Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ერაყი კოშმარი იყო“


ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა მემუარები გამოაქვეყნა. ერაყის ომში ამერიკის მოკავშირე თავისი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და წერს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა იმ კოშმარს, რომელიც ერაყში აშშ-ის მეთაურობით ომის დაწყებას მოჰყვა. თუმცა ტონი ბლერი იმასაც წერს, ამ კოშმარის მიუხედავად, არ ვნანობ, რომ ერაყში შეჭრისას, რასაც დიქტატორ სადამ ჰუსეინის დამხობა მოჰყვა, მხარში ამოვუდექი აშშ-სო. მემუარები, სახელწოდებით „მოგზაურობა“, ბრიტანეთში უკვე ბესტსელერად იქცა. მასში ბლერი 1997-დან 2007 წლამდე პერიოდს აღწერს, მაგრამ მთავარი ინტერესი ერაყის ომში მისი ქვეყნის ჩართვასა და შემდგომ რთულ პერიოდს უკავშირდება. ბლერი, როგორც ითქვა, არაფერს ნანობს, მაგრამ ამბობს, ვერაფრით წარმოვიდგენდი იმ კოშმარს, რომელიც ერაყში შეიქმნა დასავლეთის ჯარების შეჭრის შემდეგ - რელიგიურ ნიადაგზე ძალადობას, ტერორს, მსხვერპლს სამოქალაქო და სამხედრო პირთა შორის - და არც ირანისა და ალ ყაიდის ასეთ „როლს“ მოველოდიო. ბლერი წერს, ხშირად, ნირწამხდარს, ისიც კი მიფიქრია, რომ ეს ომი შეცდომა იყოო, მაგრამ იქვე თავის მკითხველს სთხოვს, დაფიქრდეს, იქნებ მართალი ვიყავიო.

გადაწყვეტილებას, ერაყის ომში ჩართულიყო, ბრიტანეთში თავის დროზე ფართო პროტესტი მოჰყვა. აზრთა სხვადასხვაობა იყო თვით მმართველი ლეიბორისტული პარტიის შიგნითაც. ბრიტანელები ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მან მოიგონა ომში ჩართვის მიზეზი, თითქოს სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა. ძველი საარქივო ჩანაწერიდან ჩანს, რომ ბლერი, როცა აშშ-ის კონგრესს მიმართავდა, ისეთივე მგზნებარებით იცავდა ერაყში ჯარების შეყვანას, როგორითაც ახლა მემუარებში მსხვერპლზე ლაპარაკობს:

„თუ სიმართლე ჩვენს მხარესაა (რაშიც მთელი ჩემი არსებით დარწმუნებული ვარ) და არ ვიმოქმედებთ, თვალს დავხუჭავთ მმართველობისგან მომდინარე საფრთხეზე, ამას ისტორია არ გვაპატიებს.“

ასე ლაპარაკობდა ბლერი 2003 წელს. დღეს ჯერ ისტორია ცხადად ვერ გამოხატავს თავის პოზიციას. მაგრამ წელს, როცა ყოფილი პრემიერი ერაყის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა, მისი თანამოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ. მას ხალხმა იქ ნათქვამი არ აპატია და ხმამაღლა გაჰყვიროდა: „ ტონი ბლერი - ომის დამნაშავე! ტონი ბლერი - ომის დამნაშავე!“

მემუარებში ბლერი, ერაყის გარდა, საკუთრივ ბრიტანეთზეც წერს და თავის მემკვიდრე გორდონ ბრაუნის მიმართ კრიტიკულ გამოთქმებს არ იშურებს: ბრაუნის პრემიერობის პერიოდს „უბედურებას“ უწოდებს და ამბობს, გორდონ ბრაუნს, ყოფილ ფინანსთა მინისტრს, ადამიანურ დონეზე არ გააჩნდა პოლიტიკური ინსტინქტიო.

თავისი მემუარების გაყიდვიდან შემოსულ მთელ თანხას ყოფილი პრემიერი გადაურიცხვას ომის ვეტერანებს, რომლებიც რამდენჯერმე დაიჭრნენ. იუწყებიან, რომ მან წინასწარ მიიღო შვიდი მილიონი დოლარი და მოელიან, რომ ეს თანხა წიგნის გაყიდვის შემდეგ ბევრად გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG