Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციისთვის ახალი სეზონი იწყება


ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 23 ივლისი 2009 წელი.
ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 23 ივლისი 2009 წელი.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალი, საშემოდგომო პოლიტიკური სეზონისთვის თადარიგის დაჭერა დაიწყეს. მომავალი კვირიდან პარტიები შემუშავებულ სტრატეგიაზე, სამოქმედო გეგმებსა და ხელისუფლებასთან ოპონირების ფორმებზე საუბარს აპირებენ. რადიო თავისუფლება რამდენიმე ოპოზიციური ძალის წარმომადგენელს ესაუბრა იმის გასარკვევად, თუ რა ტაქტიკით იწყებს პოლიტიკურ აქტივობას ესა თუ ის ოპოზიციური პარტია.

ზაფხულის პოლიტიკური არდადეგების შემდეგ ოპოზიციამ ე.წ საშემოდგომო პოლიტიკური აქტიურობისთვის მზადება დაიწყო. ახალი პოლიტიკური სეზონის გახსნას ოპოზიციის დიდი ნაწილი მომავალ კვირას აპირებს და ფიქრობს საჯაროდ განაცხადოს რა ქმედებები აქვს დაგეგმილი. როგორც დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი შენიშნავს, ოპოზიცია ახლა, ასე ვთქვათ, ქვების შეგროვებითაა დაკავებული, თუმცა ქვების სროლას ჯერ არ ჩქარობს.

სრულიად კონსტრუქციული გეგმები აქვს პარტია “ ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას. მისი გუნდი ჯერ რეგიონებში პარტიულ გააქტიურებას, შიდასტრუქტურულ ცვლილებებს, ხოლო შემდგომ საკონსტიტუციო ცვლილებებსა დ ფასების ზრდასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვას აპირებს.
კონსტრუქციულის ნაცვლად მშვიდობიანი ფორმების გამოყენებას აპირებს რესპუბლიკური პარტია - ასე ამჯობინებს თავიანთი სტრატეგიის მოხსენიებას პარტიის წევრი, თინა ხიდაშელი. მას შემდეგ, რაც მომავალ კვირაში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი პრიორიტეტებს განსაზღვრავს, პარტია სამოქმედო გეგმასაც წარმოადგენს.

”ხელისუფლება, იმის გამო, რომ ჰორიზონტზე ვერ ხედავს ვერანაირ არჩევნებს, დაუბრუნდა თავის მთავარ ინსტრუმენს, როდესაც მთავარი იარაღი მის ხელში იყო პოლიციური ძალადობა და მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ამას ვუყურებდით. დიახ, ჩვენ ვაპირებთ იმ საკრებულოების ტრიბუნის გამოყენებას, მათ შორის რეგიონებში, სადაც მოპოვებული გვაქვს ეს შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი გზა და პარტია თავის საქმიანობას გააგრძელებს თვითმმართველობების ფორმატის გარეთაც. რაც შეეხება კავშირებს და რაიმე ალიანსებს შორს მიმალვას, ამაზე ჯერ ძალინ ნაადრევია საუბარი”,- აცხადებს თინა ხიდაშელი.

ზაფხულის განმავლობაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მსჯელობით და რეგიონებში შეხვედრებით ვიყავითო დაკავებული, ამბობს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ხელისუფლებასთან ოპონირება შემდეგი მიმართულებითაა დაგეგმილი:

” დაწყებული ფასების ზრდით და დამთავრებული უსაფრთხოების საკითხებით, დემოკრატიზაციის და კონსტიტუციის საკითხებით... ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ თემებზე მსჯელობის პერიოდი დგება ე.წ. ახალი პოლიტიკური სეზონიდან და ჯეროვან ყურადღებას მივაქცევთ ამ და სხვა მიმდინარე საკითხებს.”

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში, საპარლამენტო უმრავლესობასთან გასვლით შეხვედრაზე, ოპოზიციის ნაწილს ”თვითგამოცხადებული ეროვნული სინდისი უწოდა”. ეს შეფასება იმ ოპოზიციურმა ძალებმა დაიმსახურეს, რომელთა ინიციატივითაც გასული წლის გაზაფხულზე პარლამენტის წინ საკნების რამდენიმეთვიანი აქცია მიმდინარეობდა. ამ აქციის ორგანიზატორი, ერთ-ერთი პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“, წარმომადგენელი გიორგი კობახიძე ამბობს, რომ შარშანდელი სტატიკური აქციების ნაცვლად ახალი სეზონიდან მისი, ანუ ნინო ბურჯანაძის, გუნდი მეტ ქმედებებს გეგმავს რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მისაღწევად, რისთვისაც გამოიყენებს
” ყველა დასაშვებ მშვიდობიან ფორმას, რომელიც ხელისუფლებას შეუქმნის პრობლემებს და დისკომფორტს და იმის შიშით, რომ მეტი გართულებები არ მოჰყვეს ამ ყველაფერს, დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.”

გიორგი კობახიძისვე განცხადებით, გამორიცხული არაა, საავტომობილო მაგისტრალებისა და აეროპორტების ბლოკირების ფორმასაც მიმართონ, თუმცა კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გასცდებიან.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 30 მაისს ჩატარდა, ოპოზიციამ სერიოზული მარცხი იწვნია. ახლა პოლიტოლოგი ოპოზიციას არ ურჩევს პარლამენტის წინ აქციების ფორმა აირჩიოს ხელისუფლებასთან ოპონირების საშუალებად და მეტი ინტელექტუალური რესურსის გამოყენებას სთავაზობს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG