Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 30 აგვისტო 2010


”გიგა ბოკერია ოპოზიციაში მიდის?” - შეკითხვა, რომელზეც გაზეთ ”მთელ კვირას ” პასუხი არა აქვს, ამავდროულად, არის სათაური სტატიისა, რომელსაც დღეს გაზეთის პირველ გვერდზე წაიკითხავთ. ”მთელი კვირის” თანახმად, დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, მიდის თუ არა გიგა ბოკერია ოპოზიციაში, მაგრამ სახელისუფლებო კულუარებშიც ამაზე ალაპარაკდნენ და ექსპერტებიც ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში განვითარებული პროცესები სწორედ ამაზე მიუთითებს.

დღესვე ”მთელი კვირა” ყურადღებას ამახვილებს დიპლომატიურ უცნაურობაზე, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ხდება. კერძოდ, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი დანიშნულია, მაგრამ 7 თვეა ეგრიმანს ელოდება. ეგრიმანისთვის დაწესებული ზღვრული ვადები არ არსებობს, მაგრამ ექსპერტები იმაზე საუბრობენ, რომ ეგრიმანის გამოგზავნის რამდენიმე თვით გაჭიანურება ძალზე საყურადღებო ფაქტია, - წაიკითხავთ სტატიაში, რომლის ფურცლებზე ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ვიდრე ეგრიმანის დაგვიანების ოფიციალური მიზეზები არ დასახელდება, რაიმე ანალიზის გაკეთება მიზანშეუწონელია.

გაზეთ ”ახალი თაობის” რესპონდენტთა შორის დღეს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავაა, რომელიც კითხვაზე, რა გეგმები აქვს პარტიას შემოდგომაზე, პასუხობს:” ჩემი აზრით, მთავარია პირველ ეტაპზე მოხდეს რეალური ოპოზიციური ძალების გაერთიანება და მეორე ეტაპზე ჩვენ უნდა დავიწყოთ მზადება, ერთი მხრივ, საპროტესტო აქციებით საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის და, მეორე მხრივ, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. ნებისმიერი სხვა გადახვევ-გადმოხვევა ამ ძირითადი სტრატეგიიდან დაასხამს წყალს სააკაშვილის წისქვილზე.”

”ვიდრე ქვეყანაში უსამართლობა გრძელდება, მეც ვიბრძოლებ და არც პოლიტიკიდან წავალ არსად” უთხრა, თავის მხრივ, ეკა ბესელიამ გაზეთ ”კვირის ქრონიკას”. გაზეთი ეკა ბესელიას უსვამს შეკითხვას, მადლიერია თუ არა იგი იმით, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმართა შორის ეკა ბესელიას ძმა, სერგო ბესელია, და ვაჟი, ძებნილი რატი მილორავაც არიან. ” ჩემი შვილი და ძმა არ იყვნენ დამნაშავეები. ისინი რომ დამნაშავეები ყოფილიყვნენ, ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, უმადურობა არ მახასიათებს და ნამდვილად არ გამიჭირდებოდა მადლიერების გამოხატვა. ჩემი ძმა ერთი წელი სულ ტყუილუბრალოდ იჯდა ციხეში, ხოლო ჩემმა არასრულწლოვანმა შვილმა სკოლაც ვერ დაამთავრა, ბოლო ორი წელი იყო დევნილი. ასეთ ვითარებაში მე სააკაშვილს მადლობა უნდა გადავუხადო?” - კითხულობს ეკა ბესელია.

გაზეთი” კვირის ქრონიკა” კი, თავის მხრივ, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბანკ ”რესპუბლიკის” დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი საქართველოდან გაიქცა. ”ქრონიკის” კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ხელისუფლებამ პაპაშვილს დიდი თანხა მოსთხოვა და პარალელურად ბანკში მაკონტროლებელი შეუგზავნა. პაპაშვილმა თანხის გადახდაზე უარი თქვა და საქართველო საერთოდ დატოვაო, -წაიკითხავთ ”კვირის ქრონიკაში.”
XS
SM
MD
LG