Accessibility links

თვითმფრინავის სალონიდან გადაღებული ეს კადრი ჯერ ერთხელ აჩვენეს, მერე კი რამდენჯერმე გაიმეორეს საქართველოს ნაციონალურმა ტელეარხებმა. მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავის შტურვალთან ზის სპეციალური ჩაფხუტითა და კომბინეზონით. ეთერში ისმის სახმისი: Batumi tower... Runway one-three... Requesting clearance for landing...

აღფრთოვანებული საქართველოს ლიდერი თავს ოდნავ უკან ატრიალებს და თავის უკან მჯდომ აჭარის ავტონომიის მეთაურს, ლევან ვარშალომიძეს, მართვის ოპერატორების ინგლისური ენის ცოდნას უქებს. შემდეგი კადრი კი ფანტასტიკის სფეროდანაა: თვითმფრინავი (სავარაუდოდ, ამერიკული წარმოების Cessna 404) პილოტაჟის ილეთის დემონსტრირებას ახდენს და ჰაერში ტრიალდება.

როგორ? რანაირად? როდის მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა პილოტის პროფესიის დაუფლება და რომელმა ლიცენზირებულმა უწყებამ მისცა მას უფლება, მართოს თვითმფრინავის შტურვალი? დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი საავიაციო რეისის შესრულებისათვის, მით უფრო, თუკი თვითმფრინავის კაბინაში ქვეყნის პირველი პირი იმყოფება?

ერთია, როდესაც შენ გორი-თბილისის ცარიელ ტრასაზე მართავ სპორტულ ავტომობილს და მეორეა თვითმფრინავის მართვა. იმისათვის, რომ შტურვალთან ადგილი მოიპოვოს, მოყვარულმა მფრინავმა დაახლოებით 100 ფრენ-საათი მაინც უნდა შეასრულოს. დასავლეთის ქვეყნებში კი ეს ნორმატივი გაცილებით მეტია და გამონაკლისი არავისთვის არ დაიშვება. მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრეზიდენტები, რომლებსაც უყვართ ექსტრიმი და პიარი, ასეთ უფლებას არად დაგიდევენ.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი 2001 წლის 31 დეკემბერს სამხედრო თვითმფრინავით მოულოდნელად ჩაფრინდა გროზნოში, ცოტა ხნის წინ კი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავით რუსეთის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს აქრობდა. თვითმფრინავით ხშირად დაფრინავდა ლიტვის პრეზიდენტი 2003-2004 წლებში რონალდას პაკსასი, რომელიც იმდენად გაერთო ფრენაში, რომ ერთი წლის თავზე იმპიჩმენტით გადააყენეს და პოლიტიკური საქმიანობის უფლება ჩამოართვეს. თუმცა, პუტინისა და სააკაშვილისაგან განსხვავებით, პაკსასი პროფესიონალი სამხედრო მფრინავი იყო და პოლიტიკაში სწორედ ავიაციიდან მივიდა.

ვლადიმირ პუტინი და მისი კოლეგა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ბოლო ხანს ძალიან ცდილობს მიბაძოს თავის ანტიპოდს, საფრენი აპარატის შტურვალთან ჯდომას რაღაცნაირად სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ: აი, ნახეთ, ძლიერი ლიდერები ყველაფერს მართავენ, ტრაქტორით დაწყებული და თვითმფრინავით დამთავრებული, ყველაფერში სწრაფად ერკვევიან, ყველა პროფესიას სწრაფად უღებენ ალღოს - მოკლედ, მართვა, საჭე და შტურვალი მათი უზენაესი დანიშნულება, მათი ბედისწერაა.

მაგრამ რა იმალება ამ სიმბოლური გაბედულების უკან? ისევ და ისევ ვირტუალური რეალობა - სინამდვილეში, არც პუტინი და არც სააკაშვილი დამოუკიდებლად არ მართავენ თვითმფრინავს. ყველა ასეთი სიუჟეტის მომზადებისას, პირადი ოპერატორის ეშმაკობა და მონტაჟის ხელოვნება მალავს მოყვარული პრეზიდენტი პილოტის გვერდით მჯდომ მთავარ მოქმედ პირს. მათ პირველ პილოტებს ეძახიან. სწორედ ისინი წარმართავენ ფრენას, ასრულებენ პილოტაჟის რთულ ილეთებს, ახორციელებენ აფრენა-დაფრენას და მერე პირველები ტოვებენ თვითმფრინავის კაბინას, რათა ტელეკამერების წინაშე ადგილი დაუცარიელონ ქვეყნის პირველ პირებს, ვირტუალურ პირველ პილოტებს.

ვწერ ახლა ამას და გული მიგრძნობს, რომ ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვება. მიხეილ სააკაშვილი არ დასჯერდება მეორე პილოტის როლს და, პუტინის ჯიბრზე, აუცილებლად შეეცდება მარტომ, პროფესიონალი პილოტის დაუხმარებლად, რისკის ზღვარზე დასვას თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე. ნაციონალურმა ტელეკომპანიებმა უკვე დააანონსეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, იმ თვითმფრინავის შტურვალთანაც იჯდება, რომელიც პირველად დაეშვება მესტიის განახლებულ აეროდრომზე. იმედია, რომ პირადი დაცვა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება და სახელმწიფოს მეთაურს არ მისცემს უფლებას, დამოუკიდებლად განახორციელოს ასეთი სახიფათო პილოტაჟი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG