობს ორგანიზება, რომ ხალხის მცირე ნაწილთა შეხვედრის პირობებში მოხდეს თეატრალიზებული აქციის ფონზე ანგარიშის ჩაბარება. ასეთი შეხვედრის მსვლელობისას, ცხადია, არ იქნება საშუალება არც შეკითხვის დასმისა და არც კრიტიკული შენიშვნის. და ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, რომ მერი ცდილობს მიზანმიმართულად გვერდი აუაროს თავის მთავარ ვალდებულებას ანგარიში ჩააბაროს საკრებულოს. მიგვაჩნია, რომ მერის საათის შემოღება იქნება ამ თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი“, განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

თუმცა, ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივის გარეშეც, კანონი საქართველოს დედაქალაქის შესახებ და მისი მე-12 მუხლი - საკრებულოს კომპეტენცია - ითვალისწინებს მერისა და ქალაქის მთავრობის საქმიანობის კონტროლს, ისევე როგორც მერის ანგარიშების მოსმენასა და შეფასებას. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი კოკი იონათამიშვილი ამბობს, რომ საკრებულოში მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვამ აჩვენა, რომ მერი და დედაქალაქის მთავრობა გამჭვირვალედ მუშაობენ და მზად არიან საკრებულოს ნებისმიერი წევრის შეკითხვასა და მოსაზრებას არგუმენტირებული პასუხები გასცენ:

„იყო ბევრი მოსაზრება, კრიტიკა და ობიექტური შეფასებაც... ანუ ეს ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ დაინტერესებულია მაქსიმალური გამჭვირვალობით. ვიცი, რომ ქალაქის მერიც გეგმავს, რომ კავშირი და ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს... მერს კანონიც ავალდებულებს, რომ ის მოვიდეს საკრებულოში და დაიწყოს მომავალი წლის ბიუჯეტზე ინტენსიური მუშაობა და ეს ისედაც მოხდება.“

რაც შეეხება ეგრეთ წოდებული 120 დღიანი პროგრამის შესრულებას, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ამის თაობაზეც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ზაზა გაბუნიას თქმით, არჩევნების შემდეგ, დასაქმებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, ხელმოსაკიდი არაფერი გაკეთებულა:

„გამახსენეთ, თუკი რამე მეშლება... არაფერი შესრულებულა. უბრალოდ, გიგი აზარტში შევიდა საარჩევნო კამპანიის დროს თეატრალური აქციების გამართვით, აგრძელებს სხვადასხვა საწარმოებში მისვლას და ადამიანების დაიმედებას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სხვა ხელშესახები სახეზე არაფერია. ამიტომაც არის პირველ რიგში აუცილებელი მერმა დასაბუთებული კრიტიკა მოისმინოს ოპოზიციისაგან. რომ არ შესრულდა ეს პროგრამა, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ თავს არიდებს საკრებულოს წინაშე წარდგომას.“

პროგრამის მიმდინარეობას ასევე აკრიტიკებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძეც:

„გიგი უგულავას დაპირებების მიუხედავად, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი იქნებოდა გამჭვირვალე, ნამდვილად ასე არ არის. ბიუჯეტი არის ბუნდოვანი და რეალურად იხარჯება გაუგებარ პროექტებზე, რომელთა არსი საზოგადოებამ არ იცის.“

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ამგვარი კრიტიკის პასუხად, უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს ნებისმიერი პრობლემის - მათ შორის, საყოფაცხოვრებო პრობლემების - პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანის მცდელობას. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კოკი იონათამიშვილის, თქმით, მერისა და მისი გუნდისთვის ოპონენტებთან კინკლაობაზე მეტად თბილისელებთან ურთიერთობაა მნიშვნელოვანი.

„როცა ადამიანებს გზებს უგებ ან სხვა ისეთ რამეს აკეთებ, რაც მათ სოციალურ გარემოს უკეთესს ხდის, ამ პროცესში პოლიტიკური კინკლაობის ჩართვა არის აბსოლუტურად ზედმეტი. მე მგონი, ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ზაზა გაბუნიასა თუ კოკი იონათამიშვილის პოლიტიკური დებატები. მთავარია საქმე გაკეთდეს და ამ 120 დღის განმავლობაში თბილისში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ანგარიში კი აუცილებლად ჩაბარდება, იმიტომ რომ მერმა გამოაცხადა და ასეც იქნება“, უთხრა კოკი იონათამიშვილმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG