Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფედერაცია, როგორც ემოციური და მეგობრული კავშირი?


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (მარჯვნივ) და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰალმ ალიევი. თბილისი, 2007 წლის 21 ნოემბერი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (მარჯვნივ) და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰალმ ალიევი. თბილისი, 2007 წლის 21 ნოემბერი
კონფედერაცია აზერბაიჯანთან, მეგობრული ურთიერთობა და საერთო ინტერესები. პრეზიდენტის ამ იდეას მალე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. თუმცა რამდენად იყო საზოგადოება ჩართული ამ საკითხის განხილვაში?

ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება, ჩვენ ვართ ერთმანეთის დაბოლოება ...
დაახლოებით ერთი თვის წინ პრეზიდენტმა ახალი იდეა გაახმაურა - საქართველო და აზერბაიჯანი კონფედერაციულ ურთიერთობებში უნდა ჩაებან:

„ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება, ჩვენ ვართ ერთმანეთის დაბოლოება, ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმის ნაწილები, ორივე.“

პრეზიდენტის განცხადებაზე რეაქციის ფორმით საგარეო საქმეთა სამინისტრომ მალევე უპასუხა. ნინო კალანდაძე:

„ამ ეტაპზე საუბარია იურიდიულ ჩარჩოზე, რომლის ფორმატში შესაძლოა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე საუბარი იყოს.“

სფეროები? აზერბაიჯანთან ზედმეტად თბილი ურთიერთობები და სომხეთი? ეროვნული იდენტობა? საზღვრები? მოკლედ, პრეზიდენტის განცხადებას არამარტო სამთავრობო რეაქცია მოჰყვა. ამ იდეის კრიტიკოსების არგუმენტაცია იყო ის, რომ საზოგადოება ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული არ ყოფილა. ასე რომ, საქმე სპეკულაციებამდე მივიდა. კონფედერაცია? რას უნდა ნიშნავდეს? და რას გულისხმობს პრეზიდენტი? ეკონომიკური კავშირების გამყარებას? თუ პოლიტიკური სივრცის შექმნას? ზოგმა მიზეზებს დასავლეთში მიაგნო. მაგალითად, ინტერნეტგამოცემა „რუსთავი“ ავრცელებს აზერბაიჯანელი დეპუტატის, ნასიბ ნასიმლის, ნათქვამს:

”აზერბაიჯანისა და საქართველოს კონფედერაციის იდეის ავტორი, სავარაუდოდ, ვაშინგტონია, თუმცა იმის მიუხედავად, ვის ეკუთვნის ეს ინიციატივა, იგი ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.”

ეს იმიტომ, რომ დასავლეთისთვის გაერთიანებებთან ურთიერთობა უფრო ადვილია როგორც ერთ მსხვილ სუბიექტთანო; ინვესტორებისთვის დიდი ბაზრები უფრო მიმზიდველია, ვიდრე მცირეო. მოკლედ, მარტივი ლოგიკაა. თუმცა ამ ფაქტორებთან ერთად, ალბათ, უნდა ვახსენოთ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც კონფედერაციას ახლავს ხოლმე. ესენია: საერთო ვალუტა; არის შემთხვევები, როდესაც - საერთო კონსტიტუციაც, და, რაც მთავარია, ზოგიერთი განმარტებით, კონფედერაციის შექმნის მთავარი მოტივი სამხედრო უსაფრთხოების საერთო ჩარჩოს შექმნა და საგარეო ურთიერთობებია. თუმცა მსგავს თემებზე არც პრეზიდენტს და, მისი მიყოლებით, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უსაუბრია. სიტუაციაში გარკვევას ექსპერტები და პოლიტოლოგები ცდილობენ. გია ჟორჟოლიანი, სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ამბობს:

„ამ საკითხისადმი ისეთი მოპყრობა, როგორც ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხის არც აზრი აინტერესებთ და არც ამ ხალხის განწყობა იმის თაობაზე, საქართველო იქნება თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, განსაკუთრებულ ურთიერთობებში რომელ ქვეყანასთან იქნება და ასე შემდეგ.“

დამოუკიდებელობას და სუვერენიტეტს არავინ ეხებაო. საქმე ფულშია, ეკონომიკაში, ღია ეკონომიკაში. კონფედერაცია აუცილებელია და არა მხოლოდ აზერბაიჯანთან. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი, რომელმაც დღეს პრესკონფერენციას უხელმძღვანელა, ამბობს:

„ნუ, თუნდაც ავიღოთ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ავიღოთ აზერბაიჯანის ენერგორესურსები და სომხეთის საერთაშორისო ლობი. ნუ, თუ გავაერთიანებთ ამ სამ რესურსს, ძალიან სერიოზული კონფედერაციის შექმნა შეიძლება.“

ყველა მტკივნეული საკითხი აზერბაიჯანისა არის მტკივნეული საქართველოსთვის და ყველა საქართველოს მტკივნეულ საკითხზე აზერბაიჯანი აკეთებდა შესაბამის რეაგირებას - ეს იყო მისი საკითხი, მისი ტკივილი ...
სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთად ხსენებას, ბუნებრივია, ჟურნალისტების მხრიდან მოჰყვა შეკითხვები, რაზეც კონფერენციის ინიციატორებმა უპასუხეს, კონფლიქტების მთავარი მიზეზი ეკონომიკური კრიზისებიაო. ასე რომ, კონფლიქტების მოგვარების გზას ისინი ისევ ეკონომიკურ კავშირებში ხედავენ. გაერთიანება ყველასთვის მომგებიანია.

„ხშირად გვსმენია ისეთი ფაქტი, რომ მსხვილი ინვესტორი აქ არ შემოვა, იმიტომ რომ პატარა ბაზარია და პროდუქციას ვერ გაყიდის. შესაბამისად, საქართველოს დავუმატოთ ერთი იმისხელა სომხეთი და სამი საქართველოსხელა აზერბაიჯანი. გამოვა ისეთი სერიოზული ბაზარი…“

რომელში ფულის ჩადებაც ყველას ენდომება. ეს ფული კონფედერაციაში მყოფ ყველა ქვეყანაზე გადანაწილდება და ყველა მოგებული დარჩებაო. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, შინაარსით კონფედერაცია, პირველ რიგში, საერთო ბაზრები არ არის. უფრო სწორად, საერთო ბაზრებს და ღია ვაჭრობას კონფედერაცია აუცილებლად არ სჭირდება. მაშინ რა არის ბაზისი ამ შემთხვევაში? ფუნდამენტი? პრეზიდენტის განცხადებას თუ მოვუსმენთ, ეს ემოციური და მეგობრული კავშირია:

”ყველა მტკივნეული საკითხი აზერბაიჯანისა არის მტკივნეული საქართველოსთვის და ყველა საქართველოს მტკივნეულ საკითხზე აზერბაიჯანი აკეთებდა შესაბამის რეაგირებას - ეს იყო მისი საკითხი, მისი ტკივილი, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა.”

თუმცა რას ნიშნავს ეს? საპრეზიდენტო მხარდაჭერის სატელეფონო ზარებს თუ ნავთობის მილს, რომელიც ორივე ქვეყანას დასავლურ ბაზრებზე აბამს? ან რა მოსდის ურთიერთობას სომხეთთან? თუ საუბარი მხოლოდ ემოციურ და მეგობრულ სიბრტყეშია და არა რაციონალურ, გათვლად ეკონომიკურ ურთიერთობებზე?

დასასრულ, უნდა ითქვას, რომ, მაგალითად, კონფედერაციის ელემენტებს ატარებს ევროკავშირი, რომელიც თითქმის ოცი წელია, შეიძლება ითქვას, წარმატებით არსებობს; შვეიცარია - 1803-1815 და 1815-1848 წლებში, აშშ - 1776-1787 წლებში… მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ აგრეთვე არაბული ფედერაცია, რომელშიც ერაყი და იორდანია შევიდნენ 1958 წელს და რომელიც ერაყის მეფის, ფაისალ მეორის, და მისი ნათესავის, იორდანიის მეფის, ჰუსეინის, ერთობლივი იდეა იყო, თუმცა ამ იდეამ მხოლოდ ექვს თვეს გაუძლო, რადგან ფაისალის ძალაუფლება იმავე 1958 წელს სამხედრო აჯანყებამ იმსხვერპლა. კონფედერაცია, თავისი შინაარსით, დემოკრატიული სტრუქტურაა, სადაც ყველა საკუთარ იდენტობას ინარჩუნებს და გადაწყვეტილებების მიღებისას ვეტოს თანაბარი უფლებით სარგებლობს. თუმცა რამდენად შესაძლებელია მსგავსი სისტემა ცენტრალიზებულად, საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიქმნას?
XS
SM
MD
LG