Accessibility links

logo-print
საბჭოთა პერიოდში, ბორჯომთან ერთად, მინერალურ წყალ მიტარბსაც აწარმოებდნენ. ჯანმრთელობისთვის ამ მარგებელ წყალს ასხამდნენ ამავე სახელწოდების სოფელში, რომელიც ასევე ბორჯომის ხეობაში, ზღვის დონიდან თითქმის 1500 მეტრზე, მდებარეობს. გარდა ამისა, სოფელი დიდი მიტარბი იმითაც იყო ცნობილი, რომ, ბაკურიანთან შედარებით, უფრო მოკლე გზით უკავშირდებოდა კოხტაგორის სათხილამურო ტრასას, სადაც საკავშირო მასშტაბის შეჯიბრებები იმართებოდა. სოფელი დიდ და პატარა მიტარბად იყოფა. მის ძირითად მოსახლეობას ოსები შეადგენდნენ. 92-93 წწ-ის კონფლიქტის შემდეგ კი 200-ზე მეტკომლიანი სოფელი პრაქტიკულად დაცარიელდა... ვინ ცხოვრობს ახლა ამ ოსურ სოფელში და დარჩნენ თუ არა იქ ოსები?

ბაკურიანიდან დიდ მიტარბში გადაყვანას ხანდაზმული ტაქსისტი დაგვთანხმდა. ავტომობილით გზას 10 წუთი სჭირდება. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ მძღოლს, ანზორ სანაკოევს, საკუთარი ცხოვრების გზაზე ეამბა:

პატარა მიტარბში გავიზარდე და ოსური სუფთად ვიცი. იმ არეულობის დროს ძალიან ბევრი ხალხი წავიდა, ერთეულები დარჩნენ ...
„ვიყავი ზამთრის სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანი 1996 წლამდე. მერე კომიტეტში ისეთი სიტუაცია იყო, ბიუჯეტს ფული არ ჰქონდა და წამოვედი. ჩვენს საქმეს ვეღარ ვაკეთებდი და რა აზრი ჰქონდა. ვარ საკავშირო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. აი, ამ სიბერეში მომიწია ტაქსაობამ.“

ანზორი დიდ მიტარბში თავად გვიწევს მეგზურობას.

კოხტაგორის წვერიდან აქეთ მოდის სწრაფდაშვების სათხილამურო ტრასა, იქით - ჩვეულებრივი. აქ ტარდებოდა საკავშირო პირველობები.

აღმოჩნდა, რომ დიდ მიტარბში ანზორს ნათესავები ჰყავს. ღობესთან, მათ მოლოდინში, თავად გვიყვება, რომ სოფელი 200 წელზე მეტს ითვლის და თავის დროზე საკუთარი სკოლაც ჰქონია. ახლა კი ბავშვები ძალიან ცოტანი არიან და ბაკურიანში დადიან სკოლაში. ანზორი ხუმრობს, აქ 5-10 კილომეტრის ფეხით გავლა იოლ საქმედ მიაჩნიათო.

ძახილზე უფრო სწრაფად მეზობელი გამოგვეხმაურა. 50 წლის ტანია კურტანიძე პატარა მიტარბში ცხოვრობდა, ანუ 4 კილომეტრით ცოტა ქვევით. შემდეგ ახალციხეში გათხოვდა. დაქვრივების შემდეგ დიდ მიტარბში დასახლდა და უკვე 11 წელიწადია 2 შვილთან ერთად მეურნეობას მისდევს. ბიჭებიც აქ დაუოჯახდნენ. ტანია გვეუბნება:

„ხან როგორ,ხან როგორ გვიწევს ცხოვრება. რა თქმა უნდა, სირთულეები გვხვდება, სოფელში ცხოვრება განა ადვილია? პატარა მიტარბში გავიზარდე და ოსური სუფთად ვიცი. იმ არეულობის დროს ძალიან ბევრი ხალხი წავიდა, ერთეულები დარჩნენ. აი, ის ქალი რომ მოდის, ოსია.“

ოსის ქალი ფატი ჯანგაბეგოვა აღმოჩნდა. გამოგვესაუბრა:

„3 წელიწადია მამისეულ სახლში დავსახლდი. მანადე ბორჯომში ვცხოვრობდი, ფოსტაში ვმუშაობდი, მაგრამ წამოვედი. ბაკურიანში ვმუშაობ, სასტუმროში, დამლაგებლად. ჩვენ 4 დანი ვართ. დედაჩემი და ჩემი 3 და ვლადიკავკაზში გადაცხოვრდნენ. მე დავრჩი, იმიტომ რომ აქ ვარ გათხოვილი. უკვე შვილიშვილები მყავს. აქ პატივს მცემენ. რა თქმა უნდა, დღეში 8 კილომეტრის გავლა მიწევს ფეხით, მაგრამ მე არ მიჭირს.“

ფატი სახლიდან ადრე იყო გამოსული. გზად პატარა ელიას ეკლესიაში აპირებდა შევლას. მამამისის გარდაცვალების დღე იყო და სანთელს მთხოვსო, უნდა დავანთოო.

იმათ არ ვიცნობ, ვინც აქ მაშინ ამ არეულობაში მონაწილეობდა. ისინი არ ჩანდნენ. მაგრამ წყენა უნდა მივატოვოთ, იმისათვის რომ ყველა ნორმალურად ცხოვრობდეს ...
„მამა აქედან რომ წავიდა, 3 თვის შემდეგ გარდაიცვალა. იგი მინვოდში დავასაფლავეთ. წარსულს ჯობია არ შეეხო, მაგრამ რისთვის გარდაიცვალა მამაჩემი? იგი პირველი იყო, ვინც აქედან გააძევეს. მამაჩემი არაფერში იყო დამნაშავე, თავისი სოფელი ძალიან უყვარდა, მაგრამ ადგა და უსიტყვოდ წავიდა, იმიტომ რომ ყველა მისთვის ნათესავები და ახლობლები იყვნენ, ვისთან უნდა ეჩხუბა, ჩემს შვილებთან? ამ ყველაფრის მიუხედავად, არ შემიძლია ვთქვა, რომ წყენა მაქვს გულში ჩადებული. არ ვიცი, იქნებ მე ვარ ასეთი, არ შემიძლია სხვას ბოროტება გავუკეთო.“

ახლა არიან აქ ქართველები, რომლებიც გეუბნებიან, მაშინ ცუდად მოვიქეცითო?

„ისინი ამბობენ, მაშინ ჩვენც მოგვატყუესო. ეს ის ქართველები არიან, ვისაც ვიცნობ. მაგრამ იმათ არ ვიცნობ, ვინც აქ მაშინ ამ არეულობაში მონაწილეობდა. ისინი არ ჩანდნენ. მაგრამ წყენა უნდა მივატოვოთ, იმისათვის რომ ყველა ნორმალურად ცხოვრობდეს. აგერ უკვე მე-19 წელი გადის და ხომ უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი.“

ფატიმ იქვე ახლოს მდგომ 2 სართულიან სახლზე თქვა, ჩემი დის არისო. გაყიდვას არ აპირებს. ახლობლები შეუშვა, სახლ-კარი რომ დაცარიელებული არ იყოსო.

აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ სახლის გვერდით ცხოვრობენ ანზორ სანაკოევის ნათესავები. 80 წლის ბუდუ პაპა სტუმრების დანახვაზე ცოლს ეძახის, თან ხუმრობით ეუბნება, გამოიქცეს.

დიასახლისი ოლია ხუბაევა ოსურ მისალმებაზე ოდნავ შეცბა, გვარით დაინტერესდა: ოსი ხარო? ოსურად ვპასუხობ, ქართველი ვარ-მეთქი, და მოულოდნელად ჩამეხუტა: მაინც ჩემი ხარო.

ოლი ბებომ, წამოდი, ჩემი სახლი უნდა განახვოო. სიხარულით მიყვება, რომ ახლახან ზედა 4 თვალი ოთახი გაარემონტა. დიდ მიტარბში ის ერთადერთია, ვისთანაც დამსვენებლები ჩამოდიან. ამბობს, რომ ფულის გამორთმევას არ აპირებს. მიტარბის უპირატესობაზე ჰყვება: უფრო სიწყნარეა, ვიდრე ბაკურიანში, ადგილები კი უფრო ლამაზიაო. მეურნეობაში 3 შვილიშვილი ეხმარება. ამაყობს, ისეთი კარგები მყვანან, 20 წლამდე დამითხოვდნენ, 3-ვე ქართველების რძალიაო. 90-იან წლებს რომ იხსენებს, ამბობს, რომ მას, თანასოფლელებისგან განსხვავებით, გაუმართლა. თუმცა ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებს:

ზოგი ოსად წერია, ზოგი ქართველად. მე ქართველი მიწერია. დირბში ვმუშაობდი არეულობის დროს. მე არავინ შემეხო ...
„მაშინ „ბურევესტნიკში“ ვმუშაობდი. მე და კიდევ ერთი ოსის ქალი, გაგლოითი, არაფორმალებმა დაგვაკავეს და ერთი მეკითხება, ქართველი ხარო? მოვატყუე: დიახ, სუფთა ქართველი ვარ, ზემო მაჩხაანიდან ჩამოსული-მეთქი. თავისუფალი ხარო. მე არც მეხერხებოდა კარგად ქართული, არ ვიცი როგორ გამომივიდა.“

წლების წინანდელი უაქცენტო ქართულით ნათქვამი დღემდე უკვირს ოლია ხუბაევას. შიშმა გათქმევინაო, პასუხობს ქმარი. თავად ბუდუ თედიაშვილი შეკითხვაზე, თავად როგორ გადაიტანა ის დრო, იღიმება და ამბობს, არ შემშინებიაო. ნათესავი ანზორი გვიხსნის, „თედიაშვილები არიან, ბოლო-ბოლოო“.

ბუდუ თედიაშვილი იცინის და ამბობს:

„ზოგი ოსად წერია, ზოგი ქართველად. მე ქართველი მიწერია. დირბში ვმუშაობდი არეულობის დროს. მე არავინ შემეხო.“

ახლა მოხუცების მთავარი საზრუნავი თივის და შეშის მომარაგებაა, ამბობს ბუდუ თედიაშვილი.

„ფული გვქონდეს, თორემ ვაჭარი იმდენი მოდის, რომ ყველაფრის ყიდვა შეგვიძლია. მთავარია, თივა და შეშა გვქონდეს. პენსია გვაქვს.“

ოლი ბებო კი ოსურად გვებოდიშება, რომ პატივი ვერ გვცა. გვთხოვს, მეორედაც ვესტუმროთ აუცილებლად. ამბობს, რომ არაფერი აკლია წინანდებურად, ბევრ ხალხთან ურთიერთობის გარდა.
XS
SM
MD
LG