Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ზარი ერთი პირველკლასელისთვის


პირველ სექტემბერს ოკუპირებული ახალგორის სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. კოკოითის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.

ომამდე ახალგორში ორი ქართული და ერთი რუსული სკოლა ფუნქციონირებდა. წელს მცირე კონტიგენტის გამო ქართული სკოლების გაერთიანება მოხდა, ამის გამო პედაგოგთა ნაწილი უმუშევარი დარჩა. თანამდებობებიდან გაათავისუფლეს პირველი და მეორე ქართული საჯარო სკოლების დირექტორები სვეტა კობაძე და მანანა მაციაშვილი. გაერთიანებულ სკოლას კი ნინო ამირანაშვილი უხელმძღვანელებს.

რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ცნობით, სვეტა კობაძეს ოჯახთან ერთად, პროტესტის ნიშნად, დაბის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბოლო წუთს გადაწყვეტილება შეცვალა და შვილიშვილი ქართული სკოლის პირველ კლასში მხოლოდ მან მიიყვანა. სვეტა კობაძეს ახალგორში დავურეკეთ. სატელეფონო ზუმერად მას სიმღერა „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ უყენია. რადიო თავისუფლებასთან საუბარში პირველი სკოლის ყოფილმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება ოსური უშიშროების მიერ მოხდა. სვეტა კობაძე ახალგორის ქართულ სკოლას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი აზრით, სკოლაში მოწყობილი ქართული ღონისძიებების გამო კოკოითის ხელისუფლებამ იგი არასანდო ადამიანად მიიჩნია. კობაძე დაბის დატოვებას აღარ აპირებს.

ამჟამად ახალგორის ქართული და რუსული სკოლა ერთ შენობაშია განთავსებული. დღეს ორივე სკოლაში 50-მდე მოსწავლე გამოცხადდა. მცირე კონტიგენტის მიუხედავად გაკვეთილები მაინც არასათანადო პირობებში ტარდება. ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თამარ მეარაყიშვილის ცნობით, საკლასო ოთახები ფარდებით არის გაღობილი და გაკვეთილები სხვადასხვა საგნებში ერთდროულად ტარდება.

პირველ სექტემბერს ახალგორელებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტრო რუსული სკოლიდან ქართული ენის გაკვეთილების ამოღებას აპირებს. ამის გამო, დაბაში დარჩენილმა ქართველებმა პროტესტი გამოთქვეს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახალგორის დე ფაქტო განათლების განყოფილების გამგემ სერგო ავლოხოვმა განაცხადა, რომ ცხინვალიდან სტუმრებს ელოდება და ეს საკითხი საბოლოოდ ორშაბათს გადაწყდება.

აგვისტოს ომამდე ახალგორში დაახლოებით 5000 ადამიანი ცხოვრობდა. აქედან, უმრავლესობას, ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ. დაბის სამივე სკოლა კონტინგენტით შევსებული იყო. ამჟამად, დაბაში მოსახლეობის 20 პროცენტია დარჩენილი. გაერთიანებულ სკოლაში 50-მდე ბავშვი დადის. ახალგორელი მოსწავლეების დიდი ნაწილი 15 სექტემბერს წეროვანის საჯარო სკოლაში წავა.

ოსური მედიის ცნობით, დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე 60 სკოლაში დაირეკა ზარი, სადაც 5000 მოსწავლე ისწავლის. დე ფაქტო რესპუბლიკის სკოლებში სწავლა რუსეთიდან ჩატანილი სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. იქაური განათლების განყოფილების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემა ოსური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების გამო წარმოიქმნა. ახალგორის ქართული სკოლის მოსწავლეებისთვის წიგნების შეძენა მათ მშობლებს თბილისში მოუწევთ.
XS
SM
MD
LG