Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი: შიდაპოლიტიკური უთანხმოება საქართველოს გამო?


პროფესორი მარჩინ ზაჟეცკი
პროფესორი მარჩინ ზაჟეცკი
გასულ კვირაში პოლონეთში მოხდა შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც საქართველოს საკითხს უკავშირდებოდა: პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ანა ფოტიგამ, პროტესტი გამოთქვა იმ შეფასებების გამო, რომლებიც საქართველოს შესახებ გააკეთა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ. კერძოდ, კომოროვსკიმ გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველებს ისეთი იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ მისი, როგორიც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა ჰქონდათ. „მე არ წავალ საზღვარზე მარტო იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ასე მოისურვა. თუმცა პოლონეთი, რასაკვირველია, ვალდებულია, გადაჭრით მიემხროს ყველა ხალხის უფლებას, იყოს სუვერენული და დამოუკიდებელი. საქართველოს შემთხვევაში კი პოლონეთმა უკან არ უნდა დაიხიოს იმ პოზიციიდან, რომელიც ერთ-ერთი მთავარია: ვემხრობით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამაგიეროდ, ნამდვილად არ ჩავენაცვლებით შეერთებულ შტატებს იმ როლში, რომლის შესრულებაც, როგორც ეტყობა, მას სურს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა კომოროვსკიმ და დასძინა: ამ მხრივ, პოლონეთზე მეტისმეტად დიდ იმედებს ამყარებდნენო.

ინტერვიუს, რომელიც „ჟეჩპოსპოლიტამ“ 24 აგვისტოს ნომერში დაბეჭდა, კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ პარტიაში „სამართალი და სამართლიანობა“, რომელსაც ავიაკატასტროფაში დაღუპული ლეხ კაჩინსკის ძმა, იაროსლავ კაჩინსკი, ხელმძღვანელობს. ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი კი სწორედ ანა ფოტიგამ გადადგა: მან უარი თქვა გაეგრძელებინა მუშაობა „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მისიის ხელმძღვანელად საქართველოში - მისი განმარტებით, საქართველოს საკითხში პოლონეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისაგან განსხვავებული შეხედულებების გამო.

ანა ფოტიგას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ პოლონელ სოციოლოგსა და პოლიტოლოგს, კარდინალ შტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს მარჩინ ზაჟეცკის. პოლონელ ექსპერტს თავდაპირველად ვკითხეთ, როგორი იყო მისი რეაქცია ფოტიგას გადაწყვეტილებაზე, გაუკვირდა თუ არა მისი ნაბიჯი.

მარჩინ ზაჟეცკი: „ძნელია გაკვირვებაზე საუბარი. ეს გადაწყვეტილება იყო შედეგი იმ განცხადებებისა, რომლებსაც აკეთებდნენ პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და, რასაკვირველია, საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკიც, ისევე როგორც ბრონისლავ კომოროვსკი, ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე. ყველაფერი დაიწყო საერთაშორისო პოლიტიკის ფასეულობების შეცვლით. ფოტიგას გადადგომა იყო რეაქცია პოლონეთის ამჟამინდელი ხელისუფლების უკან დახევაზე - აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობის პოლიტიკაში აქტიურობიდან. და ანა ფოტიგამ გადაწყვეტილება მიიღო, რასაკვირველია, ამის გააზრებით. ეს არ ყოფილა სპონტანური რეაქცია, რეაქცია, რომელიც რაღაც პირად მოტივებს ეფუძნებოდა, არამედ იყო გაწონასწორებული რეაქცია, რომელიც ეფუძნებოდა ამჟამინდელი საერთაშორისო ვითარების ანალიზს და ანალიზს პოლიტიკისა, რომელიც არანაირად არ შეესაბამება ფოტიგას, საგარეო საქმეთა მინისტრობის დროინდელ, პოზიციას.“

რადიო თავისუფლება: „ამ ინტერვიუს („ჟეჩპოსპოლიტასთან“ ინტერვიუს) გამო პრეზიდენტი კომოროვსკი პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს, კრიტიკა იყო მედიაშიც. მაგრამ რატომ იყო ასეთი მკვეთრი მაინცდამაინც ფოტიგას რეაქცია - იმის გამო, რომ ის ყოფილი საგარო საქმეთა მინისტრია?

მარჩინ ზაჟეცკი: „უბრალოდ, მგონია, რომ საქმე ეხება რეაქციას იმ პოზიციის რადიკალურად შეცვლაზე, რომელსაც ფოტიგა საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს იცავდა. ანა ფოტიგა ყოველთვის იყო ის პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობის საკითხებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, რომ პოლონეთი აქტიური მოთამაშე ყოფილიყო საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე, მაშინ როცა პოლონეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა - აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობასთან მიმართებით - პასიურობის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. მაგალითად, საქართველოს რაც შეეხება: ფოტიგა თავიდანვე ემხრობოდა ძალიან მჭიდრო კონტაქტებს და საერთაშორისო ურთიერთობათა კონტექსტში საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორის, განხილვას. ის ამტკიცებდა და ახლაც ამტკიცებს, რომ ეს არის, იმავდროულად, პოლონეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი - გაზისა და ნავთობის იმპორტის საკითხი საქართველოზე ტრანზიტის მეშვეობით. მას სურდა სავაჭრო ურთიერთობის გაფართოება. მე ვიტყოდი, რომ ამბიციური გეგმები ჰქონდა როგორც პოლიტიკოსს, როგორც ლეხ კაჩინსკის პოლიტიკის გამგრძელებელს აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობის საკითხებში. ეს ძალიან მნიშვნელოვან აპსექტად მიაჩნდა პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს, განვითარებისთვის. არადა, განცხადებებმა, რომლებიც პოლონეთის ამჟამად მმართველი „სამოქალაქო პლატფორმის“ წამყვანი პოლიტიკოსების მიერ გაკეთდა, აშკარა გახადა, რომ ფოტიგას იდეებს, მის პოსტულატებს რეალიზება არ უწერია. აღმოჩნდა, რომ, თბილისში ყოფნის დროს პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ შიკორსკის განცხადებების მიუხედავად, - ლეხ კაჩინსკის პოლიტიკური კურსი გაგრძელდებაო, - ეს კურსი არ გრძელდება. ეს უფრო ხელის ჩაქნევის პოლიტიკაა.“

რადიო თავისუფლება: „რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის პოსტი, რომლიდანაც ანა ფოტიგა გადადგა პრეზიდენტ კომოროვსკის განცხადებებზე პროტესტის ნიშნად? საქართველოში „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მისიის ხელმძღვანელის პოსტი -რამდენად მნიშვნელოვანია ის?“

მარჩინ ზაჟეცკი: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია. ფოტიგა იყო საერთაშორისო ორგანიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი მისიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი. საქმე ეხება შრომის უფლებების დაცვის მეთვალყურეობას ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ - ამ ორგანიზაციაში ფოტიგას გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა შეეძლო. ის მართლაც მნიშვნელოვან, პრაქტიკულ ფუნქციას ასრულებდა, რადგან მიეკუთვნებოდა ორგანიზაციას, რომელიც საერთაშორისო მეთვალყურეობას ახორციელებს - განსხვავებით სხვა, ერთი ქვეყნის საზღვრებში მოქმედი ორგანიზაციებისაგან. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მისი გადადგომა ძალიან საყურადღებო ნაბიჯია - არის, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი სიმბოლო. და თუ ამ ჟესტს საქართველოს კონტექსტში განვიხილავთ, ფოტიგას ნაბიჯი მართლაც ძალიან სიმბოლურია! მან ხომ თავად განმარტა გადადგომის მიზეზი: მიზეზად მოიყვანა არა, ზოგადად, პოლიტიკა, რომელსაც ახალი მთავრობა ატარებს, არამედ ახალი მთავრობის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც უკავშირდება რუსეთ-საქართველოსა და პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობას.“

რადიო თავისუფლება: „როცა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იყო, ცნობილია, რომ განსხვავებები არსებობდა პრეზიდენტისა და მთავრობის პოზიციებს შორის. როგორ არის ახლა? პოლონეთს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, რომლის კანდიდატურაც მმართველმა პარტიამ - „სამოქალაქო პლატფორმამ“ - წამოაყენა.“

მარჩინ ზაჟეცკი: „პარადოქსია, მაგრამ პრეზიდენტისა და მთავრობის პოზიციებს შორის არსებული განსხვავება შესაძლებელს ხდიდა გარკვეულ კონსენსუსს, რადგან არც ერთ პარტიას არ ჰქონდა მონოპოლია გადაწყვეტილებების მიღებაზე. ეს იყო გარკვეული ინსტრუმენტი რადიკალური გადაწყვეტილებების თავიდან ასაცილებლად. ამჟამად კი შექმნილია ვითარება, როცა როგორც პრეზიდენტი, ისე პრემიერი და მთელი მთავრობა საერთო პოლიტიკურ კურსს მისდევს. ეს კურსი უკავშირდება ლიბერალურ ტრადიციებს და არის კურსი, რომელიც, აღმოსავლელ მეზობლებთან ურთიერთობის კუთხით, ძალიან თავშეკავებული იქნება, თავს აარიდებს რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ფრთხილი და პასიური იქნება. საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე პოლონეთი აღარ იქნება ისეთი აქტიური, როგორიც იყო. მაგალითად, უფრო ტოლერანტული იქნება რუსეთის მოქმედებების შეფასებისას; უფრო მეტად იქნება ორიენტირებული კონიუნქტურაზე, რაც ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკა წარიმართება არა იმდენად მკაფიო, ჩამოყალიბებული სტრატეგიით, - რადგან ასეთი რამ არ შეუმუშავებიათ, - არამედ წარიმართება მიმდინარე მოვლენების მიხედვით. ეს კი სრულიად დაუშვებელია საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას. ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკა, შესაძლოა, ერთი შეხედვით, უფრო გაწონასწორებული ჩანდეს იმ თვალსაზრისით, რომ არ იქნება დისკუსიები, დილემები და პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა საერთო პოლიტიკურ პოზიციაზე იდგებიან. მაგრამ არა მგონია, ეს გარემოება კარგი გადაწყვეტილებების მიღების პერსპექტივაზე მიუთითებდეს, რადგან გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებამდე ხშირად მივყავართ სწორედ კამათსა და კონფლიქტს და არა ასეთ ერთსულოვნებას, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნე, კონიუნქუტურული და მეტისმეტად ფრთხილი პოლიტიკა მოჰყვება.“

რადიო თავისუფლება: „გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასო. მეორე მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის წელს, ივლისში, საქართველოში სტუმრობისას, არ უხსენებია ცნება „ოკუპაცია“. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა საქართველოში, სადაც, მაგალითად, ძალიან დადებითი რეაქცია მოჰყვა „ოკუპაციის“ ხსენებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ. შიკორსკის კი სიტყვა „ოკუპაცია“ არ უხსენებია. როგორ ფიქრობთ, ეს გარემოება პოლონეთის ახალი მთავრობის ამ თავშეკავებულ, ფრთხილ პოლიტიკაზე მიუთითებს?

მარჩინ ზაჟეცკი: „რასაკვირველია! საერთაშორისო პოლიტიკაში არაფერი ხდება ისე, რომ რაიმე მიზანს არ ემსახურებოდეს.არსებითად, ყველაფერი რაღაც მიზანს ემსახურება, ყველაფერი გააზრებული და ლოგიკურად დასაბუთებულია. რადოსლავ შიკორსკისაც რაღაც მიზანი ამოძრავებს: ის ყოველთვის გამოირჩეოდა რუსეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა ჟურნალისტი იყო ავღანეთში, ავღანეთ-საბჭოთა კავშირის ომის დროს. მას ჰქონდა ძალიან მტკიცე, თანმიმდევრული პოზიცია, რომლიდანაც, როგორც ჩანს, უკან დახევას იწყებს. და ის, რომ არ მოისურვა სიტყვა “ოკუპაციის“ ხსენება, არაორაზროვნად მეტყველებს იმაზე, რომ არ სურს დაძაბულობა შეიტანოს რუსეთთან ურთიერთობაში. ჩანს ორიენტაცია ასიმეტრიულ ურთიერთობაზე: რუსეთი დიდია და არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ჩვენ კი მნიშვნელოვან ძალას არ წარმოვადგენთ საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე და ამის გამო უკან დახევა გვმართებს. მე ეს მიმაჩნია, რასაკვირველია, შეცდომად და, როგორც ზემოთაც ვთქვი, ამ მთავრობის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად: უკან დახევა იმ ნაბიჯების შემდეგ, რომელთაც წინა პრეზიდენტი ემხრობოდა და დგამდა. ამასთან, წინა პრეზიდენტის კურსს რაიმე ახალი, დახვეწილი და პროფესიული საერთაშორისო-პოლიტიკური კურსი კი არ ენაცვლება, მის ადგილს იკავებს მხოლოდ და მხოლოდ სიფრთხილე და შიში - რუსეთის შიში. მაგალითად, საერთოდ აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ პოლონეთი საქართველოს დიდი, სტრატეგიული პარტნიორი უნდა იყოს ნატოში გაწევრიანების საკითხში. ეს თემა არაპოპულარული გახდა და ჟურნალისტური განხილვის დროსაც კი სულ უფრო იშვიათად ჟღერს. არადა, ხომ პოლონეთი უნდა ყოფილიყო პარტნიორი, რომელიც ამ მხრივ წამყვან როლს შეასრულებდა? უცებ ირკვევა, რომ ახალმა მთავრობამ ხელი ჩაიქნია...“
XS
SM
MD
LG