Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში რუსეთის საელჩოს ცეცხლგამჩენი ხსნარის შემცველი ბოთლები ესროლეს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღმაშფოთებელ აქტად შეაფასა მინსკში, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან მომხდარი ინციდენტი. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გასულ საღამოს საელჩოს შენობას ცეცხლგამჩენი ხსნარის შემცველი ბოთლები ესროლეს. ხანძარი საელჩოს დაცვის სამსახურმა ჩააქრო, მინსკის მილიციამ კი, სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარის მიღმა ჩანს გარკვეული ძალების მცდელობა, ხელი შეუშალონ საელჩოს ნორმალურ მუშაობას და ორი ქვეყნის ურთიერთობაში უნდობლობის და დაძაბულობის ელემენტები შეიტანონ. თავის მხრივ, ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც რუსეთის საელჩომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, დღეს განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტი ხულიგნობაა და მიმართულია მინსკისა და მოსკოვის ურთიერთობის საწინააღმდეგოდ. სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავენი კანონის შესაბამისად დაისჯებიან. მინსკში, რუსეთის საელჩოსთან მომხდარი ინციდენტის გამო, მოსკოვის მილიციამ ბელორუსიის საელჩოს დაცვა გააძლიერა.
XS
SM
MD
LG