Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 3 სექტემბერი 2010


„ხელისუფლება გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ფიქრობს“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, გამოთქმულია ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი საბაბი საკონსტიტუციო ცვლილებები, კერძოდ, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ვადა გახდეს. ”რეზონანსის” წყაროს ინფორმაციით, ვკითხულობთ სტატიაში, წყაროს,რომელიც ხელისუფლებასთან არის დაახლოებული და გასაგები მიზეზების გამო ღიად საუბარს ერიდება, „ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გაზაფხულისთვის ვარაუდობს. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების თარიღების განსაზღვრაც ამ არჩევნების შედეგების შესაბამისად მოხდება.”

ხელს აძლევს თუ არა რუსეთს ყარაბახში ახალი ომის პროვოცირება - ამ თემაზე გაზეთ ”რეზონანსში ” ექსპერტთა ერთი ნაწილის მიერ გამოთქმული აზრით, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა მოსალოდნელია, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ყარაბახის საკითხში რუსეთი არსებული სტატუს-კვოსა და, შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის შენარჩუნებას მომავალშიც შეეცდება.

”ბაღაფში-ხაჯიმბას დაპირისპირებამ შეიძლება კიტოვანი შეიწიროს” - გაზეთ ”ახალი თაობის” სტატიის თანახმად, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, შესაძლოა, დიდი დაპირისპირებით დასრულდეს და ეს დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში შედის. ოპოზიცია ბაღაფშს რუსეთის სასარგებლოდ აფხაზური ინტერესების ღალატში ადანაშაულებს, ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც აღნიშნულია ისიც, რომ გადასცემს თუ არა მოსკოვი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თენგიზ კიტოვანს, სოხუმს, ძნელად პროგნოზირებადი საკითხია. ”ახალი თაობა” აქვე , რუსულ გამოცემა ”ვზგლიადზე” დაყრდნობით, კიტოვანის აზრსაც აქვეყნებს. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, ფიქრობს, რომ რუსეთი მას აფხაზებს არ გადასცემს.

„რუსეთის საჯარო თვალთმაქცობა, ანუ რატომ დაინტერესდა პატრუშევი ცხინვალის პრობლემით“ - ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ გაზეთი ”24 საათი” კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა. მისი აზრით, აშკარად ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ცხინვალში თავისი ფულის ხარჯვა ძალიან ადარდებს:

”იმდენი დაფინანსება, რაც პატარა ცხინვალზე იხარჯება, რუსეთში თითქმის არც ერთ ქალაქს არ აქვს. ცხინვალი აშკარად ძალიან მადიანი ქალაქი აღმოჩნდა, ძალიან ბევრ რესურსს იღებს, მაშინ როცა რუსეთში პრაქტიკულად კრიზისია. ცნობილია, რომ ამ დონის ქალაქებს რუსეთში არ პატრონობენ.” პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ცხინვალში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია, მან ცოტა ხნის წინ კოკოითი დაიბარა, ახლა კი რეაბილიტაციის საკითხებში გასარკვევად პატრუშევს ცხინვალში ჩასვლა მოუხდა, რაც სერიოზული სიგნალია.
XS
SM
MD
LG