Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ერთ სოფელში წყლის ზიდვა ქალის საქმეა


გავრცელებული წარმოდგენის თანახმად, აზერბაიჯანი ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანაა. ამბობენ, რომ ამ სახელმწიფოს 20 მილიარდი სავალუტო მარაგი აქვს. იმასაც გაიგონებთ, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ცოლი და ქალიშვილები დიდ წარმატებას აღწევენ ბიზნესში. მაგრამ ვერც ოცი მილიარდისა და ვერც ქვეყნის მმართველის ოჯახის წევრთა მოხერხებულობის კვალს შენიშნავთ, თუკი ბაქოს ასიოდე კილომეტრით გასცდებით და ნახავთ, როგორ ცხოვრობს სოფელი. ჩვენი კოლეგა, აზერბაიჯანული რედაქციის კორესპონდენტი საადათ აქიფგიზი, ერთ ასეთ სოფელში, ჩელებილერში, ჩავიდა.

ჩელებილერი პატარა, მტვრიანი სოფელია შუა აზერბაიჯანში. იქაური ქალების დღე მზის ამოსვლასთან ერთად იწყება და მზის ჩასვლისას მთავრდება. დღის განმავლობაში მათ მხოლოდ მუშაობა უწევთ:

„ჯერ ველზე გავდივართ. მერე უკან ვბრუნდებით, ჭურჭელს ვიღებთ და წყლის მოსატანად შორს მივდივართ. შემდეგ სარეცხს ვრეცხავთ ხელით.“ „ეს ტანჯვააო“, ამბობს ერთი მათგანი, მეორე კი ამატებს: „აქ დასვენებაზე ვერ იფიქრებ. არც წყალია, არც გაზი. ნამდვილი სოფლური ცხოვრებაა.“

ქალებს არა აქვთ საშუალება ბავშვები დღისით საბავშვო ბაღში ატარონ. „მივაბარებდით შვილებს საბავშვო ბაღში, მაგრამ არა გვაქვს ამის საშუალება. ისე, შრომა უფრო იოლი იქნებოდა.“ „არადა“, ამბობს მეორე, „ექვს-შვიდ საათზე ვდგებით. ვისაც მეტი სამუშაო აქვს, უფრო ადრეც უწევს ადგომა.“

ქალები სევდიანად იღიმებიან, როცა ესმით შეკითხვა, გაქვთ იმის საშუალება, რომ დაისვენოთ, ტელევიზორს უყუროთო? ერთი მათგანი ამბობს, ტელევიზორი იმათთვის არის, ვისაც საქმე არა აქვს, ასეთ ქალს კი ჩელებილერში ვერ ნახავთო.
ამ სოფლის მსგავს დასახლებებში, აზერბაიჯანში, ქალებს არა მხოლოდ საოჯახო საქმიანობა და შვილების მოვლა უწევთ, არამედ კაცებივით მუშაობა, თუ მეტად არა. ქალებივე ასრულებენ ისეთ სამუშაოს, როგორიც წყლის ზიდვაა, ხშირად - არცთუ ახლო მანძილიდან. და წყალზე მიმავალ ქალებს სოფლის კაცები, ჯგუფ-ჯგუფად მსხდომი, ჩაის სმით ან დომინოს თამაშით დაკავებული, მშვიდად უყურებენ. ჩვენმა კორესპონდენტმა ჰკითხა ოჯახის მამებს, არ გაწუხებთ, ქალები რომ დაათრევენ ამ მძიმე ჭურჭელსო? არ გვაწუხებსო, ამბობენ აზერბაიჯანის სოფლის მამაკაცები, წყლის მოტანა ქალების საქმე იყო ყოველთვის, ასეთია ტრადიციაო.

„არა, წყლის მოტანა ქალის საქმეა. ჩვენს სოფელში კაცი თუ წავიდა წყალზე, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება“, გვითხრა ერთმა მათგანმა. ერთი-ორი კი გამოტყდა, რომ წყალი მასაც მიუტანია სახლში, მაგრამ ღამ-ღამობით, როცა ხალხს უკვე სძინავს.

20 მილიარდიანი სავალუტო რეზერვი ვახსენეთ. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მუდამ პირობას იძლევა, რომ ქვეყნის სიმდიდრეს პროვინციაში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოახმარს, მაგრამ ნავთობით მდიდარი ქვეყნის არაერთ არეალში დღესაც შეშას იყენებენ საწვავად. ქალები ჩივიან, რომ იმ საქმის შესასრულებლად, რასაც ქალაქში ადამიანი ერთ საათს ანდომებს, მათ დღეები სჭირდებათ. ქალებს, იმის გამო, რომ ხშირად დღის განმავლობაში ბავშვების მწყემსვა უწევთ, აღარაფრისთვის რჩებათ დრო: სკოლების რაოდენობა მცირეა, საბავშვო ბაღები არ არის. აზერბაიჯანის ცივილიზებული კანონების თანახმად, ქალი კაცის თანასწორია, მაგრამ, სინამდვილეში, გენდერული უთანასწორობა აშკარაა - განსაკუთრებით სოფლად. თუმცა არც დედაქალაქში, ბაქოშია ბევრად უკეთესი მდგომარეობა. იქ ქალების მხოლოდ მცირე რაოდენობაა წარმატებული. მათგან გამოყოფენ პრეზიდენტის ცოლს, ცნობილ იურისტს, მეჰრიბან ალიევას, რომელმაც, როგორც ამბობენ, მომავალში, როცა მის ქმარს ვადა გაუვა, შეიძლება, პრეზიდენტობაზე პრეტენზია განაცხადოს. პრეზიდენტის ქალიშვილები, არზუ და ლაილა, ოცზე ოდნავ მეტი წლის ბიზნესმენები, ასევე წარმატებულებად ითვლებიან - მათი კარიტალი 75 მილიონ დოლარს აღწევს. მაგრამ მათი სამყარო ძალიან დაშორებულია ჩელებილერს, სოფელს, სადაც ქალების საქმეა წყლის ზიდვა. და არამარტო ეს. სოფლის ქალებს დრო არა აქვთ ცხოვრების გაუმჯობესებისთვის იზრუნონ და იმაზე იფიქრონ, რომ პოლიტიკაზე გავლენა მოახდინონ. ამავე სოფლის მცხოვრები შუქუფა ჯიბრაილოვა ამბობს, რომ მათ სოფლის ადმინისტრაციულ საქმეებში ჩარევა სურთ:

„ოჯახურ საქმიანობაში იმდენად ვართ ჩაბმული, რომ დრო აღარაფრისთვის გვრჩება. რა თქმა უნდა, გვინდა სხვა საქმეც ვაკეთოთ, მაგალითად, მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებში.“

ჩელებილერელთა მსგავსი პრობლემები აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებს არ გამოჰპარვიათ. არაერთი პროექტის განხორციელებას შეეცადნენ ისინი სოფლებში. რეგიონალური განვითარების ერთი ორგანიზაციის თანამშრომელი, ლამან ბაბაიევა, ამბობს, რომ ქალებმა მაინცდამაინც დიდი ინიციატივა არ გამოიჩინეს, როცა ლაპარაკი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას შეეხო. ამ უინტერესობის გამო არაერთი პროექტი, უბრალოდ, რამდენიმე თვეში დაიხურა. განათლების საკითხიც მწვავეა. პრობლემა არა მხოლოდ ისაა, რომ სკოლები იხურება, არამედ ისიც, რომ გოგონებს გარკვეული ასაკიდან სწავლა აღარ სურთ - გათხოვებას ან მუშაობას ამჯობინებენ. მშობლები კი მუდამ დაკავებულები არიან და ვეღარ ახერხებენ შვილების სკოლაში დაბრუნებას. ჯიბრაილოვამ თქვა, ადრე ბავშვების უსაფრთხოების ქსელიც კი არსებობდა სოფელში, მაგრამ ახლა დრო შეიცვალაო:

„ადრე სკოლებში საგანგებო ჯგუფები არსებობდა. თუკი მშობლები მუშაობდნენ და არ შეეძლოთ სწავლაში დახმარებოდნენ შვილებს, ეს ჯგუფები კისრულობდნენ ამ ამოცანას. ჯგუფების ეს სისტემა აღარ მოქმედებს და წერა-კითხვის უცოდინრობაც ჰყვავის.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG