Accessibility links

logo-print
კომედიით დაიწყო ყველაფერი: რამდენიმე კაცს მოეჩვენა, რომ სექსუალური უმცირესობები აღლუმის ჩატარებას აპირებდნენ თბილისში. არა, მოდით, სიტყვა „მოეჩვენა“ სხვა სიტყვით შევცვალოთ.

მოკლედ, რამდენიმე კაცმა გაიაზრა, რომ სექსუალური უმცირესობები აღლუმის ჩატარებას აპირებდნენ საქართველოში. „გაიაზრა“ მას შემდეგ, რაც, მაგალითად, ქართულმა ტელევიზიებმა გადასცეს ევროპის ქალაქებში მოწყობილი აღლუმის კადრები. სხვათა შორის, ეს კადრები „კურიერ პოსტსკრიპტუმშიც“ მოხვდა ჟურნალ „მეს“ გამოსვლასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა ერთი წუთი დაუთმო ახალი ჟურნალის გამოსვლის ფაქტს, სიუჟეტის დარჩენილი ნაწილი კი „აღლუმის“ სრულიად ეგზოტიკური კადრებით შეავსო. ინტერვიუც ჩართო თეო ხატიაშვილთან, რომელიც ასე გაგვაცნო: „თეო ხატიაშვილი ჰეტეროსექსუალია, მაგრამ თანაუგრძნობს უმცირესობებს“.

ამ იდიოტური და, მე თუ მკითხავ, მავნებლური სიუჟეტის ნახვის შემდეგ, მაყურებელს ჟურნალ „მე“-ზე წარმოდგენა ნამდვილად არ შეექმნებოდა. მაგრამ რაღაც გაიაზრა ეჭვიანმა ქართველმა კაცმა, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი წელია ატყუებს ხელისუფლება და მისი ტელევიზიები; რომელსაც გარდამავალ ასაკში – როცა სხეულში სისხლი ახლებურად იწყებს ჩუხჩუხს – მშობლები არ უხსნიან ჩუხჩუხის მიზეზებს; და ბოლოს, რომელმაც იცის: თუ ამ ქვეყანაში მორალზე ბევრს ილაპარაკებ, ხალხსაც „მორალურად მდგრადი“ ეგონები – ქუჩაში გაგაჩერებენ, კარგი კაცი ხარო, გეტყვიან, სუფრაზე ჯიგრულად გადღეგრძელებენ და არც მოძღვართან გექნება პრობლემები...

მოძღვარი! ჰო, მედიასაც ჰყავს თავისი მოძღვრები. ამიტომ ჟურნალი „მეს“ ანონსში ჟურნალისტი, კარგადაც რომ სცოდნოდა ეს ყველაფერი, ვერ დაიწყებდა იმის ახსნას, რომ ჰომოსექსუალიზმი (იქ, სადაც მეცნიერება კარგადაა განვითარებული), დიდი ხანია არ ითვლება არც ავადმყოფობად, არც ცოდვად, არც კანონის დარღვევად.. და, სხვათა შორის, არც „არჩევანია“, როგორც ამტკიცებენ ხოლმე ის ქართველი ლიბერალები, რომელთაც, როგორც ჩანს, ასევე რაღაც დააკლდათ მშობლებისგან „სისხლის ჩუხჩუხის“ პერიოდში.

მოკლედ, გავაერთიანოთ ეს ყველაფერი – მოწყენილობა, უსაქმურობა, საშუალო განათლების კატასტროფული დონე საქართველოში, პოლიტიკოსები, რომლებიც მუდამ იტყუებიან, მოძღვრები... შიშსა და მარტოობაში ჩავლილი „სისხლის ჩუხჩუხის“ პერიოდი და მივიღებთ ყველაფერსა და ყველაზე გაბოროტებულ კაცს, რომელმაც ტელევიზორში ნახა დასავლეთში მოწყობილი „გეი-პრაიდის“ კადრები და მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი საქართველოშიც მზადდებოდა.

კომედია სწორედ ამის მერე დაიწყო. სადღაც ითქვა, აპირებენო, და ატყდა ერთი ამბავი: მედიამ, რომელსაც, როგორც უკვე შევთანხმდით, ჰყავს თავისი მოძღვრები, ერთი თვე უტრიალა ამ თემას; „დანიშნა“ გეი-აღლუმის თარიღი, ჯერ თბილისში, მერე – ბათუმში და 26 აგვისტოს მაინც მოაწყობინა აღლუმი – „სიძულვილის აღლუმი“, რომელიც უკვე ნამდვილად აღარ იყო სასაცილო.

რა გამოდის? თუ ეს კვაზიგამონათებები, კვაზიხილვები ნორმალურია საზოგადოებაში, რომლის წევრებს საკუთარი ცხოვრებით არასდროს უცხოვრიათ, მაშინ „სიძულვილის აღლუმიც“ ნორმალური და ბუნებრივი ყოფილა?

არა, ბატონო! არც ამდენი „გავუგოთ“ ივარგებს.

იმას კიდევ გავუგებთ, სხეულის ჰიგიენის ნაცვლად, პატრიოტულ ლირიკას რომ ასწავლიდნენ „სისხლის ჩუხჩუხის“ ასაკში. მაგრამ არ მოვთხოვოთ პასუხი ამ ინსტიტუტებს, ფული და ძალაუფლება რომ აქვთ და „სიძულვილის აღლუმის“ პროვოცირებას რომ უწყობენ ხელს? თუნდაც საპატრიარქოს, რომელმაც ბათუმის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, თავად შეუწყო ხელი ჭორის გავრცელებას და რამდენიმე კაცის ხილვაზე მთელი „კონცეფცია“ ააგო; ხელისუფლებას მოუწოდა, მიეღო ზომები! არც ხელისუფლება ჩამორჩა: 26 აგვისტოს აქციაზე ბათუმელმა ჩინოვნიკებმა სახალხოდ დაიფიცეს, რომ მათ ქალაქში არ დაუშვებდნენ ასეთ აღლუმებს.

სამაგიეროდ, „სიძულვილის აღლუმი“ დაუშვეს – მუქარით, წყევლით (თანაც, სხვათა შორის, მარხვის დღეებში). არ ვიცი, რას იტყოდნენ მერე ამ ორი ძლევამოსილი ინსტიტუტის წარმომადგენლები, გაბოროტებულ მასას შემთხვევით რომელიმე ცნობილი ბათუმელი ჰომოსექსუალი რომ შეენიშნა ქუჩაში და ჩაექოლა. ან იმას რომ ჩაევლო შემთხვევით, და ამ ხალხის დანახვაზე გული გასკდომოდა...

რას იტყვიან ეს ინსტიტუტები, თუ გაირკვევა, რომ "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებული ამ კადრების დანახვაზე უამრავ ჩვენს თანამემამულეს მნიშვნელოვნად შეერყა ჯანმრთელობა – სიძულვილის ხილვამ დააავადა! ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოში უმეცრების, სიბნელისა და ზიზღის მასშტაბების კატასტროფული ზრდისთვის, თუ არა ის ინსტიტუტები, რომელთა ხელშია ძალაუფლება: ხელისუფლება, პოლიცია, ეკლესია, მედია?!

უკვე მთლად ვირტუალური, გამოგონილი რეალობის მართვა რომ გიხდებათ, ვერა გრძნობთ? მართლა „მოდელირებული“ რომ გახდა ეს ქვეყანა, ამას ვერ ხედავთ? და თქვენ თუ არა, სხვებს რატომ უნდა რცხვენოდეს ცხოვრება ქვეყანაში, რომელიც უყვარს? რატომ უნდა რცხვენოდეს, რომ უყვარს „მოდელირებული ქვეყანა“ – მთელი თავისი ინსტიტუტებით და ადამიანებით, რომელთაც უკვე მაშინ, როცა სისხლი უჩქეფთ, როცა სიყვარული და სიცოცხლე ყველაზე მეტად უნდათ, „სხეულის ჰიგიენის“ ნაცვლად, ცოცხალ არსებათა სიძულვილს ასწავლიან?..

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG