Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პროდუქტზე ფასების მატებამ მცირე მეწარმეებიც შეაწუხა


სურსათისა თუ ხილ-ბოსტნის ბაზარში, სუპერმარკეტსა თუ მაღაზიებში ყველაფერი რომ გაძვირდა, ამას ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოსახლეობაც ადასტურებს. ისინი ამბობენ, რომ ფასების ზრდა სოფლის პროდუქტზეც შეინიშნება. მაგალითად, ყველი, რომლითაც ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტი მისივე სოფლებიდან მარაგდება, 2 ლარით გაძვირდა. კიდევ უფრო იმატა ფასებმა ზეთსა და შაქარზე. საგრძნობლად გაძვირდა ქატო და ფქვილი და სხვადასხვა სახეობის ბურღულეული.

პროდუქტზე ფასების მატებამ შეაწუხა მცირე მეწარმეებიც, რომელთა უმრავლესობა კლიენტების ნაკლებობას უჩივის. ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შემოსავალი დღეში 1000 ლარს აღემატებოდა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად - 300-400 ლარამდე - დაეცა. ამასთან, მაღაზიის გამყიდველები ამბობენ, რომ ხშირია აგრესია კლიენტების მხრიდან.

ქვეყნის მასშტაბით პროდუქტებზე ფასების მატებას ისიც დაემატა, რომ სოფლებში წელს მოსავლის სიმცირეს განიცდიან. სამთვიანი გვალვების გამო გლეხები ამბობენ, რომ სიმინდის მოსავალი აღარ იქნება, რაც მსხვილფეხა შინაური ცხოველისა და ფრინველის მასობრივ დახოცვას გამოიწვევს. ამ მხრივ, ანალოგიური ვითარებაა ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებშიც.

რადიო თავისუფლების საბერიოელი რესპონდენტის ცნობით, გალის ბაზარში პროდუქტსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები 4-ჯერ უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ზუგდიდში. ამავე წყაროს ინფორმაციით, წელს ოკუპირებულ აფხაზეთში სიმინდისა და ხორბლის დეფიციტი იქნება.
XS
SM
MD
LG