Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელსა და პალესტინელებს სურთ, რომ კონფლიქტი ერთი წლის განმავლობაში დაასრულონ


ვაშინგტონში გუშინ ისრაელისა და პალესტინელების ლიდერები შეთანხმდნენ, შექმნან საფუძველი გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმებისთვის და მიმდინარე თვეში სამშვიდობო მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მომდევნო რაუნდი გამართონ. შემდეგი შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუსა და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შორის 14-15 სექტემბერს შედგება. შეხვედრაზე დაგეგმილია ახლოაღმოსავლეთის სამშვიდობო დარეგულირების ძირითადი პრინციპების შემუშავება. შეხვედრა, სავარაუდოდ, ეგვიპტის კურორტი შარმ ელ შეიხში შედგება. ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, ჯორჯ მიტჩელის განცხადების თანახმად, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, ნათანიაჰუმ და აბასმა განაცხადეს, რომ მზად არიან გადალახონ მტრობა და უნდობლობა და ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ერთი წლის განმავლობაში დაასრულონ. კომპრომისების მიღწევა ისეთ საკითხებშია მოსალოდნელი, როგორებიცაა პალესტინის მომავალი სახელმწიფოს საზღვრები, იერუსალიმის პოლიტიკური სტატუსი, პალესტინელი დევნილების ბედი და რეგიონის უსაფრთხოება. მიტჩელმა მომავალი ჩარჩო ხელშეკრულების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მასში პრინციპული კომპრომისები ჩაიდება. მან ასევე არ დააკონკრეტა, კონფლიქტის მოგვარების ერთწლიანი ვადა ჩარჩო-ხელშეკრულების შემუშავებას შეეხება თუ საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას.
XS
SM
MD
LG