Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომით შეზღუდული თავისუფლება


Freedom House-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ანგარიში
Freedom House-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია ანგარიში
სულ ახლახან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც, 165 ქვეყნის მაგალითზე, პროფესიული კავშირებისა და მშრომელთა უფლებების მდგომარეობაა აღწერილი. ანგარიშის ავტორებმა, შრომის პირობების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების სისტემური და მასშტაბური დარღვევების მიხედვით, ქვეყნები შემდეგ ხუთ ჯგუფად დაყვეს: თავისუფალი, შედარებით თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი, რეპრესიული და მეტად რეპრესიული. ირკვევა, რომ დედამიწის თითქმის მეოთხედ ნაწილში შრომის რეპრესიული კანონმდებლობა მოქმედებს. რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნახევრად თავისუფალ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება. რას ნიშნავს ეს და როგორაა დაცული მშრომელთა უფლებები საქართველოში?

2010 წელს მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, მეთანის აფეთქების გამო, ცხრა ადამიანია დაღუპული. უკანასკნელმა უბედურმა შემთხვევამ სამი მაღაროელის სიცოცხლე შეიწირა. მასშტაბური იყო მსხვერპლი წლის დასაწყისშიც: დაიღუპა ოთხი მაღაროელი, მიზეზების დასადგენად კი სახელმწიფო კომისია შეიქმნა. კომისია, როგორც წესი, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად პოსტფაქტუმ იქმნება. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის თქმით, აღარ არსებობს არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც შრომის პირობებს შეისწავლიდა და უბედური შემთხვევის პრევენციაზე იმუშავებდა:

„არსებობდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომლის შექმნა სახელმწიფოებს შრომის საერთაშორისო ფედერაციის კონვენციით ევალებათ, მაგრამ საქართველო არ მიუერთდა შესაბამის დეკლარაციას და შრომის ინსპექცია გააუქმა, ანუ ზედამხედველი ორგანო არ არსებობს.“ - ეს ინტერვიუ რადიო თავისუფლებამ ორიოდე თვის წინ ჩაწერა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მკვეთრად გაიზარდა მშენებლობებზე უბედური შემთხვევების რიცხვი, რის მიზეზადაც შრომის სავალალო პირობები და უსაფრთხოების წესების იგნორირება დასახელდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ამ და სხვა არაერთი ფაქტორის - მათ შორის, შრომითი კანონმდებლობისა და პროფკავშირებისადმი დამოკიდებულების - გათვალისწინებით, ამბობს, რომ საქართველო სამართლიანად მოხვდა ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგში:

„ინვესტორმა ოღონდ ჩადოს ფული ამ ქვეყანაში და რაც უნდა, ის გააკეთოს, როგორც უნდა, ისე მოექცეს დასაქმებულს - ასეთია საკანონმდებლო სივრცე. გარდა ამისა, საქართველოში ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ პროფკავშირების წევრობისა და შექმნის გამო. პროფკავშირებს უკეტავენ ცენტრალიზებულ საწევრო გადარიცხვებს და ასე შემდეგ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არაა გასაკვირი, რაც წერია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში.“

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში დეტალურად არაა აღწერილი საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, მშრომელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, თუმცა ცნობილია ის ინდიკატორები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ქვეყნის რეიტინგზე. ერთ-ერთი მათგანი პროფკავშირში გაწევრიანების გამო დასაქმებულთა დევნა-შევიწროებაა, რასაც არცთუ იშვიათად აქვს ადგილი საქართველოში. პროფკავშირების გაერთიანების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის ილია ვერძაძის თქმით, მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში.

კიდევ ერთი ფაქტორი შრომის კანონმდებლობაა, რომლის შეცვლისკენ საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირის წარმომადგენლობამ. საქმე ისაა, რომ საქართველოში მოქმედ შრომის კოდექსში სათანადოდ არაა ასახული დასაქმებულთა უფლებები:

„სამსახურში მიღება-გაშვების პროცედურა არის აბსოლუტურად დარეგულირებული. დამსაქმებელს შეუძლია სამსახურიდან გაუშვას ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი მოტივით, ოღონდ მოტივი არ მიუთითოს.“

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, გოჩა ალექსანდრიამ, შრომის კოდექსის შეცვლის აუცილებლობაზე გაერთიანების უკანასკნელ ყრილობაზე ილაპარაკა. მიწვეულ სტუმართა შორის იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში შრომის კანონმდებლობის კრიტიკას ასე უპასუხა:

„გვაკრიტიკებენ ზედმეტად ლიბერალური პოლიტიკის გამო, რომ ჩვენი შრომითი კანონმდებლობა არ შეესაბამება განვითარებული ევროპის სოციალურ პოლიტიკას... რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დონემდე და მაშინ ჩვენი კანონმდებლობაც უფრო ჰარმონიული იქნება და ჩვენი კანონმდებლობა და სოციალური დაცვაც უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ამჟამად სჭირდება სერიოზული ეკონომიკური სტიმულები და თავისუფალი შრომითი ურთიერთობები ერთ-ერთი ასეთი სტიმული გახლავთ.“

ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ შრომის კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით პროფკავშირებთან ინტენსიურ დიალოგს აწარმოებენ, თუმცა თავად პროფკავშირების მესვეურები მიიჩნევენ, რომ დიალოგს ფორმალური ხასიათი აქვს და ხელისუფლება მას დროის გაყვანის მიზნით იყენებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG