Accessibility links

logo-print

გაერთიანებული პროფკავშირები პარლამენტის წინ მდუმარე აქციას მოაწყობს


საქართველოს პროფკავშირები პარლამენტის შენობასთან დღეს მდუმარე აქციას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსი" გაერთიანებულ პროფკავშირზე დაყრდნობით იუწყება, აქციით ერთი მხრივ პატივს მიაგებენ ტყიბულის მინდელის მაღაროში დაღუპულ მუშებს, მეორე მხრივ კი, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც, მათი აზრით, დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მათ უსაფრთხოებას არ იცავს. "წელს, 3 მარტს, როდესაც ამავე მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა, ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი გამოძიება და გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ საწარმოში შექმნილი იყო კატასტროფული პირობები, რაც ტრაგედიის განმეორებას არ გამორიცხავდა", - აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. მისივე თქმით, მაშინ მომხდარი დაბრალდა მუშებს, ადამიანებს, ვისაც მაღაროში ჩასვლა სპეცტანსაცმლის, შესაბამისი ხელსაწყოებისა და განათების გარეშე უწევს. "სახელმწიფომ აღარ უნდა დაუშვას ასე გაგრძელება, კანონი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას მაქსიმალურად უნდა იცავდეს",- ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი, რომელიც აქციის შემდეგ, პროფკავშირელ ლიდერებთან ერთად, დაშავებულ მაღაროელებს სტაციონარში მოინახულებს.

XS
SM
MD
LG