Accessibility links

logo-print
ტოტალიტარულ სახელმწიფოებში პროფესიონალ მებრძოლებს, რომელთა მოვალეობა შეიარაღებული დამნაშავისა თუ ტერორისტულ-დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაა, არაიშვიათად ავალებენ სამშვიდობო დემონსტრაციებისა და საპროტესტო გამოსვლების დაშლას. მებრძოლები ასეთ დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ და იშვიათია შემთხვევა, როდესაც ფორმიან ადამიანს - გნებავთ, მოქალაქეს სამხედრო ფორმაში - უარი ეთქვას მისი ღირსების შემლახავი ბრძანების შესრულებაზე. მაგრამ, აი, გასულ კვირაში მოსკოვის სპეცდანიშნულების ნაწილის ორმა ოფიცერმა გადაწყვიტა დუმილი დაერღვია, რასაც რუსეთსა და მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მოსკოვის პროკურატურის გამომძიებლები ყველა ღონეს ხმარობენ, როგორმე დაადგინონ მოსკოვის მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის იმ წევრთა ვინაობა, რომლებმაც წესდება დაარღვიეს და დამოუკიდებელ მედიას ელიტურ დანაყოფში არსებული თავაშვებულობისა და დანაშულებრივი საქმიანობის შესახებ უამბეს. საუბარია მოსკოვის პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილის მეორე ბატალიონზე, რომლის ორმა წევრმა რუსულ გამოცემა „The New Times”-ს ანონიმურობის დაცვით მიაწოდა დმიტრი მედვედევისადმი გაგზავნილი წერილის ასლი და აგრეთვე ცნობები მათი უკანონო და უსულგულო ექსპლუატაციის შესახებ.

„მილიციის საგანგებო დანიშნულების ნაწილი შეიქმნა სახიფათო ამოცანების შესასრულებლად, ქალაქის მასშტაბით, - განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების შესაპყრობად და გასანადგურებლად. მაგრამ ასეთი ოპერაციები წარსულს ჩაბარდა 90-იან წლებთან ერთად. მებრძოლებისათვის ამოცანების პრიორიტეტულობა შეიცვალა. რატომ? აი, რამდენიმე მაგალითი: გასული წლის ბოლოს „ცუმის“ მახლობლად მდებარე რესტორანში დმიტრი მედვედევმა გადაწყვიტა არაფორმალური სადილი გაემართა მაღალი რანგის უცხოელი დიპლომატებისათვის. ჩვენ ის სადილი ოთხ დღედ დაგვიჯდა - სწორედ ამ ხნის მანძილზე მოგვიწია მორიგეობა რესტორანთან: ომონი - ქვემოთ, სნაიპერები - სახურავებზე. ტელევიზორით სადილი აჩვენეს, მაგრამ ჩვენი ოთხი „ურალის“ და ჩვენ კი - არა. მაშინ ჩვენ შევაჩვენეთ ის სადილი. პრეზიდენტი კი კმაყოფილია.“

მოსკოვის მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის წევრები ჰყვებიან, რომ, პრეზიდენტის სადილის დაცვის გარდა, მათ აძლევენ მებრძოლის ღირსებისათვის შეუფერებელ დავალებას. ეს არის „მოწინააღმდეგეთა მარშისა“ თუ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობის ძალის გამოყენებით დაშლა. აი, კიდევ ერთი ამონარიდი „The New Times”- იდან:

„სწორედ ჩვენი მეორე ბატალიონი შლის „მოწინააღმდეგეთა მარშებს“, „ რუსულ მარშებს“ და პენსიონერთა დემონსტრაციებს. თუკი მიტინგებზე გამოტანილი აქვთ პლაკატები, რომლებზეც აუგად არის მოხსენიებული ან შინაგან საქმეთა მინისტრი, ან მედვედევი, ან პუტინი - ასეთი პლაკატები მაშინვე უნდა დავლეწოთ. ჩვენს ბაზაზე არსებობს სპეციალური „საპატიოთა დაფა“, რომელზეც გამოსახულნი არიან ოპოზიციის ლიდერები - ლიმონოვი, კასპაროვი და კასიანოვი, ეწყობა რეგულარული კრებები, სადაც გვიყვებიან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ. ხელმძღვანელობა ყველას გვიხსნის, რომ „მოწინააღმდეგეთა მარში“, „რუსული მარშები“ და გეი-აღლუმები - ყველაფერი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ არის დაფინანსებული. გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდად არის, რომ ამერიკის სპეცსამსახურებს სურთ ჩვენი ქვეყანა დაიშალოს. ეჰ, რა უნდა ვთქვათ. ამ დღეებში მოჭადრაკე გარი კასპაროვი დავაკავეთ, დავაკავეთ ნემცოვი, რომელიც გვიყვიროდა და გვემუქრებოდა. გერმანელ ჟურნალისტს ცხვირი გავუტეხეთ. ჟურნალისტებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი მეთაურის მითითება, რომ არ მივცეთ გადაღების საშუალება. „იქნებიან ჟურნალისტები - აკურატულად მოიშორეთ“, - გვიხსნის ბატალიონის მეთაური მიტინგის წინ.“

მოსკოვის მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის (ომონის) ანონიმი მებრძოლები წერილში რამდენჯერმე აუგად მოიხსენიებენ თავიანთ პირად მეთაურს, პოლკოვნიკ ს.ევტიკოვს, რომელმაც საბრძოლო ბატალიონი უკანონო შემოსავლების წყაროდ აქცია და მათ ყოველგვარი ბინძური სამუშაოს შესრულებას ავალებს. ამონარიდი მებრძოლთა საგაზეთო აღსარებიდან:

„ბატალიონი გადააქციეს ფულის კეთების სტრუქტურად. ბატალიონის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ღიად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ოცეულმა უარი თქვა დაეშალა ადგილობრივი მცხოვრებლების მიტინგი სავაჭრო ცენტრ „მოსკოვთან“, სადაც ისინი გადავიდნენ მას შემდეგ, რაც ჩერკიზოვის ბაზარი დახურეს. საგანგებო დანიშნულების რაზმის (ომონის) შესვლა დაფინანსებული იყო. სიტყვიერ ბრძანებას გვაძლევდა ვიღაც სამოქალაქო პირი. ჩვენმა ოცმეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა ანდრეი ჩეკლანოვმა დაიწყო მაღალ ინსტანციებში რეკვა. მოვიდა ჩვენი ბატალიონის მეთაური პოლკოვნიკი ევტიკოვი, ჩამოართვა უფროს ლეიტენანტ ჩეკლანოვს პირადობის მოწმობა,“ რა ფული გამიფუჭე, სულელოო“, -უთხრა და სამსახურიდან გაათავისუფლა.“

მოსკოვის მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის წევრთა ამ აღსარებას, რომელიც გასულ კვირას „The New Times”-ში გამოქვეყნდა, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ტრადიციული რეაქცია მოჰყვა. გაზეთის რედაქციაში მივიდნენ მოსკოვის პროკურატურის გამომძიებლები, რომლებიც საქმეს ცილისწამების მუხლით იძიებენ და მოითხოვეს სტენოგრაფიული ჩანაწერი გაზეთში გასული ინტერვიუდან, სახელწოდებით „ომონის მონები“. გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ევგენია ალბაცმა უარი განაცხადა დაესახელებინა წყაროს - ომონის მებძოლების - ვინაობა, რომელთა სიცოცხლესაც, იდენტიფიცირების შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG