Accessibility links

ყოფილ პრეზიდენტს უფლება აქვს გახდეს პრემიერ-მინისტრი


თეა წულუკიანი, „ალიანსის“ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მრჩეველი და გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტის წევრი

თეა წულუკიანი, „ალიანსის“ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მრჩეველი და გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტის წევრი

ბერლინის საერთაშორისო კონფერენციის დეტალები დღემდე დავის საგანია. საქმე ეხება ირაკლი ალასანიას ღია წერილს, რომელიც კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის მონაწილეებს დაეგზავნათ. ალასანიას პარტია კონსტიტუციაში დამატებას ითხოვს, რომლის ძალითაც მოქმედ პრეზიდენტს აეკრძალება მისი ვადის დასრულების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში პრემიერის პოსტის დაკავება.

2 ივლისს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ვენის კომისიას გაეგზავნათ ელექტრონული წერილი, - წერილი ირაკლი ალასანიასგან პირადად, - სადაც ერთ-ერთი უმთავრესი მესიჯი იყო დამატება კონსტიტუციის სამოცდამეათე მუხლში, რომელიც ალასანიას მიერ გაგზავნილ წერილში ასე იკითხება:

„პრეზიდენტი, რომლის ვადა ამოიწურა ან ვადაზე ადრე დასრულდა, არ შეიძლება დასახელდეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად.“

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ ესმით ქართველი ხალხის წუხილი და მათთვის არ იქნებოდა გაუგებარი, თუკი კონსტიტუციაში მსგავსი ფორმულირება აღმოჩნდებოდა ...
მოგვიანებით იგივე წერილი, თარგმნილი ინგლისურად, გაეგზავნათ ბერლინში მოწყობილი კონფერენციის მონაწილეებს. კონფერენციაზე განიხილებოდა საკონსტიტუციო ჩასწორებათა საბოლოო ვარიანტი. წერილი იმეილით ირაკლი ალასანიას პარტიის გამგეობის წევრის თეა წულუკიანის მიერ იქნა გაგზავნილი. წულუკიანის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა ამ იდეას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. კონფერენციას, საკონსტიტუციო კომისიის წევრთა გარდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი ესწრებოდა. აი, რას ამბობს იგი 21 აგვისტოს „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში:

„მე ვიყავი ბერლინში კონფერენციაზე, სადაც ეს საკითხი დაისვა და ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ ესმით ქართველი ხალხის წუხილი და მათთვის არ იქნებოდა გაუგებარი, თუკი კონსტიტუციაში მსგავსი ფორმულირება აღმოჩნდებოდა. მათ თქვეს, რომ მსგავსი რამ ბევრ კონსტიტუციაში არ ხდება, მაგრამ თქვეს, რომ შესაძლებელია ეს ფაქტი რეალობაში გათვალისწინებული იყოს.“

თუმცა ბერლინის კონფერენციიდან კომისიაც და სხვა წევრებიც ამ მუხლში ცვლილების გარეშე დაბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ, ალასანიას პარტიის წევრების თქმით, ამის მიზეზი საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრთა წინააღმდეგობა იყო, შესაძლოა სხვა მიზეზებიც დასახელდეს. პირველ რიგში ის, რომ მსგავსი ჩანაწერი ევროპულ კონსტიტუციებში, უმრავლეს შემთხვევაში, არ გვხვდება. ამაზე მიუთითებდა გუშინდელ უმცირესობებთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის ჯგუფის წევრი დავით დარჩიაშვილი:

„აბსოლუტურმა უმრავლესობამ საერთაშორისო ექსპერტებისა მიუღებლად ჩათვალა კონკრეტული ადამიანისათვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა, იმიტომ რომ სხვა ამას ვერაფერი დაერქმევა, რადგანაც მთავრობას წარადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობით მოდის პარლამენტში, ესე იგი შენ ადამიანს უკრძალავ პარტიულ და პოლიტიკურ მოღვაწეობას. ასეთი რამ, როგორც პრეცედენტი, დემოკრატიულ ქვეყნებში არ არსებობს. პირიქით, თუკი ვინმეს ეშინია, რომ პიროვნებებს არ მოერგოს კონსტიტუცია, სწორედ ასეთი აკრძალვა იქნებოდა პიროვნებებზე მორგება, ოღონდ ნეგატიური კუთხით: აი, ვიღაცა არ მოგწონს და მოდი, იმ ვიღაცას არ ჰქონდეს არაფრის უფლება.“

დარჩიაშვილის არგუმენტი ასეთია: საზოგადოება ირჩევს პარლამენტს, პარლამენტი ირჩევს მთავრობას, მთავრობა - პრემიერს, ანუ პრემიერს არაპირდაპირ ხალხი ირჩევს და თუ ეს პრემიერი, დარჩიაშვილის თქმით, Y პიროვნება იქნება, მას ჩვენ ამას ვერ ავუკრძალავთო. ამ ლოგიკას იზიარებს საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილიც:

უცხოელ ექსპერტებს იქვე უთქვამთ, დასამალი არ არის, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა ხელისუფლების ხელისუფლებისთვის გადაცემაო ...
„პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კონსტიტუციაში ჩაწერით კი არ უნდა მოიპოვო, ან კი არ უნდა აკრძალო, არამედ პოლიტიკური ბრძოლის შედეგი უნდა იყოს: მოიგე არჩევნები, მოიგე ამომრჩევლის გული და გახდები პრემიერ-მინისტრი. ანუ გამარჯვებული პარტია... პარტიას ვერ აუკრძალავ დაასახელოს, გნებავთ, მიხეილ სააკაშვილი, გნებავთ, შალვა ნათელაშვილი, გნებავთ, ირაკლი ალასანია.“

ისევ ადამიანის უფლებების დარღვევაა აქცენტირებული. პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია მიხეილ სააკაშვილის უფლებაზე, გადაწყვიტოს და პრემიერად თავისი კანდიდატურა წარადგინოს. ეს ევროპულ კონსტიტუციებში დაშვებულია, რადგან ევროპაში მმართველობის ბალანსის პრობლემა დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს და საბოლოო არჩევანს იქ საზოგადოება აკეთებს. ანუ იგულისხმება, რომ საზოგადოება საკმარისად ბრძენია და მას შეუძლია აირჩიოს კანდიდატურები ვინმესთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამოურთმევლად. თუმცა რამდენად ასეთია მდგომარეობა საქართველოში? ბერლინის კონფერენციაზე, -მას შემდეგ, რაც ალასანიას წერილი შესულა, - ალასანიას პარტიის გამგეობის წევრის, თეა წულუკიანის, თქმით:

„უცხოელ ექსპერტებს იქვე უთქვამთ, დასამალი არ არის, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა ხელისუფლების ხელისუფლებისთვის გადაცემაო. ეს ნამდვილად ითქვა.“

ძნელი სათქმელია, რა არის ამის მიზეზი - საზოგადოების უუნარობა თუ ძალაუფლების უზურპირება კონკრეტული ადამიანების მიერ. თეა წულუკიანის აზრით, მიზეზი პოლიტიკური ძალაუფლების მპყრობელთა შორისაა საძიებელი. ის დღევანდელ - სპეციალურად ამ თემისადმი მიძღვნილ - კონფერენციაზე ხშირად ახსენებდა სიტყვას „რეჟიმი“. თეა წულუკიანთან პრესკონფერენციაზე - ასევე ალასანიას პარტიიდან - გიორგი ცაგარეიშვილი იმყოფებოდა, იმ ქვეყნების სიით შეიარაღებული, რომელთაც მმართველთათვის მსგავსი შეზღუდვები დაწესებული აქვთ. სიაშია: კორეა, კოსტა-რიკა, მექსიკა, პარაგვაი, ფილიპინები, ჩილე, ეგვიპტე, ანუ ქვეყნები, სადაც ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. არგუმენტი, ბუნებრივია, სრულიად მარტივია: რა მიზეზიც არ უნდა იყოს, საქართველოს სჭირდება ამ ეტაპზე დამატებითი დაცვითი ბერკეტები, რათა ძალაუფლების უზურპირება არ მოხდეს. ზღვარი აქ საზოგადოების უფლებასა და ინდივიდის უფლებას შორის რთული დასადგენია, თუმცა, თეა წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლება ამ შემთხვევაში არ ირღვევა. ჯერ ერთი, იმიტომ რომ:

„თუ ბატონ დემეტრაშვილის ლოგიკით ვიმსჯელებთ, მაშინ ადამიანის უფლების დარღვევაა ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეკრძალება მესამე ვადით იყაროს კენჭი. მაშინ გავაუქმოთ ეს მუხლიც და გავამარადიულოთ -მიხეილ სააკაშვილი იქნება ეს თუ სხვა ვინმე - საქართველოს ხელისუფლებაში.“

და მეორე - გასათვალისწინებელია ქართული კონტექსტი. წულუკიანს მიაჩნია, რომ საქართველოს რეალობა განსხვავებულია და დასავლეთისგან სესხება ამ შემთხვევაში და კონკრეტული ადამიანის უფლებაზე აპელირება აქაურ ზნეობრივ კონტექსტთან შეუსაბამოა:

„სამართლებრივ ნორმად იქცევა ნებისმიერი დებულება ხოლმე, თუკი ეს მოცემულ ქვეყანაში არ წარმოქმნის ზნეობის რაიმე პრობლემას. ჩვენი ინიციატივა არავითარ ქართულ ზნეობრივ პრინციპს არ ეწინააღმდეგება და, აქედან გამომდინარე, იგი თავისუფლად შეიძლება იქცეს კონსტიტუციურ ნორმად.“

ანუ ზნეობრივ პრინციპს არ ეწინააღმდეგება ის, რომ ადამიანი ორჯერ პრეზიდენტად ყოფნის შემდეგ არ გახდეს მესამედ პრემიერ-მინისტრი, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ევროპული ზნეობრივი შკალით, შესაძლოა ამ კონკრეტული ადამიანის უფლების დარღვევად იქნეს აღქმული.

ასეა თუ ისე, ალასანიას წერილი შედეგის მიუღწევლად დაბრუნდა თბილისში. დღევანდელი საკონსტიტუციო ჩასწორებებით, მიხეილ სააკაშვილს, დიახაც, აქვს უფლება გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
XS
SM
MD
LG