Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 1 სექტემბერი 2010


”გადადებული სამთავრობო კარუსელი” - სტატიას ამ სათაურით დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა გუშინ, თავისი მნიშვნელობითა და სკანდალურობით, პრემიერის განცხადებას უნდა გადაეფარა, თუმცა ეს განცხადება ბოლო მომენტში გარკვეული სახეცვლილებითა და შერბილებული ტონით შედგა. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საზოგადოებას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის, გადაწყვეტილების შესახებ ამცნო მაშინ, როდესაც მედია სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში იყო. როგორც „რეზონანსი“ იუწყება, შეცვლის კანდიდატები, სანდრო კვიტაშვილის გარდა, არიან დევნილთა მინისტრი კობა სუბელიანი, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და კულტურის მინისტრი ნიკა რურუა. გაზეთის ვარაუდით, მოსალოდნელი ”სამთავრობო კარუსელი” ხელისუფლების კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. სტატიის თანახმად, თავისუფლების ინსტიტუტის გუნდად წოდებული ჯგუფი პრეზიდენტის ფავორიტი აღარ არის, ფავორიტების ცვლა კი დაპირისპირებას იწვევს. ” ხელისუფლებაში, ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, რამდენიმე კლანს მოიაზრებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკა რურუას წინააღმდეგ დაწყებული კამპანიაც სწორედ თავისუფლების ინსტიტუტის გუნდის ჩაძირვად განიხილება.“

სამთავრობო ცვლილებები და ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის ყოფილი მინისტრის, სანდრო კვიტაშვილის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გადასვლა დღეს გამომავალი ქართული გაზეთების წამყვან თემად რჩება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა”, მაგალითად, ინტერესდება იმითაც, თუ რა პოლიტიკური კატაკლიზმებია მოსალოდნელი შემოდგომაზე. გაზეთის რესპონდენტია პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურება არა მარტო პარტიებისა და ხელისუფლების, საზოგადოების გააქტიურებასაც გულისხმობს. გააქტიურების მთავარი საკითხი კი კონსტიტუციის ახალი პროექტი უნდა იყოს. აქვე რამაზ საყვარელიძე პოლიტიკური პარტიების მიმართ საყვედურს გამოთქვამს იმის გამო, რომ ისინი კონსტიტუციის პროექტის განხილვაში არ მონაწილეობენ:

”ოპოზიცია მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებისთვის არ არსებობს. დემოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიციური ძალები სწორედ იმისთვის არსებობენ, რომ ხელისუფლებას ღირსეული ოპონირება გაუწიონ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რაც კონსტიტუციას ეხება.“

”ხელისუფლებას სურს, თბილისი დევნილებისაგან დაცალოს”- ასეთ მოსაზრებას გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში დღეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი, გამოთქვამს. იგი გამოთქვამს იმედს, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის ირგვლივაც ოპოზიცია დაირაზმება, დევნილი მოსახლეობის უფლებების დაცვა იქნება. ცალკე რაიმეს გაკეთებას ვერავინ შეძლებს, ვერც სახალხო კრება, ვერც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ვერც ცალკეული პარტიები, - უთხრა ირაკლი ბათიაშვილმა გაზეთ ”ახალ თაობას.”
XS
SM
MD
LG