Accessibility links

logo-print

რუსეთში უცნობებმა როკ-კონცერტი დაარბიეს

  • ნიკო ნერგაძე

თავდასხმისგან დაზარალებული, ჩელიაბინსკი

თავდასხმისგან დაზარალებული, ჩელიაბინსკი

ჩელიაბინსკში მიმდინარე როკ-ფესტივალზე 29 აგვისტოს რამდენიმე ათეული თავგადაპარსული ახალგაზრდა შეიჭრა. მათ დამსწრეების ცემა დაიწყეს - ურტყეს მსმენელებსაც და პოლიციასაც. ჯერ გაურკვეველია, თუ ვინ იყვნენ თავდამსხმელები და რა უნდოდათ.

როკ-ფესტივალი „ტორნადო“ ჩელიაბინსკის რაიონის ქალაქ მიასის ზოია კოსმოდემიანსკაიას სახელობის საბავშვო გამაჯანსაღებელ ბანაკში ჩატარდა. მას 3 ათასამდე მსმენელი ესწრებოდა. 8 საათისთვის კი ფესტივალზე, სხვადასხვა ცნობებით, 60-დან 100-მდე ახალგაზრდა შეიჭრა. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ კეტებით, რკინის ჯოხებით, ქვებით... ურტყამდნენ განურჩევლად ყველას და, თვითმხილველთა თქმით, ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ.

მომხდურები მილიციასაც ურტყამდნენ. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელებმა მათ ხელკეტები წაართვეს და ხალხის დარბევა მილიციისვე იარაღით გააგრძელეს. სულ 17 კაცი დაზარალდა.

ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ჩხუბს საყოფაცხოვრებო მიზეზები ჰქონდა. ერთი ვერსიით, დარბევა მეზობელი სამწვადის პატრონთან დაწყებულ ჩხუბს მოჰყვა, მეორე ვერსიით კი, დარბევის მიზეზად ქალის გამო დაწყებული ჩხუბი სახელდება.

თუმცა ჩელიაბინსკში ამ ვერსიისა ბევრს არ სჯერა. ადგილობრივმა პოლიტიკოსმა ალექსეი ტაბალოვმა ტელევიზიას განუცხადა, საყოფაცხოვრებო მიზეზებზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ოლქის ხელმძღვანელობას არ სურს აღიაროს, რომ ოლქში სიტუაციას ვერ აკონტროლებსო. ეს მეტისმეტად კარგად ორგანიზებული აქცია იყო და უბრალო ხულიგნებს ვერ მივაწერთო, - თქვა მან.

სხვათა შორის, ამასვე იმეორებენ თვითმხილველებიც.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი საპასუხო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. მათი მტკიცებით, უკვე დაკავებულია დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ირწმუნებიან, ჩხუბის ყველა მონაწილეს დავიჭერთო. ანუ დასაკავებელი დარჩა 60-დან 120 კაცამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG